გათხოვება 14 წლის ასაკში
აზერბაიჯანის რეგიონებში თოთხმეტი წლის პატარძალი ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, დედაქალაქში კი ასეთ შემთხვევას იშვიათად გადააწყდებით. რამდენად კანონიერია ეს პრაქტიკა? რა თქმა უნდა, უკანონოა. აზერბაიჯანში მექორწინის მინიმალური ასაკი 18 წლით განისაზღვრება. გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში ასაკის ქვედა ზღვარი ერთი წლით შეიძლება შემცირდეს.
როგორ შევუშალოთ ხელი მშობლებს არასრულწლოვანი შვილების დაქორწინებაში?
ადრეული ქორწინებების ისტორიებისათვის საზოგადოებრივი გაერთიანება “თიამიზ დიუნიასთან” (სახელწოდება ითარგმნება, როგორც “სუფთა მსოფლიო”) მდებარე თავშესაფარს მივმართეთ. აქ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ იმ ქალებს, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი აღარ აქვთ.
აითიანი. არაერთგვაროვანი ისტორია
ჩვენი გმირი აითიანი 21 წლისაა. შავგვრემანია. უბრალო საშინაო ტანსაცმელი აცვია. დაძაბულია, მაგრამ საუბარზე უარს არ ამბობს. ფოტოს გადაღების უფლებასაც იძლევა, მაგრამ მოითხოვს, რომ მისი სახე არ ჩანდეს.
აითიანი აქ სულ ახლახან მოხვდა. მან ორჯერ იქორწინა. ორჯერვე უიღბლოდ. აითიანს შვილი ჰყავს.
“განჯაში ვცხოვრობდით. ოჯახში შვიდი დედმამიშვილი ვიყავით – ერთი უფროსი ძმა და ექვსი და.”
აითიანი 11 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. როდესაც ოჯახში დედინაცვალი გამოჩნდა, აითიანი საშუალო სკოლის უფროსკლასელი იყო. იგი ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში – იმ მომენტისთვის მის ძმასა და დებს უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავდათ. “დედინაცვალთან ცუდი ურთიერთობა მქონდა. ეჭვიანობდა და მამაჩემთან ნორმალურად ურთიერთობის საშუალებას არ მაძლევდა,” – ამბობს გოგონა.
როდესაც აითიანი შესაბამისი ასაკისა (16 წლის) შეიქნა, დებმა მისთვის ქმრის ძებნა დაიწყეს. “სკოლა დავამთავრე და ძალიან მინდოდა სწავლის გაგრძელება. ჩვენს ოჯახში ყველა ბავშვი კარგად სწავლობდა. მაგრამ მამამ თქვა, – რად უნდა გოგონას სწავლაო. მამაჩემს უმაღლესი განათლება არ აქვს, იგი უბრალო მუშაა,” – ამბობს აითიანი.
აითიანი “სათანადო” ბიჭს მიათხოვეს. დებმა გაიკითხ-გამოიკითხეს და დაასკვნეს, რომ მათი რჩეული მათ დას შეეფერებოდა. აითიანზე 12 წლით უფროსი იყო – იმ მომენტში 28 წლის. “ლოთი აღმოჩნდა, – იხსენებს გოგონა, – მცემდა და მაწამებდა. ჩემს ცემას მხოლოდ მაშინ წყვეტდა, როდესაც გონებას ვკარგავდი. ზოგჯერ ზამთარში ტანსაცმელს მხდიდა, ქუჩაში მაგდებდა და მთელი ღამით იქ მტოვებდა. ან მაიძულებდა, მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად ვყოფილიყავი და მისთვის ფეხების მასაჟი მეკეთებინა.”
სამ თვეში დაორსულდა. მაგრამ არც ქალიშვილის დაბადებას შეუცვლია რაიმე ოჯახში. “გოგონა დაიბადა და არა ბიჭი. ამის გამო კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, – ამბობს აითიანი; – ქმრის მშობლებიც ცუდად მექცეოდნენ. არ მიცავდნენ. როდესაც მეუღლე მცემდა, დედამთილი და მამათილი მეუბნებოდნენ, – უყურე, რა მდგომარეობაში ჩააგდე ეს უბედურიო.
როდესაც ბავშვი ერთი წლის გახდა, აითიანმა ვეღარ გაძლო და მამის სახლში დაბრუნდა. არავითარი ოფიციალური განქორწინება – აითიანს არათუ ქორწინების მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც კი არ ჰქონდა.
სწორედ ამიტომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ადრეული ქორწინებების შესახებ – ასეთ შემთხვევებს არ არეგისტრირებენ. საზოგადოებრივი გაერთიანება “სუფთა მსოფლიოს” თავმჯდომარის, მეჰრიბან ზეინალოვას თქმით, ოფიციალური რიცხვების ძიებას აზრი არ აქვს: “ადრეული ქორწინების სტატისტიკა დაბადებული ბავშვების რაოდენობით უნდა განისაზღვროს.”
ქორწინების იძულება ისჯება ჯარიმით ორიდან სამი ათასი მანათის ოდენობით, ან ორთვიანი პატიმრობით. თუკი სიძე და პატარძალი არასრულწლოვნები არიან, ჯარიმა 3-4 ათას მანათამდე იზრდება, პატიმრობა კი – 4 წლამდე.
სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს აზერბაიჯანში არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების 479 შემთხვევა აღინიშნა. იმავე წყაროს მონაცემებით, ადრეული ქორწინებების რაოდენობამ პიკს 2008 წელს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა 5544 შეადგინა. და ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, როდესაც, ნათესავების თხოვნით, 17 წლის სიძე-პატარძალს აქორწინებდნენ.
სხვა დანარჩენის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან, როგორც წესი, რეგიონებში საბუთების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვები მეტწილად მეტრიკებისა და პასპორტების გარეშე არიან, ქორწინების მოწმობად კი გულუხვი საქორწინო სუფრაც ივარგებს, რომელიც ყველა ნათესავს ემახსოვრება. საუკეთესო შემთხვევაში წყვილებს “ქიაბინის ქაღალდი” აქვთ – რელიგიური ქორწინების (ქიაბინის) მოწმობა, რომელსაც მოლა გასცემს.
ამდენად, აითიანს განქორწინება არ მოუწია. “თავიდან მამა ორ თვეს არ მელაპარაკებოდა, შემდეგ კი დამელაპარაკა, – ამბობს აითიანი ისე, თითქოს რაიმე თავისთავად ცხადზეა საუბარი, – და მაშინვე ახალი ქმრის ძებნა დაიწყო ჩემთვის.”
მეორე ქმარი ადვილად გამოინახა – დედის ბიძაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით ღობის გადაღმა ცხოვრობდა. აითიანს არც მასთან გამოუვიდა ცხოვრება. “მეზობლები ჭორაობდნენ, – გარე-გარე დადისო, – ჩემზე ამბობდნენ. მე კი სახლიდან არ გავდიოდი. ჩემი ქმრისთვის ეს მესამე ქორწინება იყო, მაგრამ მაინც მეუბნებოდა, – შენი თავი შემომაჩეჩესო. ჩემს დასთან (მხოლოდ ერთ დასთან მაქვს ურთიერთობა) დავდიოდი და ვჩიოდი, რომ ასე აღარ შემეძლო ცხოვრება, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა; მეუბნებოდნენ, რომ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი, რადგან ქორწინებაში ვიყავი და უნდა მომეთმინა.”
მაგრამ აითიანმა მაინც ვერ მოითმინა. მან ნაცნობებისგან შეიტყო, რომ დედაქალაქში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ქალებს ეხმარება; ავტობუსში ჩაჯდა და ბაქოში ჩამოვიდა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ავტობუსში იურისტი ქალი გაიცნო. ბაქოში ჩასვლისთანავე ახალმა ნაცნობმა ბინაგადინის რაიონის პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში მიიყვანა, საიდანაც აითიანი თავშესაფარში გადაიყვანეს.
აითიანს მის მდგომარეობაში მყოფ ბევრ სხვა ქალზე მეტად გაუმართლა. მან სკოლის დასრულება შეძლო და საკმაოდ ფხიზელი თვალით უყურებს ცხოვრებას. “სახლში დაბრუნება არ მინდა. ვიცი, მიმიღებენ, მაგრამ ისევ მაიძულებენ, გავთხოვდე, – ამბობს გოგონა, – მე კი არ მინდა გათხოვება. მინდა ვიმუშაო, ფული ვიშოვო და ჩემი შვილი ვარჩინო.”
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ დასრულდება ეს ისტორია. არსებული წესების მიხედვით, თავშესაფრის თანამშრომლები ქალის ოჯახსა და ნათესავებს უნდა დაუკავშირდნენ და უნდა შეეცადონ, ფსიქოლოგიური და სოციალური სამუშაო ჩაუტარონ მათ. მაგრამ საბოლო ჯამში მაინც თავად ქალი წყვეტს, როგორ მოიქცეს. ზოგჯერ ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების სამუშაოს შედეგი გამოაქვს. სოციალური მუშაკების თქმით, მათ ერთ-ერთი ქალის მეუღლესთან მოლაპარაკება შეძლეს. მამაკაცმა ფსიქოლოგის ნათქვამი ყურად იღო და ბინა იქირავა, სადაც მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად – ნათესავებთან წარმოქმნილი კონფლიქტი რომ დაესრულებინა.
