გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე - რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა 30 სექტემბერს გამართა – რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყანა ახალ, მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
● რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. გზამკვლევი
● რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
JAMnews-მა სთხოვა პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაეხსენებინათ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მთავარი მიღწევები და ჩავარდნები.
გავრილოვის გამოსვლა
JAMnews-ის მიერ გამოკითხული ყველა ექსპერტი ერთხმად აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი, რითიც მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაგვამახსოვრდება, ეს არის რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლურ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა 2019 წლის 20 ივნისს. მის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
• 20 ივნისიდან – ახალ საარჩევნო სისტემამდე. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს
გადადგა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე და მისი ადგილი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა. ამ დღეს დაწყებული საპროტესტო აქციები ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
თითქმის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა
“გავრილოვის ღამის” შემდეგ საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წესის შეცვლას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პირადად შეპირდა. თუმცა, ივანიშვილმა დადებული პირობა არ შეასრულა – მისმა ერთგულმა დეპუტატებმა 2019 წლის ნოემბერში კენჭისყრაზე გატანილი კანონპროექტი ჩააგდეს. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს პირადად ივანიშვილის დირექტივა იყო.
ამის შემდეგ კვლავ განახლდა საპროტესტო აქციები, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა საპარლამენტო ოპოზიცია და ქუჩის აქციებს შეუერთდა.
ოპოზიციური ძალები საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნის გარეშემო გაერთიანდნენ და საერთაშორისო აქტორების (აშშ-ის საელჩო და სხვა) შუამავლობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს. მხოლოდ ქუჩის აქციების და პროცესში საერთაშორისო მონაწილეების ჩართვის შემდეგ, 8 მარტს მოხდა შეთანხმების გაფორმება, რომ 2020 წლის არჩევნები ახალი, თითქმის სრულად პროპორციული მოდელით ჩატარდებოდა.
● საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. რა სისტემით ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში
● 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
● რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
უვადო მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო რეფორმა
2019 წლის დასაწყისში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვისას “ქართულმა ოცნებამ” არა თუ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა, არამედ, მმართველ გუნდში განხეთქილებაც გამოიწვია. ოცნება ათამდე დეპუტატმა დატოვა.
ასევე, მიუხედავად საზოგადოებრივი პროტესტისა 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად. საზოგადოებრივი პროტესტის მიზეზი იყო ამ მოსამართლეების რეპუტაცია.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება
88 მომხრე, 0 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას. საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო მელია ბიძინა ივანიშვილის ბანკის – “ქართუ-ბანკის” გაკოტრების საქმეზე, რომელიც 2011 წელს უკავშირდება.
ქუთაისი აღარ არის საპარლამენტო ქალაქი
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ოფიციალურად აღარ არის ქუთაისში. საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში ექვსი წლის მუშაობის შემდეგ, 2019 წელს კვლავ სრულად თბილისში დაბრუნდა.
ახალი შრომის კოდექსი
ექსპერტების დიდი ნაწილი მიღწევად მიიჩნევს იმ ცვლილებებს, რომლებიც შრომის კოდექსში შევიდა ძალაში.
მთავარი ცვლილებები: დეკრეტულ შვებულებაში გასვლას მამებიც შეძლებენ; ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა სამი თვით განისაზღვრება; კაცმა და ქალმა ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში თანაბარი ანაზღაურება უნდა მიიღონ; კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება – აუცილებელია კონტრაქტის გაფორმება.
● ქართველი კაცი დეკრეტში. რატომ არის ეს იშვიათობა?
გენდერული კვოტირება
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც გენდერულ კვოტირებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, სადაც ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო სიას არ დაამტკიცებს და პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
● გენდერული კვოტები. მომხრეების და მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტები
საქართველოში გენდერული კვოტირება 2028 წლამდე იმოქმედებს.
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი
სექსუალური შევიწროების ცნება აქამდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ.
● სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი ხდება – როგორ დაისჯებიან დამრღვევები
სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
ქორწინება, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი
მიუხედავად ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტისა, ხელისუფლების ინიციატივით კონსტიტუციაში გაჩნდა ქორწინების დაკონკრეტებული განმარტება – საქართველოს კონსტიტუციაში ახლა წერია, რომ ქორწინება არის “ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით”.
● “ქართული ოცნების” კონსტიტუცია
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდასა და ლგბტ ჯგუფებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ასევე ის დისკრიმინაციულია, რადგან დაუქორწინებელი ადამიანი და მისი შვილი საქართველოში ოჯახად აღარ ჩაითვლება.
დროებითი კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე
მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობიდან აღსანიშნავია ასევე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, სადაც უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მოითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტს მისი ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის შედეგია ასევე – საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის გაშვების უფლების მინიჭება კერძო ტელევიზიების თანაბრად; საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად თანამდებობიდან გადამდგარი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კვლავ ძველ თანამდებობაზე დაბრუნება; ბავშვის კოდექსი, დაგროვებითი პენსიის რეფორმის დამტკიცება და ა.შ.
