ყარაბაღის კონფლიქტი: შეხვდებიან თუ არა ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში
19 ოქტომბრის საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ მზად არიან მოსკოვში, მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ.
ამის შესახებ, მათ რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან პარალელური ინტერვიუსას განაცხადეს.
ნიკოლ ფაშინიანი:
„კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. მზად ვარ ყველა საჭირო ძალისხმევა გავწიო, რათა ასეთ შედეგს მივაღწიოთ, მათ შორის, წავიდე, შევხვდე, დაველაპარაკო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სომხური მხარისთვის მთიანი ყარაბაღის სტატუსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
„ეს არის სომხეთის ოფიციალური პოზიცია ნებისმიერ დროს: ჩვენთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებას“.
ილჰამ ალიევი:
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შეხვედრისთვის მოსკოვშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას, რათა დავასრულოთ დაპირისპირება და გამოვნახოთ დარეგულირების გზები.
ჩვენც გვინდა მშვიდობა, მაგრამ სომხეთისგან განსხვავებით, ასევე გვინდა ტერიტორიები, რომლებიც სამართლებრივად ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ალიევმა.
2020 წლის 19 ოქტომბერი – უკვე 23-ე დღეა, ყარაბაღსა და მის მიმდებარე აზერბაიჯანულ რაიონებში, რომელსაც 1990-იანი წლების დასაწყისის ომიდან მოყოლებული ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მხარეებმა ორჯერ დადეს ზავი, 10 და 18 ოქტომბერს, მაგრამ ორივეჯერ ის მაშინვე დაირღვა, მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
რა მოხდა 19 ოქტომბერს – მოვლენების მიმოხილვა ყველა მხრიდან
• ყარაბაღი და „მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ“ – მოსაზრება ბაქოდან შვიდი რაიონის შესახებ
• რატომ მიმდინარეობს ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან არიდება – ფაშინიანის პასუხები
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების ადგილის შესახებ
• ღამიდან მოყოლებული, საბრძოლო ოპერაციები გაგრძელდა აღდერე-აღდამის, ფუზული-გარდუთი-ჯებრაილის მიმართულებებით, ასევე, მდინარე არაქსის გასწვრივ.
• სომხეთის შეიარაღებული ძალები ბომბავდნენ აზერბაიჯანის გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს:
• „მოწინააღმდეგე იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმტყორცნებსა და ქვემეხებს, აზერბაიჯანის ჯარები აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას ფრონტის მთელ სიგრძეზე“.
• „ოკუპირებული ქალბაჯარის რაიონიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები 82 და 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი იარაღით ბომბავს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს გოიგოლის რაიონში“.
• ახალი ესკალაცია სომხეთის საზღვარზე. სომხეთიდან, ბარდისა და ვარდენსის რაიონებიდან, მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით იბომბებოდა აზერბაიჯანის არმიის პოზიციები თოვუზისა და დაშქესანის რაიონებში.
კონტროლი დავამყარეთ კიდევ 13 სოფელზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჩამოთვალა ჯებრაილის რაიონის ის სოფლები, რომელიც აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშ გადავიდა: სოლთანლი, ამირვარლი, მაშანლი, ჰასანლი, ალიქეიჰანლი, გუმლაგი, ჰაჯილი, გოიერჩინვეისალი, ნიაზგულარი, ქეჩალ მამედლი, შაჰველი, ჰაჯი ისმაილი, ისაღლი.
საფრთხე ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენისთვის
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, რაკეტები ბაქო-ნოვოროსიისკის სტრატეგიული ნავთობსადენიდან 250 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
ხანძარი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ქალაქ ტერტერში
დღის მეორე ნახევარში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტერტერში, ბამბის გადამამუშავებელ საწარმოში. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის, ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ლიკვიდირებული, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობას შორის
განახლებული მონაცემები აზერბაიჯანის მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგების შესახებ. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, 27 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 61 მშვიდობიანი მოსახლე, 282 ადამიანი კი დაიჭრა.
ინფორმაცია ერევნიდან და სტეპანაკერტიდან
ინფორმაცია ბრძოლების შესახებ
19 სექტემბრის დილა დაიწყო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იმის შესახებ, რომ „ჰუმანიტარული მიზნებისთვის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მოწინააღმდეგის ძალებმა განაახლეს დაბომბვა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით“.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია სამხრეთ მიმართულებით მძიმე ბრძოლების შესახებ და განაცხადა, რომ „სომხური ქვედანაყოფები მტერს ანადგურებს“.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ „სიცრუე“ უწოდა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებას, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენზე თავდასხმის მცდელობის შესახებ.
ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოკლული სომეხი ტყვის ფოტოსურათის შესახებ
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავი მოჰკვეთეს სომეხ მებრძოლს.
მისი განცხადებით, 16 ოქტომბერს, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცმა სომეხი მებრძოლის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ ის მათთან იყო, თავი მოჰკვეთეს და ამ ფოტოსურათის ინტერნეტში გამოქვეყნებას გეგმავდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, ეს ფოტოსურათი მოკლულის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა.
„მოკლულის ძმა ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით აზერბაიჯანელ სამხედროებს, რომლებიც ჯგუფურად დასცინოდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ. ზარები აწ გარდაცვლილის ტელეფონის ნომრიდან განხორციელდა. ეს არის სასტიკი და ბარბაროსული, ღიად ტერორისტული მეთოდები“, – წერს ომბუდსმენი.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ბოლო დღეებში ქვეყნდება სომეხი ტყვე ჯარისკაცების დაცინვისა და დახვრეტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამასთან დაკავშირებით, სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, განაცხადა სტრასბურგის სასამართლოში სომხეთის წარმომადგენელმა, ეგიშე კირაკოსიანმა.
ჩამოყალიბდა ქალთა რაზმი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, ყარაბაღის დაცვაში მონაწილეობის მისაღებად, ქალთა რაზმი ჩამოყალიბდა:
„უკვე ასი ადამიანი ჩაეწერა, უამრავი განაცხადია“.
საპროტესტო აქცია ერევანში
ქალებმა მთიანი ყარაბაღიდან, თავის შვილებთან ერთად, მშვიდობიანი აქცია გამართეს ერევანში, გაეროს ოფისის წინ. ისინი ითხოვენ, რომ გაეროს ოფისის წარმომადგენლები ყარაბაღში გაემგზავრონ და საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება იქ.
„ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ ყველა ფაქტი, რომელიც ამტკიცებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ტერორისტების არაადამიანურ ქმედებებს. მზად ვარ, ისინი ჰადრუთსა და მარტუნში ჩავიყვანო. ყოველდღიურად, მე და ჩემ შვილებს, ჭურვების აფეთქების ხმა გვაღვიძებს. მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, სირანუშ სარგსიანმა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს – „აღიარეთ არცახი“, „საკმარისია დუმილი“, „შეაჩერეთ თურქეთი“.
აქცია ერევანში, 2020 წლის 19 ოქტომბერი. მთიანი ყარაბაღელი ქალები თავიანთ შვილებთან ერთად გაეროს ადგილობრივი ოფისის წინ. ისინი ითხოვენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყარაბაღში გაემგზავრონ და საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება იქ. ფოტო: JAMnews
„მთიან ყარაბაღზე თავდასხმისკენ ბაქოს ანკარამ უბიძგა“ – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება
იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღზე თავდასხმისკენ ბაქოს ანკარამ უბიძგა.
„ეს კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე არ დაიწყებოდა. შეტევაში მონაწილეობას იღებს თურქული ჯარებიც. აზერბაიჯანი მათ მიერ სირიიდან ჩამოყვანილ ჯიჰადისტ-მებრძოლებს იყენებს“.
„თურქებს სომეხი ხალხის კიდევ ერთი გენოციდი სურთ. მე საკუთარ თავსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ვეკითხები: რომელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი ამ ტერორისტებთან? ჩვენ თავს გვესხმიან, ვალდებული ვართ თავი დავიცვათ, როგორც ნებისმიერმა ერმა, რომელსაც განადგურება ემუქრება“.
ფაშინიანის თქმით, სომხურ მხარეს აქვს ყარაბაღში, დაქირავებული მებრძოლების გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია რუსეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ.
ყარაბაღის აღიარების მოთხოვნა „გადარჩენის სახელით“
სომხური მხარე, მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, „აღიაროს ყარაბაღი გადარჩენის გულისთვის“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა:
„პრინციპი „გამოყოფა გადარჩენის სახელით“ – ეს არის ხალხის თვითგამორკვევის პრინციპის თანამედროვე გამოვლინება (…) როდესაც დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან გენოციდის რისკი არსებობს“.
პრინციპი „გამოყოფა გადარჩენის სახელით“ ასევე არ უშვებს, რომ ტერიტორია შედიოდეს სახელმწიფოს შემადგენლობაში, თუკი ასეთი შედეგების საფრთხე არსებობს, დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სომხეთის წარმომადგენელმა, ეგიშე კირაკოსიანმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ „არცახის აზერბაიჯანისგან ჩამოშორება დიდი ხნის წინ მოხდა (სსრკ-ის დანგრევისას)“ და გაიხსენა, რომ „მთიანი ყარაბაღი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი“.