„სომხეთს უკანასკნელ შანსს ვაძლევთ“ - ილჰამ ალიევი
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მე-13 დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა.
გამოსვლის სრული ვიდეო იხილეთ აქ.
მთავარი თეზისების თარგმანი JAMnews-ისგან
• აზერბაიჯანი ოკუპირებულ მიწებს ათავისუფლებს. ფრონტიდან ყოველდღიურად კარგი ცნობები მოდის. (აზერბაიჯანელი) ჯარისკაცები და ოფიცრები პატივით ასრულებენ საბრძოლო ამოცანებს.
• ოპერატიული გეგმა სრულად ხორციელდება. ის ეფუძნება თანამედროვე ბრძოლის პრინციპებს. აზერბაიჯანის არმიას დღეს აქვს სრული უპირატესობა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, ისე საბრძოლო მომზადების კუთხით.
• 27 სექტემბრიდან დღემდე, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა სომხეთის არმიას.
• მტერი საკუთარ მოქალაქეებს ზღაპრებს უყვება. ფაქტებს აყალბებს, თითქოს, თვითონ მიდის შეტევაში და იბრუნებს ჩვენს მიერ დაკავებულ ტერიტორიებს. ეს ყველაფერი სიცრუეა.
• აზერბაიჯანი საკუთარი მიწებისთვის იბრძვის, ათავისუფლებს მათ. სომეხი ჯარისკაცები – ოკუპანტები არიან. ეს მათი მიწა არ არის. ისინი საკუთარ პოზიციებს ტოვებენ და გარბიან.
• დღეს, გათავისუფლებულ მიწებზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. (აზერბაიჯანელი) ჯარისკაცები საკუთარ მიწას სანგრებიდან იცავენ, რომელიც მოწინააღმდეგემ გათხარა. ისინი იყენებენ ნაალაფარ ტანკებს – ასეთი 18 ცალია. ახლა მათი ტანკები მათივე წინააღმდეგ იბრძვიან.
• მტერი პანიკაშია, ისტერიკაში ჩავარდა. ურეკავენ სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, დღეში რამდენჯერმე სთხოვენ დახმარებას, ეხვეწებიან. ფეხებში უვარდებიან და ეუბნებიან, „გვიშველეთ“. მათთვის ერთადერთი გამოსავალი აზერბაიჯანის მიწიდან წასვლაა. აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მათ საკუთარი ნებით უნდა დატოვონ ეს ტერიტორიები. შეასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ან ინანებთ.
• ფიქრობდნენ, რომ აზერბაიჯანი ამ სიტუაციას შეურიგდებოდა? არ შეურიგდა. „აზერბაიჯანმა ისინი საკუთარ ადგილზე მოსვა, ისე მიარბენინებს, რომ მათ ეს სპრინტი არასოდეს დაავიწყდებათ“.
• აზერბაიჯანი დღეს ოკუპანტს მშვიდობას აიძულებს. სწორედ ეს არის ოპერაციის მთავარი მიზანი. აზერბაიჯანმა მათ აჩვენა, რომ იმარჯვებს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე საერთაშორისო არენასა და პოლიტიკურ დონეზე. აზერბაიჯანი დაიბრუნებს თავის მიწებს და აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას.
• მაგრამ აზერბაიჯანი ოკუპანტს უკანასკნელს შანსს აძლევს, რომ მათ ჩვენი მიწები დატოვონ. წადით, აიღეთ საკუთარ თავზე ვალდებულება, დაუბრუნდით მოლაპარაკებებს. აზერბაიჯანთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ვნახავთ, ამის შემდეგ როგორ იტყვის ის, რომ „ყარაბაღი სომხეთია“. თუკი იტყვის – არანაირ მოლაპარაკებებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.
• აზერბაიჯანი არასოდეს დათანხმდება მთიანი ყარაბაღის ბანდიტ ლიდერებთან მოლაპარაკებებს. ეს არასოდეს მოხდება.
• ამიერიდან, ყველაფერი აზერბაიჯანის პირობებით წარიმართება. რასაც ვიტყვით, ისე მოხდება. ვაძლევთ შანსს, რომ ჩვენი ტერიტორიიდან მშვიდობიანად წავიდნენ.
• აზერბაიჯანი ასე თუ ისე, დაიბრუნებს თავის მიწებს, აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ სისხლი დაიღვაროს, არ გვინდა მსხვერპლი. წადით და საკუთარ ქვეყანაში იცხოვრეთ“.
• „ივლისში (2020 წლის 12-16 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაცია), თავისუფლად შეგვეძლო დაგვეპყრო თვითონ სომხეთის ტერიტორიები, მაგრამ ამის უფლება არ მივეცი. ჩვენ სხვისი მიწები არ გვჭირდება. მაგრამ არც ჩვენსას დავუთმობთ ვინმეს“.
• „ბევრჯერ მოგვისმენია ყველა სახის შუამავლისგან, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს. მაგრამ მე ვამბობდი, რომ ამას არ ვეთანხმები და მართალი აღმოვჩნდი. 30 წელი მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ არც ერთი საკითხი მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. მიწის არც ერთი სანტიმეტრი არ დაუბრუნებიათ ჩვენთვის. ახლა, როგორ გადაწყდება ყველაფერი? ეს სამხედრო გზა არ არის? სწორედ სამხედრო გზით გადაწყდება. ჯერ ომით და შემდეგ – პოლიტიკურით“.
• „მტრისთვის ასეთი საგრძნობი დარტყმა რომ არ მიგვეყენებინა, გაიქცეოდნენ ისინი მოსკოვში? ეს ჩვენ ვაიძულეთ მათ. სად არის შენი „გმირობა“? ამბობდა, რომ ყარაბაღი სომხეთია. ყარაბაღი – აზერბაიჯანია! ეს ყველამ უნდა იცოდეს“.
• „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუკი მოსკოვის მოლაპარაკებების შემდეგაც იქნება სპეკულაციები – ისინი ინანებენ (მოსკოვში მოლაპარაკებები 2020 წლის 9 ოქტომბერს იმართება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით). ჩვენ საკუთარ მიწებს დავიბრუნებთ – ან მშვიდობიანი, ანდაც სამხედრო გზით. სომხეთს უკანასკნელ შანსს ვაძლევთ“.
• „აღარ არსებობს სტატუს-კვო, რომელზეც ყოველთვის ლაპარაკობდნენ. ჩვენ შევცვალეთ სტატუს-კვო. აღარ არსებობს კონტაქტის ხაზი. ჩვენ ის გავარღვიეთ. ამბობენ, რომ ახალი კონტაქტის ხაზი იქნება? არ იქნება. ჩვენ მიწებს დავიბრუნებთ. ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას ვაღწევთ“.