თარანა. ისტორია ბედნიერი დასასრულის გარეშე
წინა გმირისგან განსხვავებით, თარანას განათლება არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაცია “აზერბაიჯან უშაღლარის” ხელმძღვანელის, ქიამალია აღაზადეს თქმით, თარანამ საერთოდ არ იცოდა წერა-კითხვა (ქიამალია ხანუმის თავშესაფარში არამხოლოდ ბავშვები, არამედ ის ქალებიც იმყოფებიან, რომლებმაც ოჯახური ძალადობა გამოიარეს). თარანა 16 წლის ასაკში გათხოვდა. მისი ქორწინება თავიდან საკმაოდ ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მალე მისი სიხარული კოშმარმა შეცვალა – მისი მეუღლე ნარკომანი გამოდგა – იგი სცემდა და ამცირებდა გოგონას.
თავშესაფრის არსებობის შესახებ გოგონამ მას შემდეგ გაიგო, რაც ტელევიზორში ქიამალია ხანუმის გამოსვლა ნახა. თავშესაფარში ის თავის ორ შვილთან ერთად მივიდა. “ბავშვები ძალიან იყვნენ დაშინებულები. ადამიანებს უფრთხოდნენ და კონტაქტზე არ მოდიოდნენ, – ამბობს ქიამალია ხანუმი. ოთხი წლის ბიჭი საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, გოგონა კი მხოლოდ ტიროდა და ყვიროდა. ჩვენმა ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა მათთან დიდი სამუშაო ჩაატარეს. ბავშვები ადეკვატურ ადამიანებად იქცნენ – უცხო ადამიანების შიში გაუქრათ და განვითარება დაიწყეს.”
თარანა რეგიონიდან ჩამოვიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა არ ჰქონდა. მეტიც, მან შვილები სახლის პირობებში გააჩინა (რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, ეს იშვიათობა არ არის), ამდენად, დაბადების მოწმობები არც ბავშვებს ჰქონდათ. “ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ბავშვების საბუთების მომზადებას ვიწყებთ ხოლმე, – ამბობს ქიამალია ხანუმი, – მაგრამ გოგონა, რატომღაც, შეგვეწინააღმდეგა. მამობის დადგენისა და პირადობის მოწმობის გაფორმების მიზნით, გადაწყვეტილი გვქონდა, სასამართლოსთვის მიგვემართა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვეცადეთ, თარანას გადარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. მან თავშესაფარში ერთი წელი გაატარა და ამ პერიოდის მანძილზე მიღწეულ ერთადერთ წარმატებად ბავშვებთან ჩატარებული სამუშაოები შეგვიძლია, მივიჩნიოთ.”
თარანა თავის ოჯახში დაბრუნდა. სკანდალები და ძალადობა გრძელდებოდა. თავშესაფრის თანამშრომლები დღემდე არ წყვეტენ კონტაქტს მასთან. საბოლოოდ იგი მაინც დაშორდა ქმარს, სამსახური მოძებნა და ბავშვების მისახედად ქალი დაიქირავა. თუმცა, განათლებასთან და საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები მაინც ღიად დარჩა.
4 კლასი
არასამთავრობო ორგანიზაცია “აზერბაიჯან უშაღლარის” თავმჯდომარე, ქიამალია აღაზადე ამბობს, რომ ხშირად უწევს ნაადრევი ქორწინებით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობა. მისი თქმით, ამ ქალების უმრავლესობა რეგიონებიდანაა. ქიამალია აღაზადე ადასტურებს, რომ, ამ შემთხვევებში, როგორც წესი, ჩნდება ქორწინებისა და ბავშვის დაბადების დოკუმენტური გაფორმების პრობლემა. ამას გარდა, განქორწინების დროს ხშირად ქალების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებიც იჩენს თავს: “განქორწინებების დროს ქალებს არ შეუძლიათ, პრეტენზია განაცხადონ ქონებაზე, ან ალიმენტებზე. ამასთან, განქორწინებები, უფრო სწორად კი გაყრები, არც ისე იშვიათი მოვლენაა.”
