მწიგნობრული ისტორიები "არა კითხვის მოყვარული" ბაქოდან
“აი, წინათ, საბჭოთა დროში ბალახიც უფრო მწვანე იყო, წყალიც უფრო სველი, და ახალგაზრდობაც წიგნებს კითხულობდა – სმარტფონს კი არ უკირკიტებდა თითებით”. დაახლოებით ამგვარ საყვედურებს გაიგონებთ ხოლმე უფროსი და საშუალო თაობის აზერბაიჯანელებისგან.
თავის მხრივ, ახალგაზრდობასაც უჩნდება შეკითხვა – რამდენად შეუძლია წიგნს, თუნდაც შედევრულს, თანამედროვე ადამიანის ცხოვრებასა და აზროვნების წყობაში რაიმე შეცვალოს. რამდენად მაღალია (ან დაბალი) “კითხვის კოეფიციენტი” დღევანდელ აზერბაიჯანში – ეს სტატისტიკური კვლევის საკითხია.
ხოლო რამდენად ზემოქმედებს ლიტერატურა ტვინებზე – ამას ფსიქოლოგია ან სოციოლოგია იკვლევს.
ჩვენ კი, უბრალოდ, რამდენიმე ისტორია გვაქვს ადამიანებსა და წიგნებზე
აიდა გასანოვა და “პეპი გრძელი წინდა”
“ამ ჟღალთმინმა, საძაგელმა გოგომ მთელი სიცოცხლე გამიმწარა”, – ამბობს აიდა გასანოვა, და გულისხმობს პეპი გრძელწინდას, შვედი მწაერალი ქალის ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი ზღაპრის გმირს. არ მგონია, საჭირო იყოს იმის ახსნა, თუ რა წიგნია ეს, მაგრამ წესრიგისთვის მაინც ინებეთ ანოტაცია.
ანოტაცია:
პეპი – ჟღალთმიანი, ჭორფლიანი გოგონაა, რომელიც მარტოდმარტო ცხოვრობს ვილა “ქათამში”. მას წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა, ერთი ჩემოდანი ოქრო, უშიშარი, კეთილი ხასიათი და მდიდარი ფანტაზია აქვს. ასე რომ, მასთან არ მოიწყენ.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ პატარა აიდამ პეპი, ფაქტობრივად, თავის კერპად აირჩია, თუმცა იმ ასაკში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას ნიშნავს კერპი.
“საოცრად მომეწონა ეს გოგონა, ასეთი გულწრფელი და გაბედული, რომელიც საკუთარი წესების მიხედვით ცხოვრობს. და მეც პირწმინდად ვირწმუნე ყველაფერი, რასაც ის ამბობდა. მაგალითად, ის რომ “როდესაც გული ცხელი გაქვს და მაგრად გიცემს, შუძლებელია გაიყინო”, რომ სიკეთე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დაჭერის ცოდნა, და სხვა ასეთები. ნაწილობრივ მისი ქცევის და აზროვნების მოდელი გადმოვიღე კიდეც.
შედეგად კი, როცა გავიზარდე, არაერთხელ ვინანე ეს; რადგან რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვგვარადაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ იმის მიხვედრის შემდეგაც კი, რომ პეპის “აღთქმები” – უბრალოდ გულუბრყვილო ბოდიალი აღმოჩნდა, და რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოდგებოდა, მე მათი მაინც მჯერა”.
არზუ სულეიმანოვა და “განწირული ქალაქი”
სტუდენტების წვეულებაზე მიპატიჟებული მათი “მასწი” – ეს უკვე სახალისოა. ხოლო ის სიტუაცია, როდესაც მას თავისზე ბევრად უმცროსი ბიჭი “აბამს”, მთლად ჰოლივუდური მელოდრამის დასაწყისს ჰგავს. თუმცა, არზუ ასეთი მელოდრამის გმირად ქცევას არ აპირებდა; თანაც, ბიჭიც არ იყო ბოლომდე მისი გემოვნების შესაფერისი – ბრუტალური და ერთი შეხედვით, არც მაინცდამაინც განათლებული.
