მომავლის პროფესია - ვინ არიან და რას აკეთებენ UX და UI დიზაინერები
ტექნოლოგიურმა ეპოქამ სამყარო დიდი ხანია, გაციფრულების გზაზე დააყენა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
თითქმის ყველა ინდუსტრია ახალ რეალობას მოერგო – ონლაინ მუშაობაზე გადავიდა.
შედეგად, UX/UI დიზაინერის პროფესია დღეს მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.
UX/UI დიზაინერები არიან ადამიანები, რომლებიც აპლიკაციების, საიტების და სხვა ციფრულ პროდუქტების შექმნაში მონაწილეობენ.
დღეს სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ბიზნესის წარმატება. მაგალითად, ონლაინ მაღაზიის აპლიკაციას, რომელიც მარტივად და გასაგებად მუშაობს, შეუძლია გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ხოლო რთული და მომხმარებლისთვის გაუგებარი ციფრული პლატფორმა პირიქით, კონკურენციას ვერ გაუწევს ბაზარზე არსებულ უკეთეს პროდუქტს.
JAMnews-ი „საქართველოს ბანკთან“ ერთად მოკლედ და გასაგებად აგიხსნით ვინ არიან UX და UI დიზაინერები, რას აკეთებენ ისინი და როგორ შეიძლება ამ პროფესიების დაუფლება.
რა არის UX და UI დიზაინი?
ნებისმიერი ვებ-გვერდის, აპლიკაციის თუ პროგრამის დიზაინერის წინაშე ერთი მთავარი ამოცანა დგას – ციფრული პროდუქტი, რომელსაც დიზაინერი შექმნის, მომხმარებელზე მორგებული უნდა იყოს და მომხმარებელს საქმეს კი არ უნდა ურთულებდეს, არამედ, პირიქით – უმარტივებდეს მას.
ანუ ვებ-გვერდი, აპლიკაცია თუ პროგრამა, რომელიც მომხმარებლისთვის იქმნება, უნდა იყოს მოსახერხებელი, პრაქტიკული და ინტუიციურად გასაგები.
მაგალითად, ტაქსის, ონლაინ-მაღაზიის, საკვები ობიექტის აპლიკაციების მომხმარებლებისგან ხომ გაგიგიათ შეფასებები – „რა მაგარი აპლიკაციაა!“, „უმარტივესია გამოყენება!“ ან „ამ საიტს ვერაფერი გავუგე“, „რა მოუხერხებელი აპლიკაციაა“.
ადამიანებს, რომლებიც ვებგვერდს მოსახერხებელს ან მოუხერხებელს ხდიან UX და UI დიზაინერები ჰქვიათ.
UX/UI დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი თანამედროვე პროფესიაა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარულია საქართველოშიც.
უფრო კონკრეტულად, რა განსხვავებაა UX დიზაინერსა და UI დიზაინერს შორის?
განსხვავება პრინციპულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორივე საქმეს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აშენებთ სახლს. იმისთვის, რომ ამ სახლში კომფორტულად იცხოვროთ, ორი ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი: პირველი უნდა ჩაყაროთ მყარი საძირკველი და ამოიყვანოთ კედლები, გადახუროთ, დაგეგმოთ განლაგება და ა.შ.
სახლი აშენებულია. თუმცა იმისთვის, რომ ამ სახლში თავი კარგად იგრძნოთ, აუცილებელია მისი მოპირკეთება, მოწყობა, ავეჯი და ა.შ.
ამ ანალოგიაში UX დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ სახლს აშენებს, ხოლო UI დიზაინერი უკვე შიდა მოპირკეთებაზე აგებს პასუხს.
UX იგივე User Exprience-ს ქართულად ითარგმნება როგორც “მომხმარებლის გამოცდილება“. მუშაობისას UX დიზაინერი ფიქრობს იმაზე თუ რა გამოცდილებას მიიღებს მომხმარებელი ვებ-გვერდების თუ აპლიკაციის გამოყენებისას დროს.
