პარაჩემპიონები
რიოში ჩატარებული პარაოლიმპიური თამაშებიდან ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლით დაბრუნდა. ზვიადი უსინათლოა და ის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია პარაძიუდოში.
ზვიადი ერთადერთი არ არის. საქართველოში სხვა პარაჩმეპიონები და პარასპორტსმენები არიან. ეს ისტორია სწორედ მათზეა.
საქართველოს მოსახლეობის 3%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს (118 651 ადამიანი – IDFI). მათი უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს. ამ სტატუსის ადამიანები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 70-100 ლარამდე პენსიას იღებენ.
120 ათასიდან 30 პარასპორტსმენია. რვა მათგანს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის წოდება აქვს. ამ რიცხვების უკან ნამდვილი ადამიანები დგანან, განსაკუთრებული ნებისყოფის, მონდომების და ენერგიის ადამიანები.
ეს არის ისტორიები პარასპორტსმენებზე, რომლებიც თავიანთი მონდომებისა და ძალისხმევის ფასად, აღწევენ არნახულ წარმატებას. ეს არის ისტორიები ადამიანებზე, ვინც წინააღმდეგობების მიუხედავად, მიზანს მიაღწია და ახლა საკუთარ თავთან ერთად სხვებს ეხმარებიან ოცნებების ახდენაში. ეს არის ისტორია ქართველ ჩემპიონებზე.
ბესო ლეკიაშვილი/პარამკლავჭიდელი
ბესო ლეკიაშვილი ყოფილი მოჭიდავეა, 1989 წელს ფეხზე ტრავმა მიიღო და სპორტი მის ცხოვრებაში დამთვარდა… ასე ეგონათ ექიმებს, ბესოს ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ყველას – ბესოს გარდა. მოუსვენარი პაციენტი გამოდგა, წოლითი რეჟიმის დაცვის მაგივრად, საწოლშივე ვარჯიშობდა და მალე ექიმების პროგნოზი “შეიძლება ვერც გაიაროს” არ გაამართლა. ფეხზე წამოდგა და ისევ სპორტს დაუბრუნდა, ოღონდ ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ამიტომ მკალვჭიდი აირჩია.
“90-იან წლებში საქართველოში სპორტსმენობა ადვილი არ იყო. არც დარბაზი მქონდა, არც სავარჯიშოები, ამიტომ ხეზე ვაკეთებდი აზიდვებს. მერე ბიჭები მომეხმარნენ ეზოში და რკინებით, მე თვითონ შევკარი სავარჯიშოები,”- იხსენებს ბესო.
ბესო მსოფლიოს ჩემპიონია პარამკლავჭიდში, მისი პირველი ჯილდო “ოქროს დათვი” კი მაშინ აიღო, როდესაც შეჯიბრებები გაყოფილი არ იყო და პარასპორტსმენები ცალკე შეჯიბრებებზე არ გამოდიოდნენ.
ნიკა თვაური/პარამოცურავე
ნიკა თვაური პირველი პარამოცურავეა საქართველოში. აუზზე სავარჯიშოდ მისულს ხელწერილი დააწერინეს, რომ ის და მისი მწვრთნელი იქნებოდნენ პასუხისმგებლები, თუ ნიკა აუზში ცურვის დროს დაიხრჩობოდა. ხელწერილი დაიწერა, მწვრთნელმაც ხელი მოაწერა, მაგრამ ამით დაბრკოლებები ნიკას ცხოვრებაში არ დასრულებულა. ხშირად უბრაზდებონენ იმისთვის, რომ ცურვის დროს სხვებს ეჯახებოდა, ან აუზიდან ამოსული ვინმეს ხელს გაკრავდა : “არ მიჯერბდნენ, რომ უსინათლო ვიყავი და ვცურავდი. ვერ ხვდებოდნენ, თუ უსინათლო ვიყავი როგორ ვცურავდი და თუ ვცურავდი, მაშინ როგორ ვიყავი უსინათლო.
ბავშვობაში ხელში აფეთქებული ყუმბარის გამო ნიკამ მარჯვენა ხელის მტევანი და მხედველობა დაკარგა. უამრავი ოპერაცია გადაიტანა და როდესაც 3-4 წლიანი ოპერაციების ციკლი დასრულდა, გადაწყვიტა, რომ სახლში ჯდომას ყველაფერი აჯობებდა. მან ბევრი რამ სცადა და ბოლოს პროფესიონალ მოცურავედ იქცა.
დათო ქობალია/პარამწოლჭიდელი
დათო ქობალია კარდიოქირურგია, ადამიანების გულები უჭირავს ხელში და მათ განკურნებას ცდილობს. ექიმებს და საავამდყოფოებს დათო დიდი ხანია მიეჩვია. ბავშვობაში პოლიომელიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, ექიმები ოჯახს დათოს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ მომავალი ქირურგი და სპორტსმენი ძლიერი აღმოჩნდა. ახლა ის კარდიოლოგიცაა და პარამწოლჭიდელიც.
დათო 2013 წელს პირველად გავიდა საერთაშორისო შეჯიბრებაზე. თვლის, რომ მაშინ დიდი გამოცდილება მიიღო და დამწყები სპორტსმენისთვის საკმაო წარმატებას მიაღწია. მისი ოცნება გამარჯვებულის კვარცხლბეკზე საქართველოს დროში ატანაა, რისთვისაც ყოველდღეს ვარჯიშობს და ცდილობს თავისი შედეგი გააუმჯობესოს
თემო არაბიძე/პარამოცეკვავე
თემო არაბიძე პარამოცეკვავეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თემო კომაში იყო, გადარჩენის ძალიან დაბალი შანსით, მაგრამ თემო გადარჩა და რამდენიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩვეულ ცოხვრებას დაუბრუნდა. ერთი გამონაკლისით- თემომ ახალი ნიჭი აღამოაჩინა, მიხვდა, რომ ცეკვა შეუძლია.
პირველად ეტლში იცეკვა და მოეწონა, მას შედმეგ თემოს მთავარი საქმიანობა ცეკვაა. ახლა ის პარტნიორს ეძებს, რომ მასთან ერთად ივარჯიშოს და მომავალი პარაოლიმპიადისთვის მოემზადოს.
გამოქვეყნებულია: 28.09.2016
სტატია მომზადდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტური მედიის კლასის ფარგლებში