ეს შენობები ძეგლები არ ყოფილა
“სოვეტსკაია” – ქალაქის ცნობილი, ცენტრალური რაიონია, რომელსაც ნახევრად კრიმინალური უბნის რეპუტაცია აქვს. წინათ აქაურ “ძველ ბიჭებს” ბაქოელები შიშნარევი პატივისცემითა და ერთგვარი მშობლიური სინაზითაც კი ეპყრობოდნენ. და როდესაც 2014 წელს ძველი სახლებით სავსე ამ უბნის დანგრევა დაიწყეს, ძირძველი ბაქოელები აღშფოთდნენ, რადგან მათ საყვარელ ქალაქს “ორგანულ ნაწილს აგლეჯდნენ”. თვითნებურად ნაგები სახლების დემონსტაჟი სკანდალების თანხლებით მიმდინარეობდა – მოსახლეობა კომპენსაციის თანხა არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ზოგიერთი ძალით გამოასახლეს. ლამის ხელით გამოჰყავდათ სახლებიდან – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
“სოვეტსკაიას” ზევით, ბადალბეილის ქუჩის გასწვრივ, მოსახლეობისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე “ზამთრის ბულვარი” გააშენეს – გრძელი პარკი, ბაქოსთვის დამახსიათებელი მარმარილოს ზედაპირების სუხვით.
“ზამთრის ბულვარი” ბაქოში
მაგრამ, ამით არ დასრულებულა – ბაქოს ცენტრალური ნაწილის გეგმა, რომელიც 2011 წელს დამტკიცდა, ქალაქის სამომავლო ტრანსფორმაციას გულისხმობს. თუმცა, არსებობს ერთგვარი მცირე დაბრკოლება – ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც დემონტაჟს დაქვემდებარებულ უბანში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. კანონით, მათი დანგრევა არ შეიძლებოდა.
ბაქოელები სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოთქვამდნენ პროტესტს, როდესაც ნახეს, თუ როგორ ანგრევდნენ აბას მირზა შარიფზადეს სახლსა და შენობას, რომელიც “ფარაჯულის აბანოს” სახელითაა ცნობილი.
“აქ ცხოვრობდა აზერბაიჯანის ცნობილი თეატრალური მოღვაწე, აბას-მირზა შარიფზადე”. ფოტო: sputnik.az
თუმცა სოციალურ ქსელებითა და მასმედიით გავრცელებულ პუბლიკაციებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
არგუმენტები ნგრევის სასარგებლოდ
აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ელჩინ ალიევმა “ფეისბუკში”, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც აღნიშნა, რომ ამ რაიონს კარგად იცნობს:
“იქ მისვლა საშიში იყო. იქ გავლაც კი ხიფათთან იყო დაკავშირებული. როგორ ცხოვრობდნენ იქ ჩვენი თანამოქალაქეები? როგორ თამაშობდნენ და ისვენებდნენ მათი შვილები? სწორად იქცევიან, რომ ანგრევენ! ჩემი აზრით, ამ საკმაოდ დიდ რაიონში სულ სამი-ოთხი არქიტექტურული ძეგლია – თანაც საუბარია მხოლოდ შენობების ფასადებზე. მათი შიდა მდგომარეობა, მათი კონსტრუქციები ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ რაიონში კიდევ რამდენიმე შენობაა (მაქსიმუმ 6-7), რომლებიც ცალკეული ლამაზი დეტალებით გამოირჩევა – პორტალებით, აივნების კრონშტეინებით, სვეტების დეტალებით, ვენზელებით და ა.შ. მაგრამ, ფასადის ცალკეული ელემენტების გამო, მთლიან უსახურ შენობას ხომ არ დავტოებთ!”
პრობლემის გადასაწყვეტად, უბრალოდ, კანონი შეცვალეს. 23 მაისს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაში – “აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელწიფოს დაცვის ქვეშ არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელოვნების ხარისხის განსაზღვრის შესახებ” – ცვლილება შევიდა; და მოულოდნელად, ხსენებულ ტერიტორიაზე მდებარე 23 შენობას სახელმწიფოს მიერ დაცული ძეგლის სტსტუსი გაუუქმდა
ადამიანებს იძულებით ასახლებენ
მოხელეების მოხერხებულობის მიუხედავად, საზოგადოება არ დაშოშმინდა. ინტერნეტში დაიწყო კამპანია სახელწოდებით “შეაჩერეთ ბაქოს ისტორიული შენობების დემონტაჟი!”
გარდა ამისა, იმ შენობების მოსახლეობა, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება, ჩივის, რომ ისინი კანონის დარღვევით, ძალით გამოჰყავთ სახლებიდან.
“ჩვენს სახლში, რომელიც კლუბის უკან დგას (მეშვიდე ჩიხი), დაიბადა სულეიმან რუსტამი [სახელგანთქმული პოეტი და დრამატურგი – რედ. შენ. ]. იმის გამო, რომ მაშინ სამშობიარო სახლები არ იყო, მეანობა ჩემმა დიდმა ბებიამ ითავა. ჩვენს ეზოში ქირაობდა ოთახს ცნობილი კრისტალოგრაფი, ბრიტანეთის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი, ხუდუ მამედოვი და ა.შ. სახლებს უკანონოდ ანგრევენ – ისე, რომ არ ითვალისწინებენ მათ ისტორიულ ღირებულებასა და ხალხის აზრს,” – ამბობს გიულჩოხრა ალიევა – იმ უბნის მკვიდრი, რომელიც დანგრევას ექვემდებარება.
მისი თქმით, კანონით, მიწების შესყიდვა უნდა მოხდეს მიწის სახელმწიფო საჭიროებებისათვის შეძენის შესახებ არსებული კანონის, ქალაქ ბაქოს გენერალური გეგმისა და მოსახლეობასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით. სინამდვილეში კი, ვინც სახლის დატოვებაზე უარს ამბობს, აშინებენ და შანტაჟს უწყობენ.
“უკვე გარდაიცვალა ერთი მოხუცი ადამიანი – იმ სახლის უკანასკნელი მემკვიდრე, რომელშიც ქალთა კლუბი იყო. ისე იყო დამფრთხალი, რომ ტელეფონთან მიახლოებისაც ეშინოდა. მთელი ეზო დაანგრიეს, შუქი გამორთეს და მხოლოდ კიბე დატოვეს მეორე სართულზე, მის ბინამდე ასასვლელად. ის კიბეც ნახევრად დანგეული იყო. ცარიელ სახლებში ღამით უსახლკაროები ათენებდნენ ღამეს. ქალი არ ავადმყოფობდა – გამობრძმედილი, ჯანმრთელი ადამიანი იყო, მაგრამ სიკვდილის წინ, როდესაც ლოგინად ჩავარდა და მის მოსანახულებლად მივედით, – ამ დემონტაჟმა შემიწირაო, – გვითხრა,” – ამბობს ალიევა.
სხვანაირი გადაწყვეტილება
არქიტექტორ ჯამილ ახუნდოვის თქმით, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ბევრი სახლი უკვე ბარბაროსულად განადგურდა.
“თავის დროზე ჩვენი არქიტექტორ-ენთუზიასტების არც ისე მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ამ ზონის (80 ჰა) ყოველმხრივი ანალიზი ჩაატარა და წარადგინა რეგენერაციის პროექტი, რომელიც ყველა არქიტექტურული ძეგლის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ძეგლები ტერიტორიის 30%-ს იკავებდა. პროექტი მდიდარი ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა გულისხმობდა კომპლექსურ ზონირებას, რომელიც თითოეული ფუნქციური სექტორის ძირითად გზებად დაყოფას გულისხმობს. ეს გზები ამ უბნისა და ქალაქის მიმდებარე ნაწილებს შორის გონივრულ კავშირს უზრუნველყოფდა. პროექტი ღრმა გააზრებას მოითხოვდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქალაქის ისტორიული ნაწილის განაშენიანებით არიან დაკავებულები და ამიტომ უგულებელყვეს,” – ამბობს ექსპერტი.
პროექტის “დიდი ბაქოს რეგიონული განვითარების გეგმა” ყოფილი ხელმძღვანელის, არქიტექტორ ნოვრუზ ელდაროვის თქმით, რამდენიმე წლის წინათ “სადავო უბნის რეკონსტრუქციის კიდევ ერთი გეგმა შემუშავდა, რომელიც ყველა ღირებული სახლის შენარჩუნებისა და უსარგებლო სახლების იმგვარად შეცვლის საშუალებას იძლეოდა, რომ ეს ადგილი “სახეს შეინარჩუნებდა” და ტურისტებისთვის საინტერესო დარჩებოდა. პროექტი მსოფლიო ბანკის გრანტის გამოყენებით ბრიტანულმა Mcbain’s Cooper-მა შეიმუშავა. აღნიშნულ პროექტში აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო.
“მაგრამ, სამწუხაროდ, ბაქოში არ არის სრულუფლებიანი, პროფესიონალური სტრუქტურები, რომლებიც მსგავსი პროექტის რეალიზაციას შეძლებდნენ,” – ამბობს ნ. ელდაროვი.
მიდი თქმით, ისტორიული შენობის დანგრევა უბრალოდ დანაშაულია.
“უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის რეგენერაცია, და არა სრული დემონტაჟი – შემდეგ აქ პარკის გასაშენებლად. ერთი ასეთი “პარკი” უკვე გვაქვს ჰ. ალიევის სასახლის უკან. და რა? ვის სჭირდება? პარკიც არ არის! მე პირადად მივწერე პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. სამწუხაროდ, ყველას თვალწინ კიდევ ერთხელ ვკარგავთ ქალაქ ბაქოს არქიტექტურულ და ქალაქთმშენებლობით მნიშვნელობას!” – მიიჩნევს ელდაროვი.
რამდენიმე საზოგადო მოღვაწემ, რომლებსაც აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-მდივანი, ფარხად ჯაბაროვიც მეთაურობდა, ქვეყნის ხელისუფლებას ისტორიული შენობების განადგურების შეჩერების თხოვნით მიმართა. თუმცა, შენობების დემონტაჟი მაინც გრძელდება.
წყლის გამანაწილებელი კოშკი (მეცხრამეტე საუკუნის ბოლო)
აქ იყო აბანო, რომელიც 1888 წელს აშენდა. მუხტაროვის ქ.83
გამოქვეყნდა 16.06.2016