UX დიზაინერის საქმეა, შექმნას ისეთი სტრუქტურა და ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი იქნება. ფაქტობრივად, UX დიზაინერი პროდუქტის სულისჩამდგმელია – ყველა ასპექტს ითვალისწინებს – რამდენად ფუნქციური, მოსახერხებელი, ლამაზი და ემოციური იქნება პროდუქტი.
რაც შეეხება UI ანუ User Interface-ს, ის ქართულად ითარგმნება როგორც „სამომხმარებლო ინტერფეისი“. ეს მიმართულება გულისხმობს ეკრანის გრაფიკულ დიზაინს – ანუ, UX დიზაინერის მიერ შემუშავებული იდეების გრაფიკულ გადაწყვეტას.
UI დიზაინერი მუშაობს ისეთი ელემენტების დიზაინზე, როგორიცაა მენიუ, ღილაკები, ილუსტრაციები, ტექსტები, შრიფტი, ფერი და ა.შ. ანუ იმ ყველაფერის, რასთანაც მომხმარებელს პირდაპირი შეხება აქვს.
გამოდის რომ, UX უფრო ანალიტიკაა – პროექტირება, ასევე დატესტვა, თუ რამდენად მორგებულია მომხმარებელზე პროდუქტი. ხოლო UI არის ჰარმონიული, მარტივი და გასაგები გაფორმება.
საბოლოოდ, UX და UI დიზაინი ორი განსხვავებულ დისციპლინაა, თუმცა შეიძლება მათ ერთი ადამიანი ფლობდეს. სწორედ ამ შემთხვევაში გხვდება პროფესია, რასაც UX/UI დიზაინერი ჰქვია.
რა უნარები უნდა ჰქონდეს UX/UI დიზაინერს?
UX/UI დიზაინერი ფაქტობრივად რამდენიმე სფეროში ერთდროულად მუშაობს – ტექნოლოგიებსა და სოციოლოგიაში. ამიტომ, UX/UI დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია ლოგიკური აზროვნება, მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალს გრაფიკული დიზაინის სფეროში მიმდინარე პროცესებს, უნდა იცოდეს გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა.
თუმცა, ამ პროფესიის ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, შეეძლოთ პროდუქტის დანახვა მომხმარებლის თვალით.
იმისათვის, რომ იყო UX/UI დიზაინერი:
- უნდა გაინტერესებდეს ონლაინსივრცე და ციფრული სამყარო
- გქონდეს საინტერესო ვიზუალური ხედვა
- უნდა გიყვარდეს და შეგეძლოს ადამიანებზე დაკვირვება. გქონდეს ემპათიის უნარი
- და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობად განიხილავდე
თუკი ეს პროფესია მაინტერესებს, სად შეიძლება მეტი ვისწავლო?
წლიდან წლამდე ეს პროფესია უფრო და უფრო რთულდება. ახლა უკვე არ არის საკმარისი მაკეტების ხატვა იცოდე და ფერებს ჰარმონიულად ახამებდე.
ადამიანები UX/UI პროფესიებში სხვადასხვა სფეროდან ხვდებიან. მთავარია, ამ საქმის ლოგიკას მიხვდე და საჭირო უნარები შეიძინო.
ამ პროფესიის შესწავლა შეიძლება სხვადასხვა კურსის გავლით.
აი, მაგალითად, რამდენიმე:
udemy-სა და skillshare-ის კურსები დაგეხმარება წარმოდგენა შეიქმნათ ამ პროფესიაზე.
ასევე გაეცანით medium-ზე უკვე არსებული პროდუქტების მრავალფეროვან მაგალითებს.
დაათვალიერეთ ინტერფეისი dribbble-ზე, behance-სა თუ awwwards– ზე და თვალი ადევნეთ სიახლეებს ტექნოლოგიურ სფეროში.
ასევე, figma, xd და sketch-ი არის პროგრამები რომლებიც ინტერფეისებისა და პროტოტიპების შექმნაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია პროექტის, მომავლის პროფესიების შესახებ:
საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია “ინსორსთან” პარტნიორობით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, იმ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა, რომლებმაც ახალ რეალობაში სამსახური დაკარგეს ან/და მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი.
პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, განავითარონ არსებული უნარები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ თოქებისა და ბლოგების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე დღეს არსებული ვითარება.
პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი.