საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა. რატომ არის ეს ცუდი რიგითი მოქალაქეებისთვის
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 516 მლნ დოლარით გაიზარდა და 18.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 62 მილიარდი ლარია.
რას ნიშნავს ქვეყნისთვის დიდი საგარეო ვალი, ვისგან ვსესხულობთ და როგორ ვფარავთ ამ ფულს და როგორ აისახება იგი თითოეულ მოქალაქის ცხოვრებაზე.
JAMnews-ი პასუხს სცემს ყველაზე გავრცელებულ კითხვებს საგარეო ვალთან დაკავშირებით.
რას ნიშნავს სახელმწიფო ვალი და რას მოიცავს იგი?
სახელმწიფო ვალი არის თანხა, რომელსაც ქვეყნის მთავრობა სესხულობს იმისთვის, რომ ყველა საჭირო ხარჯი დაფაროს ან ბიუჯეტის დეფიციტი შეავსოს.
ანუ, რეალურად სახელმწიფო ვალი არის სხვაობა ორ თანხას შორის – რასაც სახელმწიფო რეალურად ფლობს და რასაც ხარჯავს.
იმის მიხედვით, თუ ვისგან სესხულობს ფულს სახელმწიფო, არსებობს ორი სახის სახელმწიფო ვალი – საშინაო და საგარეო.
საშინაო ვალია, როდესაც ფულს ქვეყნის შიგნით სესხულობენ, მაგალითად, საპენსიო ფონდიდან. ვინაიდან, საპენსიო ფონდში ფული გროვდება და ყველა ერთბაშად არ იხარჯება, ამ ფულით ფონდი ყიდულობს სახელმწიფოსგან ობლიგაციებს. მთავრობა მხოლოდ ობლიგაციების პროცენტებს იხდის, ფულს კი საჭიროებების მიხედვით ხარჯავს.
რას ნიშნავს საგარეო ვალი?
გარდა შიდა ვალისა, მთავრობას შეუძლია ისესხოს ფული სხვა ქვეყნებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
როგორც წესი, როდესაც საუბარია საგარეო ვალზე აქ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ზოგადად საქართველოს რეზიდენტების – სახელმწიფო სექტორთან ერთად კერძო სექტორის ვალებიც იგულისხმება.
ანუ, საგარეო ვალი არის სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორის ვალი სხვა ქვეყნების მთავრობების და კომპანიების მიმართ.
სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალებს მოიცავს. კერძო სექტორის ვალი კი კომერციული ბანკების და კერძო კომპანიების საგარეო ვალია.
► საქართველოს 18.8 მილიარდი დოლარის ვალიდან 8.3 მილიარდი სახელმწიფო სექტორის ვალია, ხოლო 10.5 მილიარდი კერძო სექტორის.
თავის მხრივ, სახელმწიფო სექტორის 8.3 მილიარდი საგარეო ვალი შემდეგნაირად ნაწილდება:
6.2 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია,
448 მლნ ეროვნული ბანკის,
ხოლო 1.7 მილიარდი დოლარი სახელმწიფო კომპანიების ვალია. სახელმწიფო კომპანიებიდან ყველაზე მეტი ვალი „საქართველოს რკინიგზას“ – 600 მლნ დოლარამდე და ნავთობისა და გაზის კორპორაციას აქვს – 300 მლნ დოლარამდე აქვს.
კერძო სექტორის საგარეო ვალიდან 4.4 მილიარდი დოლარი კომერციული ბანკის ვალია, ხოლო 6.1 მილიარდი დოლარი სხვა კერძო კომპანიების.
რაში ვხარჯავთ ვალს და რატომ გაიზარდა იგი ბოლო წელს?
როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები ახალი ვალების აღების საკითხს თავად წყვეტენ საჭიროებიდან გამომდინარე.
მთავრობის და ერონული ბანკის შემთხვევაში, საჭიროება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ბიუჯეტის ხარჯებიდან გამომდინარეობს.
ეროვნული ბანკი საგარეო ვალს ძირითადად დოლარის რეზერვების შესავსებად იღებს, მთავრობა კი ვალით ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს. ანუ, როდესაც მთავრობას ბიუჯეტში ხარჯები უფრო მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი, მაშინ იგი ვალს იღებს.