მაგრამ ეს იურიდიული პრობლემებია. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ქალს, თითქმის ბავშვს, ოჯახი ზურგს აქცევს იმის გამო, რომ მან მშობლები საქვეყნოდ შეარცხვინა, რადგან მეუღლის სახლიდან დაბრუნდა. ქალი მარტო რჩება, მხარდაჭერის გარეშე. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მან განათლების მიღება ვერ მოასწრო, შეიძლება ითქვას, რომ იგი ასეთ დროს ყოველგვარი პერსპექტივების გარეშეა. ასეთი ქალების უმრავლესობას ან დაწყებითი განათლება (იგულისხმება 4 წელი სკოლაში) აქვს, ან, საუკეთესო შემთხვევაში, რვა კლასი აქვს დამთავრებული.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბევრ ქალს მავნე ჩვევები უჩნდება და ზოგჯერ რომელიმე კრიმინალური დაჯგუფების წევრები ხდებიან. ქიამალია აღაზადეს თქმით, ყველაზე საზარელი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ქალმა შეიძლება საკუთარი შვილი დატოვოს და წავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინება ფაქტობრივად უკანონო იყო, ბავშვს არ აქვს საბუთები და შეუძლებელია მისი რომელიმე დაწესებულებაში გადაყვანა, ან სკოლასა თუ საბავშვო ბაღში მიყვანა.
ქიამალია ხანუმი მიიჩნევს, რომ ნაადრევ ქორწინებებთან ბრძოლის ძირითადი საშუალება განათლებაა. “სახელმწიფო სამსახურებმა გულდასმით უნდა ჩაატარონ მონიტორინგი. ასეთი ოჯახები სოციალური მუშაკებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ.”
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა სახელმწიფო კონტროლის არარსებობა როდია. “ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი გაკიცხვის არარსებობაა – ამბობს ქიამალია აღაზადე, – გაიხსენეთ, განა ცოტაა ისეთი ოჯახი, სადაც გოგონა მეტისმეტად ადრე გაათხოვეს? ბევრი ადამიანი სიამოვნებითაც კი დადის ისეთ ქორწილებში, სადაც პატარძალი 14-15 წლისაა. ჩვენი მენტალიტეტის მიხედვით, სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა დაუშვებელია.”
ზეინაბი. ისტორია კარგი დასასრულით
საბედნიეროდ, ქიამალი ხანუმის მონაცემთა ბაზაში კარგი დასასრულიანი ისტორიები ჭარბობს. მაგალითად, ასეთია ზეინაბის ისტორია. იგი 16 წლის ასაკში გათხოვდა. მეუღლის ოჯახმა გოგონა არ მიიღო. მისი ქმარი ბავშვს თავის შვილად არ აღიარებდა, რაც, სხვათა შორის, გავრცელებული პრაქტიკაა იმ შემთხვევებში, როდესაც ალიმენტების გადახდას არ აპირებენ. იძულებულნი გახდნენ, სასამართლოსთვის მიემართათ, მამობის დამდგენი ტესტი ჩაეტარებინათ და მტკიცებულებები მოეყვანათ მეზობლების ჩვენებების, საქორწინო ფოტოებისა და სადღესასწაულო ვიდეომასალის სახით. საბედნიეროდ, კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, მამაკაცს ალიმენტების გადახდა ოფიციალური ქორწინების გარეშე, მამობის დამამტკიცებელი საბუთების საფუძველზე დააკისროს.
ზეინაბმა ალიმენტები მიიღო. თავშესაფრიდან იგი კონდიტერების კურსებზე გაგზავნეს, რომელიც მან წარმატებით დაასრულა და ახლა ის ტკბილეულობის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობს.
ზულფია. ისტორია ცუდი დასასრულით
ზულფია საბირაბადში, ჩვეულებრივი მუშის ოჯახში ცხოვრობდა. მის გარდა, მშობლები კიდევ სამ შვილს ზრდიდნენ. ზულფიამ ცხრა კლასი დაასრულა, რის შემდეგაც დედას ეხმარებოდა სახლში. 17 წლის იყო, როდესაც “მოიტაცეს”. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით ქორწინების მიზნით მოტაცება დანაშაულად ითვლება, აზერბაიჯანში ამ მოვლენას სრულიად სხვა კუთხით უყურებენ – ხშირად ეს ერთგვარ “ალტერნატიულ ადათად” აღიქმება, რომელსაც ან იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ძვირადრირებული ქორწილის გადახდა არ სურთ, ან მაშინ, როდესაც წყვილის ქორწინებას მშობლები ეწინააღმდეგებიან. ზულფია “სიძეს” იცნობდა, რამაც ახალგაზრდა კაცს საფუძველი მისცა, ემტკიცებინა, რომ გოგონა წინააღმდეგი არ იყო. ზულფიას ნათესავებმა თითქოს პოლიციაც გამოიძახეს და მის დასახსნელადაც გაეშურნენ, მაგრამ გამტაცებლის ნათესავებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გოგონა გათხოვილად ჩათვალეს.