“მისგან თავი როგორმე რომ დამეხსნა, გადავწყვიტე, ჩვენს ინტელექტუალურ დონეებს შორის განსხვავებისთვის გამესვა ხაზი და დამცინავად ვკითხე: “აბა, რას კითხულობს დღეს ახალგაზრდობა?” ვკითხე და ველოდი, რომ დაახლოებით ასეთ პასუხს გამცემდა: “საერთოდ, მე კინოს უფრო ვუყურებ”. მაგრამ, ამის ნაცვლად, ბიჭმა მიპასუხა, რომ ამჯერად ძმები სტრუგაცკების “განწირულ ქალაქს” კითხულობს. გაოგნებული დავრჩი! ამ წიგნმა ხომ, ჯერ კიდევ 1993 წელს ტვინი სრულიად გადამიტრიალა! მთელი ამ ხნის განმავლობაში კი მეგონა, რომ ჩემს გარდა, მისი არსებობა არავინ იცოდა”.
ანოტაცია:
“განწირული ქალაქი” – რუსი ფანტასტების, არკადი და ბორის სტრუგაცკების რომანი, რომელიც გვიამბობს დროისა და სივრცის მიღმა არსებულ რაღაც ქალაქზე. ქალაქი დასახლებულია სხვადასხვა ეპოქიდან და ქვეყნიდან იქ მოხვედრილი ადამიანებით, რომლებიც უცნაურ ექსპერიმენტში არიან ჩართულები.
“მოკლედ, ერთ კვირაში მე და ამ ბიჭმა შეხვედრა დავიწყეთ. და შემდეგ ხშირად ვმსჯელობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთნაირი ლიტერატურული და მუსიკალური გემოვნება. ვფიქრობ, სწორედ საყვარელი წიგნების თაყვანისმცემლებს შორის შეიძლება “გონებისმიერი ძმების” აღმოჩენა.
ანარ მირზოევი და “კაპიტალი”
აზერბაიჯანელებს ასეთი ანდაზა აქვთ – “წიგნის ქურდი – ქურდი არ არის”. ალბათ ეს ისეთივე წიგნით გაუმაძღარმა ადამიანებმა მოიგონეს, როგორიც ანარ მირზოევია.
“ყოველთვის “ვპარავდი” წიგნებს მეგობრებს და ნათესავებს. ანუ, წასაკითხად მომქონდა და წინასწარ ვიცოდი, რომ მათ უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებდი. არავის არ სწყინდა – ეტყობა, ჩემი “ცოდნის წყურვილი” პატივისცემას იმსახურებდა.
მაგრამ ერთხელაც ანარმა თითქმის უცნობი ადამიანი “გაქურდა” – მოსკოვში ერთი თვით ნაქირავები ბინის დიასახლისი.
“ეს ბინა კი არა, ბიბლიოფილის ოცნება იყო. ყველა კედელზე, ჭერამდე – სულ წიგნის თაროები იყო. თავი ვერ შევიკავე და მოვიპარე ლერმონტოვის ორი ტომი, ალექსნდრ დიუმას “ცეზარი” და მარქსის “კაპიტალი”. ვერ გეტყვით, “კაპტალი” რაღაში მჭირდებოდა, მაგრამ, მგონი, ყდა მომეწონა.
იცით რა არის “კაპიტალი”? კიდევ ერთხელ მოგიწევთ მოსმენა.
ანოტაცია:
“კაპიტალი” – გერმანელი ფილოსოფოსის და ეკონომისტის კარლ მარქსის მთავარი ნაშრომია, რომელიც პოლიტიკურ ეკნომიას ეძღვნება და კაპიტალიზმის კრიტიკულ ანალიზს შეიცავს.
ლეილა ალი და “როდესაც ნიცშე ტიროდა”
რამდენიმე წლის წინათ მხატვარ-ილუსტრატორ ლეილა ალის ცხოვრებაში ის ხანგრძლივი პერიოდი დაუდგა, რომელსაც “შავ ლაქად” მოიხსენიებენ ხოლმე.
“ვითარება ისე წარიმართა, რომ რამდენიმე თვით დახშულ სივრცეში აღმოვჩნდი გამოკეტილი, თითქმის უინტერნეტოდ, ყველა ჩემი მეგობრისა და ახლობლისგან მოშორებული, უცხო ადამიანების გარემოცვაში. აწმყო თითქმის აუტანელი იყო, მომავალი კი – ბუნდოვანი და საშიში. მოკლედ, იდეალური პირობები იყო ჭკუიდან შესაშლელად”.
მაგრამ ლეილა ჭკუიდან მაინც არ შეიშალა; დიდწილად – ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ივლინ იალომის წიგნის – “როცა ნიცშე ტიროდა” – დამსახურებით, რომელიც დაქალმა გამოუგზავნა.
ანოტაცია:
რომანში “როცა ნიცშე ტიროდა” მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის ვენის ინტელექტუალური აღმავლობის ხანაში, სწორედ ფსიქოანალიზის ჩასახვის წინ. ცნობილ ექიმს იოზეფ ბრეიერგს დახმარებისთვის მიმართავს თავად “დიადი და სასტიკი” ფრიდრიხ ნიცშე. რომანის პერსონაჟები ძირითადად რეალურები არიან, ხოლო ფაქტები და გამოანგონი მჭიდროდ არის ერთმანეთში გადახლართული.
“იალომი ძალიან საინტერესოდ აღწერს ფსიქოლოგიურ მომენტებს, მკითხველს ართობს და თავფეხიანად ამ ისტორიაში ჩართვას აიძულებს – ძალიან საინტერესოა, რას ამოჩიჩქნის საბოლოოდ ფსიქიატრი და რა ხდება საერთოდ მათ თავებში. ამასობაში კი გავიწყდება ის, რაც შენ საკუთარ თავში ხდება, და დროებით მაინც ივიწყებ შენს პრობლემებს. ჩემთვის კი იმ მომენტში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.
დავუდ მელიკოვი და “სოკრატესის მოგზაურობა”
სამი წლის წინათ IT-სპეციალისტს, დავუდ მელიკოვს სულში არცთუ სახუმარო ვნებები უდუღდა. გრშემო ყველაფერი მის რისხვას იწვევდა. რასაკვირველია, უმეტესწილად ამ რისხვის შეკავება უწევდა, თუმცა დროდადრო მაინც ამოხეთქავდა ხოლმე.
“მადლობა ღმერთს, რომ აზერბაიჯანში იარაღის ტარება აკრძალულია. ჯიბეში პიტოლეტი რომ მქონოდა, გაურკვეველია, საქმე როგორ დასრულდებოდა. აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი მაცოფებდა. კლიენტები სამსახურში, ყოფითი პრობლემები, ტრანსპორტში ჭყლეტა. და თუ ვინმესთან კონფლიქტი მომდიოდა, მხოლოდ სასწაულის ძალით არ გადაიზრდებოდა ხოლმე სისხლისღვრაში”.
ასე გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე დავუდს შემთხვევით ხელში არ ჩაუვარდა ამერიკელი მწერლის, დენ მილმენის წიგნი “სოკრატესის მოგზაურობა”.
ანოტაცია:
“სოკრატესის მოგზაურობა” – ბიოგრაფიული (ან ვითომ ბიოგრაფიული) რომანია, რომელშიც მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს. მთავარი გმირი ნევის სამხედრო სასწავლებლის აღსაზრდელია, რომელიც, სიძულვილისა და შურისძიების გზის გავლით, საბოლოოდ დიდი ოსტატი და მშვიდობის რაინდი ხდება.
“წიგნი მძაფრი შინაარსისაა, დროდადრო ულმობელიც კი. მასში ხშირია ძალადობა და იმედგაცრუება, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. და თითოეული ფურცლის შემდეგ იცვლებოდა ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულება. თანდათანობით სრულიად გამოვჯანმრთელდი აგრესიისგან და საბოლოოდ გავხდი… არა, რასაკვირველია ოსტატი ვერა, მაგრამ – “დამკიდებელი” . ვერ წარმოიდგენთ, რამდენად გამიადვილდა ამის შემდეგ ცხოვრება.”
გამოქვეყნდა: 08.12.2016