ფაშინიანი: ფორმულა „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“ ჩვენთვის მიუღებელია
მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის მე-18 დღეს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პირდაპირი ეთერიდან მიმართა ყარაბაღელ ხალხს, სომხეთის მცხოვრებლებსა და მთელ სომხურ დიასპორას. პრემიერმა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, სომხური მხარის პოზიცია წარმოადგინა.
მისი თქმით, საერთაშორისო ძალები და ორგანიზაციები არ რეაგირებენ მიმდინარე პროცესზე, მიაჩნიათ, რომ ფორმულა „ტერიტორიები მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ“ მისაღები იქნება.
„ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთქმულებას, როდესაც, თითქოს მშვიდობისთვის, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია გერმანიას გადაეცა. რა მოხდა ამის შემდეგ, ყველამ იცის. საქმე ისაა, მისცემს თუ არა მსოფლიო ახალ ჰიტლერს გამოჩენის საშუალებას, ამჯერად მცირე აზიიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სხვა თეზისები:
• გრძელდება თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერორისტული აგრესია ყარაბაღის წინააღმდეგ.
• აზერბაიჯანი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა წერტილამდე, როდესაც სომხები მიუღებელი პირობების წინაშე დააყენა.
საუბარია მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყარაბაღის გარშემო არსებული 7-დან ხუთი რაიონი, რომელსაც მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს, ასევე, შედგეს დანარჩენი ორის გადაცემის გრაფიკი. ანუ, მოითხოვენ ჩაბარდეთ რაიონები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების სარტყელს წარმოადგენს და არა სტატუსის, არამედ მშვიდობის სანაცვლოდ. ბოლო ნაბიჯი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: დაფიქსირდეს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი იქნება. ფაშინიანის მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა.
• სომხეთის საზღვარზე ივლისის ესკალაციამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანის არმიას არ შეუძლია სამხედრო გზით გადაჭრას საკითხი: „ეს მოულოდნელი იყო ყველასთვის, მათ შორის, თურქეთისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ერთობლივი სწავლება, თურქული შეიარაღება გადაისროლეს აზერბაიჯანში“.
• თურქეთმა სირიიდან უპრეცედენტო რაოდენობის დაქირავებული მეომრები გადაისროლა რეგიონში, მიხვდა რა, რომ აზერბაიჯანს დამოუკიდებლად მოწინააღმდეგესთან გამკლავება არ შეუძლია.
• ყარაბაღის წინააღმდეგ ომი მოსალოდნელი იყო. უცნობი იყო მხოლოდ ერთი რამ: რომელი მხრიდან დაესხმებოდა თავს აზერბაიჯანი.
• თურქულ-აზერბაიჯანულ-ტერორისტული გეგმა ყარაბაღის ბლიცკრიგით დაპყრობასთან დაკავშირებით, ჩაიშალა.
• რუსეთმა მაღალ დონეზე მოახერხა სომხეთის სტრატეგიული პარტნიორისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შუამავლის როლის შესრულება.
• 9-10 ოქტომბერს, მოსკოვში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმართული იყო იქითკენ, რომ შეჩერებულიყო მსხვერპლის რიცხვის ზრდა. მაგრამ ბაქომ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ზავზე და ამ წუთებშიც აგრძელებს დაბომბვას.
• საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგები განიცადა – უფრო მეტი, ვიდრე სომხურმა მხარემ, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აქვეყნებს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ დაქირავებული მებრძოლები, სომხეთი და ყარაბაღი კი საკუთარ მოქალაქეებს კარგავდნენ.
• პირველი კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა, მაგრამ მას მიწოდების შეზღუდვა არ ჰქონდა, ყარაბაღი და სომხეთი კი იზოლაციის პირობებში მოქმედებდნენ.
• ყარაბაღის არმიის ქვედანაყოფებმა კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულების ზოგიერთ მონაკვეთზე უკან დაიხიეს.
• დივერსიული ჯგუფების გამოყენებით, აზერბაიჯანული მხარე ქაოსისა და პანიკის შექმნას ცდილობდა სომხური ჯარების ზურგში.
• მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია აკონტროლებს სიტუაციას უზარმაზარი დანაკარგების ფონზე. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერზე ის საუბრობს არა გამოუვალი მდგომარეობის გამო, არამედ მიაჩნია, რომ ვალდებულია, ხალხს სიმართლე უთხრას.
• რუსეთმა მაღალ დონეზე შეასრულა სტრატეგიული პარტნიორისა და შუამავლის როლი. ამის გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს.
• ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები კოლოსალურ ძალისხმევას ხმარობენ ზავის დადებისთვის. ფაშინიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ, კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
• და მაინც, ეს ძალისხმევა არ არის საკმარისი სომეხი ხალხის მიმართ თურქეთის გენოციდური პოლიტიკის ასალაგმად.
თავისი გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა დაასრულა განცხადებით, რომ სომხეთი უკან არ დაიხევს, რომ ეს არის საბედისწერო ომი და სომეხმა ხალხმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, შეაჩეროს მტერი, გაიმარჯვოს და გადარჩეს.
ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის სრული ვიდეოვერსია: