გალში ქართულად ლაპარაკი რეკომენდებული არ არის
გასული და მიმდინარე სასწავლო წლების განმავლობაში გალის რაიონი ათობით ოჯახმა დატოვა, რადგან ამ ტერიტორიაზე ერთი ქართული სკოლაც აღარ დარჩა.
გალის რაიონის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, აქ მცხოვრები ბევრი ბავშვი კი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს.
მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე გალის რაიონში 15 ქართული სკოლა იყო, (რომლებშიც სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა), რაც რაიონის სკოლების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია. სულ გალის რაიონში 31 სკოლაა.
თუმცა, აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალეს და 2015-16 სასწავლო წლებიდან ამ რეგიონში ერთადერთი ენა, რომელზეც დაწყებით სკოლებში შეიძლება სწავლება, რუსულია.
გალის რაიონის რესურს ცენტრის (იგულისხმება აფხაზეთის განათლების სამინისტროს ადგილობრივი განყოფილება, რომელიც დევნილობაში იმყოფება და ნომინალურად ფუნქციონირებს) ხელმძღვანელმა, ნონა შონიამ აღნიშნა, რომ დღეისათვის გალის რაიონში ქართული ენა მთლიანად იგნორირებულია. მისი თქმით ქართული “უცხო ენადაც კი არ ისწავლება.”
მიიჩნევა, რომ მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით სწავლების ენად ქართული უნდა დარჩეს, მაგრამ მერვე კლასიდან საგანს “ქართული ენა და ლიტერატურა” მხოლოდ ერთი საათი ეთმობა.
ამ სიახლემ შეიძლება გალელ აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისკენ მიმავალი გზები მოუჭრას, რადგან ისინი პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის ელემენტარულ მინიმუმის მიღებასაც ვერ ასწრებენ.
ბავშვებს ძალიან უჭირთ – რუსულად არც წერა შეუძლიათ, არც კითხვა, და არც მსჯელობა. იბნევიან და ვეღარ სწავლობენ, რაც, ჩვენი აზრით, მათი უფლებების უხეში დარღვევაა,” – განაცხადა ნონა შონიამ. მანვე აღნიშნა, რომ გალელი მოსწავლეების მშობლებმა არაერთხელ მიმართეს სოხუმს საჩივრებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
გასულ წლებში გალის მკვიდრი ზოგიერთი მოსწავლე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (მაგალითად, მეზობელი წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში) არსებულ სკოლებში დადიოდა, რაც უამრავ პრობლემასთან და რისკთან იყო დაკავშირებული – თუნდაც იმიტომ, რომ მოსწავლეებს დღეში ორჯერ უწევდათ იმ საზღვრის გადაკვეთა, რომელსაც ქართული მხარე ადმინისტრაციულს უწოდებს, აფხაზური კი – სახელმწიფოს საზღვარს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემები არამხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც აქვთ. პედაგოგების უმრავლესობამ არც ისე კარგად იცის რუსული, რომ მოსწავლეებს მასალა ამ ენაზე აუხსნას.
“მეტწილად ქართულად ხსნიან მასალას, მაგრამ ეს საიდუმლოა, – განაცხადა გალის ერთ-ერთმა მკვიდრმა, – მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც შემოწმების ეშინიათ და იციან, რომ კლასის კარი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიღოს.” გალის მკვიდრი მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ მოულოდნელი შემოწმებები რეგულარულად ხდება. ამოწმებენ, თუ რა ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, და ასევე – რა ენაზე ივსება საკლასო ჟურნალები. მოსწავლეებს სახელმძღვანელოებსაც კი უმოწმებენ.
სახელმძღვანელოები გალის კიდევ ერთი მტკივნეული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების შუა პერიოდიდან ადგილობრივ სკოლებს ფორმალურად აფხაზეთის განათლების სამინისტრო აკონტროლებდა, ქართული მხარე ბოლო პერიოდამდე მაინც ახერხებდა ამ სასწავლო დაწესებულებებში საკუთარი პროგრამა დაენერგა.
ბოლო დრომდე ქართული სკოლების მოსწავლეები არამხოლოდ ქართულად, არამედ ქართული სახელმძღვანელოებითაც სწავლობდნენ. ეს კი აფხაზური მხარის გაღიზიანებას იწვევდა, რადგან კონფლიქტის გამო, ერთმანეთისგან გათიშულ ქართულ და აფხაზურ მხარეებს საკუთარ ისტორიასა და გეოგრაფიაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
ამ პრობლემაზე აფხაზური მახარის თვალსაზრისი გამოთქმულია ამ მასალაში
გამოქვეყნებულია: 21.06.2016