დაბოლოს,
მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველი იყო საქართველოს ისტორიაშია, რომელსაც სამოქალაქო პროტესტისგან დასაცავად რკინის მესერი შემოავლეს:
შეფასებები: “უსიტყვოდ მორჩილი პარლამენტი”
დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია
ამბობს, რომ ეს იყო ” უსიტყვოდ მორჩილების პარლამენტი”.
“მეცხრე მოწვევის პარლამენტი რამდენიმე დიდი სირცხვილით გამოირჩეოდა: მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, შოთაძის მეორედ დანიშვნა, გავრილოვი, პროპორციულის ჩაგდება,” – ამბობს ხოშტარია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მე-9 მოწვევის პარლამენტს ასევე აფასებს როგორც „მორჩილ ადამიანთა გუნდს”.
გოცირიძის განცხადებით, მოქმედი პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და გავრილოვია.
„4 წლის წინ ლარი იყო 2.3. დღეს არის 3.3. 4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ყოველი ორი ლარიდან ერთი ლარი მოპარა ხალხს, გააღარიბა და გააღატაკა. ამ პარლამენტის მეორე სიმბოლო არის გავრილოვი… ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა უღირსი მოსამართლეები. პარლამენტი, რომლის ფუნქცია იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებების სამართლებრივი გაფორმება და ღილაკზე ხელის დაჭერა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი პარლამენტი საქართველოს თავის ისტორიაში აღარ ეყოლება”, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დავით ზურაბიშვილმა JAMnews-ს უთხრა, მეცხრე მოწვევის პარლამენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქართველოს ისტორიაში და ყველა მოწვევის პარლამენტს ჩამოუვარდებოდა ქმედებების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კუთხით:
„ამაზე ცუდი იყო მხოლოდ 2008 – 2012 წლის პარლამენტი იყო, როცა უმრავლესობა იყო მონოლითური, უკრიტიკო და მხოლოდ პულტზე თითის დამჭერი, ხოლო ოპოზიცია სუსტი და არაკვალიფიციური“.
“ეს იყო ყველაზე სუსტი პარლამენტი, რაც კი ყოფილა. ეს არის მოდელი, როგორი არ უნდა იყოს საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი”,- ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარლამენტს საქმიანობის დასაწყისში ჰქონდა შესაძლებლობა მართლმსაჯულების მთავარი რეფორმა განეხორციელებინა, თუმცა „მმართველმა პარტიამ პარლამენტი აქცია კლანთან გარიგების მთავარ დასაყრდენად”.
„დემოკრატიის ინდექსის“ ხელმძღვანელი ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სისუსტეზე მიუთითებს ის ფაქტი, თუ რა იშვიათად დადიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად:
„არაერთი შემთხვევა იყო, ოპოზიცია მინისტრებს იბარებდა და ისინი არ მიდიოდნენ პარლამენტში, რაც მიუთითებს პარლამენტის სუსტ მაკონტროლებელ ფუნქციაზე,“ – ამბობს ციმაკურიძე.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სისუსტეებისა, პარლამენტმა მოახერხა რამდენიმე კანონის მიღება, რამაც სწორი იმპლემენტაციის შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს.
ციმაკურიძე ძირითად მიღწევად ასახელებს მიწის საკუთრების რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შრომის კოდექსის, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონმდებლობის მიღებას.
IDFI – ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა აღნიშნავს, რომ პარლამენტს საზედამხედველოს ფუნქციის განხორციელების მიმართულებით ჰქონდა პრობლემები.
ქეთევან კუკავა საკანონმდებლო ორგანოს მიღწევად სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას ასახელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმაში უმეტესწილად გათვალისწინებულია ის რეკომენდაციები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ.
“თუმცა, მიუხედავად „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში განხორციელებული ცალკეული დადებითი ცვლილებებისა, სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური გამოწვევები და ხარვეზები კვლავ რჩება”- ამბობს კუკავა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ JAMnews-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობა წინა პარლამენტისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
საჯაია მეცხრე მოწვევის პარლამენტის უარყოფით მოვლენად გავრილოვის ღამეს და სასამართლო რეფორმას ასახელებს.
„მიუხედავად იმისა,რომ სასამართლო რეფორმა თითქოს რამდენიმე ტალღად იყო წარმოდგენილი, ჩვენ ვნახეთ როგორ მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა. ჩვენ ვერ მივიღეთ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, რაც არა მხოლოდ მეცხრე მოწმევის პარლამენტის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს,” – ამბობს ლიკა საჯაია.
პოზიტიურ ტენდენციებს შორის საჯაია გამოყოფს ახალი საპარლამენტო რეგლამენტის მიღებას, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე უნდა გახადოს.