პატრიარქალური ტრადიციების მიხედვით, ქალმა უნდა “მოითმინოს ქორწინება”. ზულფიამ დიდხანს ითმინა და ორი გოგონას გაჩენაც კი მოასწრო ერთმანეთის მიყოლებით. გოგონა ქმარს მას შემდეგ უჩიოდა, რაც გათხოვდა. მისი მეუღლე ძალიან ბევრს სვამდა, ცოლს სცემდა და, რაც მთავარია, ფულს არ შოულობდა. ამიტომ, ზულფია და ბავშვები, პრაქტიკულად, შიმშილობდნენ.
საბოლოო ჯამში მან ვეღარ გაძლო და შვილებთან ერთად მშობლებთან მივიდა. მშობლებმა იგი სასტიკად გაკიცხეს. ვის სჭირდები ორი შვილით, განქორწინებულ ქალს საერთოდ ვეღარ დააქორწინებ თავიდან, ბევრს ნუ ლაპარაკობ და შენს ქმარს დაუბრუნდიო, – უთხრეს. ზულფიამ შვილები დას დაუტოვა და მტკვარში დაიხრჩო თავი.
მიზეზები და შედეგები
რა აიძულებთ მშობლებს, დააქორწინონ საკუთარი არასრულწლოვანი შვილები?
არც ისე აშკარა მიზეზთა შორის პირველია ტაბუ ქორწინებამდე სექსზე. თუკი გოგონა 14-15 წლისაა, მას ჯერ გონებაშიც კი არ გაუვლია რაიმე ცუდი. ბიჭის ოჯახი მიესალმება ასეთი გოგონას მიღებას – ცოტათი “გაზრდის” კიდეც რძალს, რათა იდეალურად მოარგოს საკუთარ საჭიროებებს. გოგონას ოჯახი კი შიშობს, რომ 20 წლის შემდეგ ქალიშვილზე მეზობლები დაიწყებენ ჭორაობას და მაშინ მისი გათხოვება გაჭირდება.
კიდევ ერთი მიზეზია ზედმეტი სარჩენი ადამიანის მოშორებისა და ქალიშვილზე პასუხისმგებლობის მოხსნის სურვილი. თუკი ქალი, ტრადიციულად, ჯერ მამის, და შემდეგ კი მეუღლის კმაყოფაზე ცხოვრობს (სხვანაირად როგორ იცხოვრებს განათლებისა და პროფესიის გარეშე?), მაშინ ქალიშვილის მამას სურს, მის კმაყოფაზე მცხოვრები ადამიანების რიცხვი შეამციროს – და თან რაც შეიძლება მალე.
კიდევ ერთი მიზეზია ხელსაყრელი გარიგების გაჩარხვა მანამ, ვიდრე სასურველ სასიძოს ან სარძლოს ვინმე სხვა დაიტაცებს.
ამდენად, ყველა მიზეზი შუა საუკუნეების არაჯანსაღ მემკვიდრეობას, გაუნათლებლობასა და პრიმიტიული “მორალის” საშუალებით ქალის დისკრიმინაციას უკავშირდება.
რაც შეეხება ასეთი ქორწინების შედეგებს ცალკე აღებული ოჯახისათვის, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ადრე დაწყებული სქესობრივი ცხოვრებისა და ნაადრევ ასაკში მშობიარობის შედეგად უჩნდებათ ხოლმე ქალებს; ან ფსიქოლოგიური პრობლემები – ძალადობა ქალის მიმართ, რომელმაც ჯერ არ იცის, როგორ დაიცვას თავი. ყველაზე დიდი საშინელება კი საზოგადოებას უკავშირდება – საუბარი არაა განქორწინებების ისეთ ისტორიებზე, როდესაც ადრეული ქორწინების მსხვერპლი იძულებულია, სახლიდან წავიდეს და საბოლოოდ მარტო რჩება. საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა ისტორიაც ადრეული ქორწინებით იწყება და სადაც ქალი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა იმას, რომ მასზე ძალადობენ და არაადამიანურად ეპყრობიან. ამის შემდეგ ეს ქალი ოჯახის ამ მოდელს (საკუთარ უმეცრებასთან, პრობლემებთან და სტერეოტიპურ აზროვნებასთან ერთად) მემკვიდრეობით გადასცემს თავის შვილებს. და ამ დროს ქალი დარწმუნებულია, რომ სწორედ ესაა ოჯახური ცხოვრების ნორმა.
გამოქვეყნდა 02.11.2016