ცხინვალი: კორონავირუსის აფეთქება. ახლა ყველა იმედი რუსეთზეა
ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, მათი რიცხვი უკვე ასობითაა. დაინფიცირდა პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და ბევრი სხვა მაღალჩინოსანი. ხელისუფლების თხოვნით, რუსეთმა ცხინვალში სამხედრო ჰოსპიტალი გაშალა. აფეთქების მიზეზად აქ რუსეთთან “საზღვრის” გახსნასა და ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობას მიიჩნევენ.
ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან, კორონავირუსით დაინფიცირდა 670 ადამიანი. მათგან 580 – 15 სექტემბერის, რუსეთთან “საზღვრის” გახსნის შემდეგ დაავადდა. 28 ოქტომბრისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ეპიდემიის დაწყებიდან, ექვს ადამიანს მიაღწია.
• მოსაზრება: პროტესტი ცხინვალში – დამნაშავეების დასჯა არასაკმარისია, სისტემა უნდა შეიცვალოს
• ცხინვალი: საბაჟოს გამო გამოწვეული სურსათის კრიზისი
• აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?
არაოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
აფთიაქებში, მედიკამენტებისა და თავდაცვის საშუალებების დეფიციტია – სამედიცინო ნიღბებისა და ანტისეპტიკური ხსნარების. წამლის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მაგალითად, ერთი ერთჯერადი სამედიცინო ნიღბის ფასი 25-40 რუბლს (30-50 ცენტი) შორის მერყეობს. ეს ყველაფერი რომ იშოვონ, ბევრი დახმარებისთვის ჩრდილოეთ ოსეთში მყოფ ნათესავებს მიმართავს.
კრიტიკული ვითარების გამო, პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, საიდანაც მობილური სამხედრო ჰოსპიტალი ჩამოიტანეს.
მრავალპროფილიანი სამხედრო ჰოსპიტალი სტადიონზე გაშალეს და გათვლილია 150 საწოლ ადგილზე. დაახლოებით, 150 სამხედრო მოსამსახურე დაკავდება სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობით, მათ განკარგულებაშია ხელოვნური სუნთქვის აპარატები, პაციენტების ინტენსიური დაკვირვების მონიტორები და რენტგენის აპარატები.
COVID-19 დაუდგინდა სამხრეთ ოსეთის პირველ პირებს – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის სპიკერს, მის მოადგილესა და დეპუტატებს. პირველმა კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ, პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა – მან თავი ცუდად ვლადიკავკაზიდან დაბრუნებისთანავე იგრძნო.
ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ცხინვალის რაიონში შეიქმნა.
„რაიონში, 14 დადასტურებული შემთხვევაა, ისინი ამბულატორიულ მკურნალობას გადიან, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში საკმაოდ ბევრი ადამიანი გვყავს. მათ ტესტებს უკეთებენ და ინფიცირებულთა რიცხვი, შეიძლება, ყოველდღიურად შეიცვალოს. პაციენტების მდგომარეობას ვაკვირდებით. მედპერსონალის პრობლემა გვაქვს, რადგან ექიმებით თვითონ დაავადდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვუმკლავდებით“, – განაცხადა დმენისის სამედიცინო ამბულატორიის ხელმძღვანელმა, ტატიანა თიბილოვამ.
გადავსებულია კვაისის საქალაქო საავადმყოფოც. მთავარი ექიმის, ულიანა ცხოვრებოვას თქმით, იგრძნობა სპეციალისტებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი: „მთელ საავადმყოფოში, სულ სამი ექიმია. ბევრი ავადმყოფი გვყავს, არიან საშუალო სიმძიმის, მათ საავადმყოფოში ვათავსებთ. გუშინ, ორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში გავგზავნეთ“.
რატომ არ გამოვიდა COVID-ოაზისი
სექტემბრამდე, დროულად მიღებული ზომების წყალობით, სამხრეთ ოსეთი ახერხებდა კორონავირუსის ეპიდემიის მასობრივი აფეთქების თავიდან არიდებას – რუსეთსა და საქართველოსთან დაკეტილი “საზღვრითა” და რუსეთიდან დაბრუნებული ყველა მცხოვრების ორკვირიან კარანტინში გაშვებით.
მართალია, მაშინ შემზღუდავი ზომები ყველას მიერ დადებითად არ იყო შეფასებული. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრეზიდენტსა და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გადაჭარბებული გამკაცრების გამო აკრიტიკებდა.
განსაკუთრებით მძიმე აქაური მცხოვრებლებისთვის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა იყო. ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტს უშვებდნენ.
რუსეთმა შეზღუდვები რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისთვის მიმართვის შემდეგ მოხსნა. თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, ეპიდემიის აფეთქების თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. საზღვრების გახსნის შემდეგ, ყოველდღიურად, COVID-19-ით ინფიცირების ათობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
„ჯანდაცვის სამინისტროს მოსამზადებლად დრო ჰქონდა – ნახევარი წელი ჩვენ უსაფრთხოდ ვიყავით, მაგრამ ადგილობრივმა მედიცინამ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩააგდო და არ შეუძლია ადეკვატურად ებრძოლოს ეპიდემიას. შეიძლებოდა, წინასწარ მოგვეწვია სპეციალისტები იმავე ჩრდილოეთ ოსეთიდან, რომელთაც უკვე ჰქონდათ „წითელ ზონაში“ მუშაობის გამოცდილება“, – მიაჩნია სამხრეთ ოსეთი პარლამენტის ყოფილ დეპუტატ როლანდ ქელეხსაევს.
შედეგად, პრეზიდენტი კვლავ იძულებული გახდა დახმარებისთვის რუსეთისთვის მიემართა – ამჯერად სპეციალისტებისა და სამედიცინო აღჭურვილობისათვის.
როლანდ ქელეხსაევი იმედებს რუს ექიმებზეც ამყარებს.
„რა თქმა უნდა, სიტუაცია გართულდა გზების გახსნის შემდეგ. რუსი ექიმების ჩამოსვლა და სამხედრო ჰოსპიტალის გაშლა – კარგია, რადგან ჩვენ ექიმებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ სიტუაციას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროულად მიმართა რუსეთს და მოხერხდება სიტუაციის სტაბილიზაცია“, – განუცხადა ქელეხსაევმა JAMnews-ს.
მას მიაჩნია, რომ კარანტინი უნდა გამოცხადდეს.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო