ექსტრემალური მშენებლობა
აზერბაიჯანში უბედური შემთხვევების 35% მშენებლობაზე ხდება. გვარწმუნებენ, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი შემცირდა, მაგრამ საკმარისია შეხედოთ ნებისმიერ მშენებლობას, რომ მიხვდებით – უსაფრთხო მშენებლობაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მუშები უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს უგულისყუროდ ეკიდებიან, არ იყენებენ ჩაფხუტებსა და დამცავ ტანსაცმელს და სიმაღლეზე ჩასატარებელი სამუშაოების შესრულებისას ღვედებს არ იკრავენ.
შედეგად, 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სულ ცოტა, ორი მუშა დაიღუპა. 23 იანვარს 63 წლის ზაქირ სიბილი საბუნჩის რაიონში მშენებარე ნაგებობის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. 8 თებერვალს ტრაგედია ბაილის დასახლებაში მოხდა, სადაც 26 წლის ნიჯათ მეხთიევი გარდაიცვალა.
მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევებს უამრავი მიზეზი აქვს. სამუშაოების მწარმოებლის, 40 წლის სამუშაო სტაჟის მქონე ანარის თქმით, ერთ-ერთი მიზეზია ეკონომია. მაგალითად, ფასადის სამუშაოებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბევრი მასალაა საჭირო, რომლებიც საქმის დასრულების შემდეგ უსარგებლო ხდება და უნდა გადაიყაროს. ეს მასალები იმ საერთო თანხიდან უნდა შეიძინონ, რასაც მშენებლები იღებენ. შედეგად, მცირდება შემოსავალი. ამიტომ, ფულის დაზოგვის მიზნით, სამუშაოების ორგანიზატორებს ურჩევნიათ, რომ ბედს მიენდონ. თუმცა, ტრავმის შემთხვევაში, ბევრად დიდი ხარჯია გასაწევი.
მისი თქმით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას არც თავად მუშები ითხოვენ. ანარი ფიქრობს, რომ ბეწვის ხიდზე სიარული აზერბაიჯანული მენტალიტეტის განმასხვავებელი შტრიხია.
ანარს თავადაც ბევრჯერ მიუღია ტრავმები. მან მარჯვენა ხელის ცერა თითის ფალანგი დაკარგა იმის გამო, რომ ჩარხთან დამცავი შალითა არ ეკეთა. მომძვრალი ფალანგის მიკერებას უპირებდნენ, მაგრამ ხელის ნაწილი ვერ იპოვეს.
ერთხელ ფასადის მინაც დაეცა და ხელის კუნთი გაუხლიჩა. ანარი აღიარებს, რომ იმ დღეს სპეცტანსაცმელი არ ეცვა. არადა, სამუშაო აღჭურვილობა ამ ტრავმისგან დაიცავდა. ეს ამბავი ზაფხულში მოხდა. ცხელოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მუშებს საჭირო აღჭურვილობა დაურიგეს, სიცხის გამო, სპეცტანსაცმელი არავის ჩაუცვამს.
ამბობს, რომ უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებულ ინსტრუქციას ყველა მუშა იღებდა, მაგრამ ამ რეგულაციების დაცვა მთლიანად მათ სინდისზე რჩებოდა. ერთხელ ერთი ელექტრიკოსი პირდაპირ მის თვალწინ დაიღუპა. ტვირთის ქვეშ იდგა და დაიყვირა, – ტვირთი მაღლა აწიეთო. მაგრამ იმ დღეს წვიმდა. ელექტრიკოსი მეთორმეტე სართულზე მუშაობდა. სავარაუდოდ, ქვემოთ მყოფებმა მისი ხმა ვერ გაიგეს, ტვირთი დაეშვა და მუშას თავი მოკვეთა. ეს ამბავი შორეულ 80-იან წლებში მოხდა. მას შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად ბრძანებების გადასაცემად რაციებს იყენებენ.
კიდევ ერთი მშენებელი, სამირი სხვა მიზეზებსაც ასახელებს. ის ხელმძღვანელობის შეუფერებელი საქციელზე ლაპარაკობს. ხელისუფლება იძლევა მითითებას, რომ მშენებლობა განსაზღვრულ ვადაში დასრულდეს, ამ დროს ხელმძღვანელობა გეგმის გადაჭარბებით შესრულებას ცდილობს, და რის ფასად იქნება ეს გაკეთებული, არავის აღელვებს. სამირმა ამაღელვებელი შემთხვევა გაიხსენა – ამწე კალათის მძღოლმა უარი თქვა ტვირთის ჩამოშვებაზე, რადგან სამუშაო ველს ვერ ხედავდა. ასეთ შემთხვევაში ხედის შეზღუდვა უსაფრთხოების წესების პირდაპირი დარღვევაა. სამუშაოთა მწარმოებელმა თქვა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. თუმცა, მისი გულგრილობისა თუ ქარის გამო, ამწე კალათის მძღოლმა ტვირთი პირდაპირ იმ ადგილას დაუშვა, სადაც მუშა იდგა. დაინიშნა სასამართლო და ამწე კალათის მძღოლს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
სამირი ამბობს, რომ ადამიანები, შრომის შეუსაბამო პირობებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების გამო, არ ჩივიან, რადგან სამსახურის დაკარგვა არ სურთ.
ფსიქოლოგ-კონსულტანტი აზად ისაზადე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე გვესაუბრა, რომლებიც დევიაციური ქცევისკენ უბიძგებს ადამიანს, მაშინაც კი, როდესაც უსაფრთხოების წესების დაცვისათვის ყველა პირობაა შექმნილი. მისი თქმით, არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისაც საშიში სიტუაციები სიამოვნებას ანიჭებს. ამ გზით ისინი ადრენალინის დოზას იღებენ. ნებისმიერი მონოტონური სამუშაო – მათ შორის გარკვეულ რისკთან დაკავშირებული სამუშაოებიც, იწვევს მიჩვევას. ამიტომაა, რომ ომგამოვლილ სამხედროებს სროლის ხმის ფონზე ჭამა და ძილიც კი შეუძლიათ. თუმცა, ეს ყველას არ ეხება. თუკი ადამიანს არ აქვს უნარი, რომ სტრესისადმი ადაპტაცია მოახდინოს, ადრე თუ გვიან, ტოვებს სამსახურს. მეორე მხრივ, გაუმართლებელი რისკისკენ დეპრესიული ადამიანებიც არიან მიდრეკილნი. ისინი მხოლოდ საფრთხის წინაშე ყოფნისას არიან უკეთესად. მისი თქმით, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არაა გავრცელებული. მსგავსი პრობლემები ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც ჰქონდათ და მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ დიდი ჯარიმებისა და ძლიერი პროფკავშირების საშუალებით შეძლეს.
სპეციალისტი შრომის დაცვის დარგში, თეიმურ გულიევი მუშების მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვის მიზეზებზე გვესაუბრა. მისი თქმით, ინივიდუალური დაცვის საშუალებები მოძრაობას ზღუდავს და აფერხებს. მაგალითად, ხშირად გამოიყენება ფოლადის წვერებიანი ფეხსაცმელები, რომლებიც მომუშავეს მძიმე ტვირთების დაცემის შემთხვევაში იცავს. თუმცა, ასეთი აღჭურვილობა საკმაოდ მძიმეა და ამიტომ მუშები უპირატესობას უფრო მსუბუქ ფეხსაცმელს ანიჭებენ. ზოგჯერ საერთოდ ჩუსტებით მუშაობენ ხოლმე.
ტრავმებს თავი რომ აარიდოს, მუშამ უნდა იცოდეს, რომ უსაფრთხოების წესები სისხლითაა ნაწერი და მისი დაცვით, პირველ რიგში, თავად დამსაქმებლები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. სამუშაო ადგილებზე უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების წესებს დაცვას გააკონტროლებენ – შრომის დაცვის თანამშრომლები, ბრიგადირები, სამუშაოთა მწარმოებლები და ა.შ. საზღვარგარეთულ კომპანიებში ნებისმიერ თანამშრმელს (მათ შორის უბრალო მუშას) შეუძლია, ნებისმიერი სამუშაო შეაჩეროს, თუკი ჩათვლის, რომ უსაფრთხოების წესები ირღვევა. სამწუხაროდ, ამ წესებს აზერბაიჯანში იშვიათად იცავენ, რადგან ჩვენთან უსაფრთხოების წესების კულტურა განუვითარებელია – შეცდომაზე მითითება შეიძლება შეურაცხყოფად მიიღონ, ან დასმენად აღიქვან.
გამოქვეყნდა 07.05.2016