ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 15 ოქტომბერს
-
ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმებაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა - მარია ზახაროვა
მთიან ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმებაზე მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს. ამის შესახებ, ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს ფრონტის ხაზზე შეხვედრის ორგანიზება, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმება. ჯერჯერობით, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ასეთი სამუშაო არ მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ მალე ამოქმედდება მსგავსი მექანიზმი“, – განაცხადა მან.
-
აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ექვს სოფელზე დაამყარა კონტროლი - ილჰამ ალიევი
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ექვს სოფელზე დაამყარა კონტროლი, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
„აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯებრაილის რაიონის სოფელი დოშულუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები ედიშე, დიუდიუქჩიუ, ედილი და ჩირაგუზი“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტმა.
-
ქალაქ ტერტერში, დაკრძალვის დროს, სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი - დაიჭრა
სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, ქალაქ ტერტერში, დაკრძალვის დროს, სასაფლაოზე, სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, კიდევ სამი კი მძიმედ დაიჭრა.
„ჰუმანიტარულ ზავს ამოფარებული სომხეთი, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ტერორის პოლიტიკას ატარებს. აზერბაიჯანი იტოვებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოქალაქეები“, – დაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ გაჯიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Now: In Tartar city as a result of Armenia's deliberate attack to graveyard 3 civilians killed and 3 seriously wounded.
Armenia hiding itself behind humanitarian truce pursues policy of terror against civilians. Azerbaijan reserves it's sovereign right to protect its civilians
— Hikmet Hajiyev (@HikmetHajiyev) October 15, 2020
-
მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტებს ბომბავს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის დარღვევით, აზერბაიჯანის ტერტერის, გორანბოის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონების დაბომბვა დაიწყეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, დაბომბვის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანის შესახებ განაცხადა.
Armed forces of Armenia in blatant violation of humanitarian truce continue to shell Tartar, Agjabadi, Agdam and other regions of Azerbaijan. One civilian is wounded.
— Hikmet Hajiyev (@HikmetHajiyev) October 15, 2020
-
15 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
ყარაბაღში, ბრძოლების დაწყებიდან მე-19 დღე
• სომხეთში, ქალაქ ვარდენისში, აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიჭრა. ოჯახი ველზე, სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც დრონმა მანქანას ესროლა.
• სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დრომდე, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით არ განხორციელებულა არც ერთი გასროლა – მაგრამ ახლა, „სომხეთის შეიარაღებული ძალები უფლებას იტოვებს, დარტყმა მიაყენოს ნებისმიერ სამხედრო ობიექტს ან სამხედრო გადაადგილებას აზერბაიჯანში“.
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის ტერიტორიაზე, „მზადყოფნის მდგომარეობაში მოყვანილი სარაკეტო კომპლექსების განეიტრალების“ შესახებ განაცხადა. ამავდროულად, სამინისტრომ აღნიშნა, რომ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იყენებს.
• სომეხმა მებრძოლებმა 100-ზე მეტი საარტილერიო რაკეტა გაუშვეს ქალაქ ტერტერისა და მასთან ახლოს მდებარე, რამდენიმე სოფლის მიმართულებით. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები.
• აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა კიდევ რვა დასახლებულ პუნქტზე ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებში (1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს), ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა. ხელისუფლების ცნობით, სულ გათავისუფლებულია 44 დასახლებული პუნქტი ანუ ოკუპირებული ტერიტორიების 5.5%.
• „აზერბაიჯანელებსა და სომხებს, შეუძლიათ, მშვიდობიანად იცხოვრონ ერთად ყარაბაღში“; „მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მადრიდის პრინციპების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას“; „მოლაპარაკებებში, მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი მიიღებს მონაწილეობას“; „თურქეთი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში“, – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პროგრამული ინტერვიუ მისცა თურქულ ტელეარხ HaberTürk-ს.
• „საერთაშორისო ძალები და ორგანიზაციები არ რეაგირებენ მიმდინარე პროცესზე, მიაჩნიათ, რომ ფორმულა „ტერიტორიები მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ“ მისაღები იქნება. ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთქმულებას, როდესაც, თითქოს მშვიდობისთვის, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია გერმანიას გადაეცა. რა მოხდა ამის შემდეგ, ყველამ იცის. საქმე ისაა, მისცემს თუ არა მსოფლიო ახალ ჰიტლერს გამოჩენის საშუალებას, ამჯერად მცირე აზიიდან“, – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხალხს პროგრამული სიტყვით მიმართა.
• ფაშინიანი: ფორმულა „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“ ჩვენთვის მიუღებელია
ყარაბაღის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ზავი და კიდევ ძლიერი დარტყმების მიყენება დაიწყეს. გარკვეულ მონაკვეთებზე, მოწინააღმდეგემ მოახერხა ფრონტის ხაზის გაჭრა და სიღრმისკენ გადაადგილება“ და მოუწოდა ყველას, „ფიზიკურად მიიღონ მონაწილეობა სამშობლოს დაცვაში“.
• „სომხეთი არ აღიარებდა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, რათა არ დაერღვია სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი“; „თურქეთის პრეზიდენტზე ზეგავლენის მოსახდენად და მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, კონფლიქტში უნდა ჩაერთოს მესამე და მეოთხე მხარეები“, – სომხეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გერმანულ გამოცემა Bild-ს.
• მშვიდობისმყოფელები და რუსი დამკვირვებლები ყარაბაღში; აზერბაიჯანისთვის იმ რაიონების დაბრუნება, რომლებიც 1990-იანი წლების ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლქვეშაა; უსაფრთხოების გარანტიები ყარაბაღის სომხური მოსახლეობისთვის- სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების დარეგულირების ასეთი სქემა წარმოადგინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 14 ოქტომბერს, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.
• მშვიდობისმყოფელები და აზერბაიჯანისთვის რაიონების დაბრუნება – ლავროვი ყარაბაღზე
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა კონფლიქტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ორივემ განაცხადა 10 ოქტომბერს, მოსკოვში ხელმოწერილი ზავის პირობების დაცვის აუცილებლობაზე. კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, პუტინმა შეშფოთება გამოთქვა საბრძოლო მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული „ბოევიკების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 14 ოქტომბერი, 2020