ბოლო ერთ წელიწადში საგარეო ვალი 516 მლნ დოლარით გაიზარდა, რაშიც პანდემიის გავლენა მნიშვნელოვანია.
► მხოლოდ აპრილ-ივნისში ვალი 435 მლნ დოლარით გაიზარდა.
გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ 3 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე განაცხადა, ამ თანხაში სწორედ საგარეო ვალის აღება იგულისხმებოდა. წლის ბოლომდე 1.5 მილიარდი დოლარი მთავრობამ უნდა ისესხოს, ხოლო 1.5 მილიარდი კერძო სექტორმა.
როგორც წესი, მთავრობას საგარეო ვალს დონორები რეფორმების გასატარებლად და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აძლევენ.
კორონავირუსის პერიოდი არის გამონაკლისი, როდესაც მთავრობას ვალი გაზრდილი სოციალური ხარჯების დასაფარად მისცეს.
კომუნალური გადასახადების დაფარვა, უმუშევრად დარჩენილთა დახმარება, ბავშვზე 200 ლარის გაცემა – ამ თანხების ძირითადი წყარო საგარეო ვალია.
რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს?
საქართველოს საგარეო ვალს საერთაშორისო ორგანიზაციები, მდიდარი ქვეყნების მთავრობები და კერძო უცხოური კომპანიები და ბანკები აძლევენ.
უცხოური კერძო კომპანიებისგან და ბანკებისგან საქართველოს კერძო სექტორი და სახელმწიფო კომპანიები იღებენ ვალებს. საერთაშორისო ორგანიზაციები ვალს როგორც მთავრობას, ასევე კომპანიებსაც აძლევენ. უცხოური ქვეყნების მთავრობები კი ვალს მხოლოდ მთავრობას აძლევენ.
საქართველოს კერძო სექტორს რომელი ქვეყნების, თუ კომპანიების საგარეო ვალი აქვს აღრიცხული არ არის, მაგრამ ცნობილია ვისი ვალი აქვს საქართველოს მთავრობას.
► მთავრობას ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის ვალი აქვს – 2 მილიარდ დოლარამდე.
მსოფლიო ბანკის შემდეგ ყველაზე მეტი ვალი აზიის განვითარების ბანკის აქვს – 1.4 მილიარდი დოლარი.
717 მლნ დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკის მართებს, ხოლო 210 მლნ სავალუტო ფონდის.
ქვეყნებიდან საქართველოს მთავრობას ყველაზე დიდი ვალი საფრანგეთის წინაშე აქვს – 561 მლნ დოლარი. 496 მლნ დოლარი გერმანიის ვალი აქვს, 214 მლნ იაპონიის, 43 მლნ რუსეთის და ა.შ.
რამდენად მძიმე ტვირთია საქართველოსთვის საგარეო ვალი?
თუ გვაინტერესებს, რამდენად დიდი ტვირთია საგარეო ვალი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამისთვის უნდა ვნახოთ ვალის შეფარდება ქვეყნის ეკონომიკასთან (მშპ-სთან).
სწორედ საგარეო ვალის და მშპ-ს თანაფარდობაა იმის რეალური მაჩვენებელი, თუ რამდენად კარგ ან ცუდ სიტუაციაშია მთავრობა.
► 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი ქვეყნის მშპ-ის 115% იყო. ანუ ვალი მეტი გვაქვს, ვიდრე ეკონომიკა 1.15-ჯერ
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო დეფოლტის (ოფიციალური აღიარება, რომ ქვეყანას ვალების გადახდა არ შეუძლია) საფრთხის წინაშე არ დგას და შეუძლია ვალებს მოემსახუროს.
რაიმე შიდა ან საერთაშორისო რეგულაცია არ არსებობს, თუ მშპ-ის მაქსიმუმ რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ქვეყნის საგარეო ვალი. ზოგადად, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალი საყურადღებო ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 77 პროცენტს სცდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნულს უკვე კარგა ხანია გაცდენილია არა მარტო საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა.
საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც მხოლოდ მთავრობის ვალის მშპ-ის მიმართ 60%-იან ჭერს აწესებს, ეს კანონი კერძო სექტორის დავალიანებაზე არ ვრცელდება და არც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მსგავსი გამოცდილება, რომ კერძო სექტორის დავალიანება რეგულირდებოდეს.
რამდენად მძიმეა დავალიანება, ამას მშპ-სთან ფარდობის გარდა ისიც განსაზღვრას, თუ რა ვადა აქვს ქვეყანას ვალის დასაფარად.
შეიძლება ქვეყანას დიდი ვალი ჰქონდეს, მაგრამ გადახდა ათობით წელზე იყოს გაწერილი.
სწორედ ასე არის საქართველოს შემთხვევაში.
► საქართველოს ვალები 1-დან 25 წლამდე ვადისაა. პროცენტის ჩათვლით, საქართველო ყოველ კვარტალში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარს ვალებში იხდის.
კვარტალში 1 მილიარდი დოლარი ცოტა არ არის, მაგრამ დაფარვის პარალელურად, საქართველო ახალა ვალებს იღებს და ძირითადად, ამის ხარჯზე ფარავს ძველ ვალებს.
რა მოხდება, თუ საგარეო ვალს ვერ გადავიხდით?
თუკი საგარეო ვალს კერძო ან სახელმწიფო კომპანია ვერ გადაიხდის, საკუთარი ქონებით აგებს პასუხს. თუმცა, მთავრობის ვალის შემთხვევაში განსხვავებულადაა საქმე.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე, ვალის ვერ გადახდა ქვეყნებს შორის ომის დაწყების საბაბიც კი ხდებოდა, მაგრამ დღეს ამ მიზეზით ომის დაწყებას საერთაშორისო სამართალი გამორიცხავს.
ქვეყანა თუ დეფოლტშია, ანუ მთავრობის ვალს სრულად ან ნაწილობრივ ვერ იხდის, პირველ რიგში მიდის მუშაობა ვალების გადავადებაზე ან ახალი ვალით ძველის დაფარვაზე. ასე ხდებოდა საქართველოში 2003 წლამდე.
ასეთ დროს ქვეყნებს, ძირითადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება.
თუ ეს მიდგომა არ მუშაობს, შესაძლოა, მოხდეს ქვეყნის უცხოეთში არსებული აქტივების კონფისკაცია. ასევე, შეიძლება აიძულონ ქვეყანა, რომ გაყიდოს სახელმწიფო ქონება და ვალი დაფაროს. ასევე ქვეყანას ეკონომიკური სანქციები დაუწესონ, რომ ასე აიძულონ გადახდა.
როდესაც კრედიტორები ასეთ მკაცრ ზომებს მიმართავენ, ქვეყანაში ეკონომიკური, საბანკო და სავალუტო კრიზისები იწყება, ამიტომ მთავრობებს ურჩევნიათ, ყველაფერი იღონონ ვალის დასაფარად.
► ვალების ზეწოლით ამოღების ბოლო მაგალითი იყო საბერძნეთი 2015-2016 წლებში, როდესაც ქვეყანა დეფოლტის წინაშე იყო. კრედიტორები საბერძნეთის მთავრობას კუნძულების გაყიდვასაც კი სთხოვდნენ ვალის დასაფარად.
ამასთან, მოუწოდებდნენ, ბიუჯეტის ხარჯები შეემცირებინათ (მაგალითად, პენსიები), შემოსავლები გაეზარდათ და ვალი დაეფარათ. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საბერძნეთი საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე დათანხმდა – კრედიტორებს, ნაწილი ვალები გადაუვადეს, ან ჩამოაწერეს, ნაწილის დაფარვა კი მკაცრი რეფორმების გატარების ხარჯზე დაიწყო.
რა ზიანი ადგება ქვეყნის მოქალაქეებს, როდესაც ქვეყანას დიდი საგარეო ვალი აქვს?
ქვეყანას თუ ზომიერი დავალიანება აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია.
პრობლემები იწყება, თუ ქვეყანა ვალებს ვეღარ იხდის. ამ დროს ზემოთ აღწერილი სცენარი ირთვება და ქვეყნის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ზარალდებიან ეკონომიკური კრიზისის გამო.
თუმცა, დეფოლტის გარეშეც არ არის კარგი, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალის დიდი წილი მთავრობის ვალია.
როდესც მთავრობას მაღალი ვალი აქვს, დონორები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში მაღალია რისკები და ამ ქვეყნის კერძო სექტორზე უფრო ნაკლებ და მაღალპროცენტიან ვალებს გასცემენ, რაც ქვეყნის ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის და საბოლოო ჯამში მოსახლეობაზე ცუდად აისახება.