ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 17-20 ოქტომბერი
-
ყარაბაღი: 20 ოქტომბრის მოვლენები, შეტაკებების სამი კვირა
ღამით და მთელი 20 ოქტომბრის განმავლობაში, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის სასტიკი შეტაკებები, რამდენიმე მიმართულებით გრძელდებოდა.
-
რა მოხდა 19 ოქტომბერს – მოვლენების მიმოხილვა ყველა მხრიდან
19 ოქტომბრის საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ მზად არიან მოსკოვში, მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ.
ამის შესახებ, მათ რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან პარალელური ინტერვიუსას განაცხადეს.
• რა მოხდა 19 ოქტომბერს – მოვლენების მიმოხილვა ყველა მხრიდან
-
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ზავი ძალაში, ადგილობრივი დროით 18 ოქტომბერს, 00:00 საათზე შევა:«ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების 1 ოქტომბრის განცხადების, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 ოქტომბრის განცხადებისა და 10 ოქტომბერს, მოსკოვში გაკეთებული ერთობლივი განცხადების გაგრძელებად», – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. -
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხალხს მიმართა. მთავარი თეზისები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხალხს მიმართა.
გამოსვლის მთავარი თეზისები:
• სომხეთის ფაშისტურმა ხელმძღვანელობამ მორიგი დანაშაული ჩაიდინა აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
• ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ომის დანაშაულია და სომხეთის ხელისუფლება პასუხს აგებს ამ ქმედებისთვის.
• ჩვენ მათ ბრძოლის ველზე ვუპასუხებთ, აზერბაიჯანი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს.
• თუკი სომხეთის შეიარღებული ძალები საკუთარი ნებით არ დატოვებს ჩვენ ტერიტორიას, მაშინ ძალით გავაძევებთ.
• საიდან აქვს ამდენი იარაღი სომხეთს? ეს ბანკროტი ქვეყანაა. რა ფულით ყიდულობენ ისინი ამ შეიარაღებას? მხოლოდ ამ დღეებში, ჩვენ გავანადგურეთ და ხელში ჩავიგდეთ მუშა მდგომარეობაში მყოფი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა.
• დღეს, ჩვენმა არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ფუზულის რაიონის სოფლები გოჩ აჰმედლი, ჩიმიანი, ჯუვარლი, ფირაჰმედლი, მუსაბეილი, იშიგლი, დიადილი და ქალაქი ფუზული! ფუზული ჩვენია და გამარჯვება ჩვენია!
• ეს გამარჯვება დიდ ტაქტიკურ შესაძლებლობებს გვაძლევს მომავალ ბრძოლებში.
• კიდევ ერთხელ მივმართავ სომხეთის ფაშისტურ ხელისუფლებას: დატოვეთ ჩვენი ტერიტორიები ნებაყოფლობით. სხვა შემთხვევაში, იქ თქვენი კვალიც არ დარჩება, ასე კი სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებთ.
• ვერც ერთი ძალა ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას. გავათავისუფლებთ ჩვენ მიწებს და ამის შემდეგ შეგვეძლება გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
• ამ დრომდე, არავის დაუსჯია სომხეთი და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ამ დღეებში, ხოჯალიში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის. მათ ჩვენ თვითონ დავსჯით.
• ფაშინიანი ამბობდა, რომ „ყარაბაღი – სომხეთია“. ვეპატიჟები მას ჰადრუთში, ფუზულსა და ჯებრაილში. რატომ აღარ ლაპარაკობ ამის შესახებ ისევ?
• მოვიდა ის დღე, როდესაც ფაშინიანი პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის.
• მან შვიდი პირობა წამოგვიყენა. ამის შემდეგ წამოგვიყენოს თავისი პირობები. შენ ჩვენი მიწები უნდა დატოვო.
• საკუთარ მიწებს ნებისმიერი გზით დავიბრუნებთ. აზერბაიჯანელი ხალხის შეურაცხყოფა ძალიან ძვირი დაუჯდება სომხეთის ხელმძღვანელობას.
-
ყარაბაღის თავდაცვის არმიამ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა
„ღამით, მოწინააღმდეგემ, ჰუმანიტარული ზავის პირობების მორიგი დარღვევით, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები მიაყენა არცახის მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის, სტეპანაკერტს“, – იტყობინება სამხედრო უწყება
-
სომხეთის შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებს ბომბავს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„სომხეთის შეიარაღებული ძალები, ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის უხეში დარღვევით, დღეს დილიდან ბომბავს აზერბაიჯანში – ტერტერის, აღდამის, ბარდისა და აღჯაბადის რაიონებს“, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
-
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: ღამით შენარჩუნებული იყო დაძაბულობა, დილიდან იბომბება სტეპანაკერტი და შუშა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, მიუხედავად ტრადიციული დაძაბულობისა, ღამით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა:
„გამთენიისას, მოწინააღმდეგის ძალებმა, ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის მორიგი დარღვევით, განაახლეს მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტების დაბომბვა. შედარებით ძლიერი დარტყმები მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სტეპანაკერტსა და შუშაში“.
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი, არტაკ ბეგლარიანი დამატებით იტყობინება, რომ იბომბებოდა საცხოვრებელი კვარტლები, წინასწარი მონაცემებით, ორი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა:
„საბედნიეროდ, ადამიანები თავშესაფრებში იყვნენ და დიდი დანაკარგების თავიდან აცილება მოხერხდა… აზერბაიჯანი აგრძელებს სამხედრო დანაშაულებს, გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის სიბრმავეც“.
სურათი: Reuters
-
აზერბაიჯანში, განჯაზე განხორციელებული მეორე სარაკეტო, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
პრეზიდენტის მრჩეველი სულ მცირე 13 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 40 დაიჭრა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაზე განხორციელებული მეორე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ გაჯიევმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გამოიყენეს SCUD-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, „რომლის მჭიდროდ დასახლებული რაიონის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება, მეტყველებს სომხეთის პოლიტიკური ლიდერების სრულიად ამორალურ და შიზოფრენიულ აზროვნებაზე“. 10 ოქტომბერს, განჯაზე პირველი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 10 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
-
17 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა ყარაბაღში
ყარაბაღში, ბრძოლების დაწყებიდან 21-ე დღე
• სარაკეტო დარტყმები და სახმელეთო ოპერაციები მთელი 16 ოქტომბრისა და 17 ოქტომბრის ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
• როგორც მინიმუმ, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაზე მიყენებული მეორე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ამის შესახებ, პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაბომბვისას SCUD-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. 10 ოქტომბერს, განჯაზე განხორციელებული პირველი სარაკეტო თავდასხმისას, 10 ადამიანი დაიღუპა.
• მეორე სარაკეტო თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვიდეო
• აზერბაიჯანელი სამხედროები ბომბავდნენ ქალაქ მარტუნსა და რამდენიმე სოფელს ყარაბაღში, დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოსახლე, – განაცხადა ყარაბაღის ომბუდსმენმა.
• აზერბაიჯანის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 250 დაიჭრა. დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ, აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ავრცელებს.
• სომხური მხარის ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, დაიღუპა 604 სამხედრო მოსამსახურე და 33 მშვიდობიანი მოსახლე.
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას (აზერბაიჯანის ანკლავი, რომელსაც გარს სომხეთის ტერიტორია არტყამს). სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და ამას „აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოების მცდელობა უწოდა“.
• ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა, უზრუნველყოს ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა და 22 ოქტომბრამდე წარმოადგინოს ცნობები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
• სოციალურ ქსელებში, ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხ ტყვეებს კლავენ. სომხეთის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მტკიცებულებებს საერთაშორისო სტრუქტურებს წარუდგენს. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ კი აღნიშნა, რომ ეს კადრები გაყალბებულია.
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ვიდეო გაავრცელა ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთიდან და ამტკიცებს, რომ ის აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშაა. სომხეთის მხარე აგრძელებს მტკიცებას, რომ დასახლებას სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
• აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა ყარაბაღის მოსაზღვრე ხოჯავენდის რაიონის კიდევ სამ სოფელზე (1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს), ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 53 დასახლებული პუნქტი.
• სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმია მზად არის ჰუმანიტარული ზავის დასაცავად, რომლის შესახებაც მხარეები მოსკოვში, 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დაასახელოს ისინი, ვინც დამნაშავეები არიან გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ბრძოლების გაგრძელებაში.
• საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში, სომეხ კოლეგას შეხვდა და განაცხადა, რომ „თურქეთის ჩარევა ყარაბაღის კონფლიქტში უნდა გამოირიცხოს“.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 16 ოქტომბერი, 2020