მოსაზრება: პროტესტი ცხინვალში - დამნაშავეების დასჯა არასაკმარისია, სისტემა უნდა შეიცვალოს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ციხეში, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებამ, რისი მიზეზიც სავარაუდოდ წამება გახდა, დიდი პროტესტი გამოიწვია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ანატოლი ბიბილოვმა მთელი მთავრობა დაითხოვა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. თუმცა, დემონსტრანტები და ოპოზიცია გენერალური პროკურორისა და თავად პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდა ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ.
ჟურნალისტს, ცხინვალის მკვიდრს, ზარინა სანაკოევას მიაჩნია, რომ კრიზისი დიდი ხანია მწიფდებოდა და გადადგომებით არ გადაიჭრება.
ცხინვალში პროტესტი ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას არ გამოუწვევია, არც საბაჟოზე არსებულ პრობლემებს, რის შემდეგაც კვლავ პროდუქციისა და, რაც მთავარია, წამლების დეფიციტია.
ეს არ არის გამოწვეული არც საზღვრების ხუთთვიანი ჩაკეტვით და მოსახლეობის იმ ნაწილის შემოსავლების შემცირებით, რომლებიც არ მუშაობენ საბიუჯეტო ადგილებში.
• „ღამურების სკანდალი“ – ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შეთქმულება გამოავლინეს
• ცხინვალში დეპუტატების დაშინება უნდათ? პარლამენტის სხდომას 200 სამხედრო დაესწრო
• სტალინი კვლავ ცოცხალია სამხრეთ ოსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში
ცხინვალში ადამიანები მართლაც ძალიან ამტანები არიან. და, რაც ყველაზე მთავარია, ვერ იტანენ მიტინგებს. თუკი ადამიანები აქციებზე გამოდიან – მაშასადამე, უკან დახევის წერტილი გადალახულია.
ეს ყველაფერი ეხება უპრეცედენტო პასუხისმგებლობას, რომელიც საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. ის პრეზიდენტის სავარძლიდან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გადაჯდა, სადაც მანდატების აბსოლუტურ უმრავლესობას მმართველი პარტია ფლობს. და მისი პარტია ოპონენტებთან ისე იქცეოდა, როგორც სკოლის მოსწავლე მოზარდი ქვიშის მოედანზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან.
2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ, ძალიან ბევრმა ექსპერტმა მას რთული პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა, რადგან ის პირადად აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება არ გამოდის. ბიბილოვმა ეს გაფრთხილებები ან არ მოისმინა, ან იგნორირება მოახდინა.
სწორედ ასეთმა ქცევამ მოიტანა დღევანდელი პროტესტი. გასულ წელს, ციხეში, პატიმრების ცემის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელებში მოხვედრის შემდეგ, დეპუტატებმა იუსტიციისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ბიბილოვმა და მისმა პარტიამ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ დაეშვათ.
შედეგად, ბიბილოვმა შეინარჩუნა თავისი სამწყსო, მაგრამ სერიოზული რეპუტაციული ზიანის ხარჯზე. როგორც დრომ აჩვენა, ფასი გაცილებით მეტი აღმოჩნდა – ადამიანის სიცოცხლე. და სწორედ ამას ახსენებენ დღეს ბიბილოვს და მისი მთავრობის გადადგომა არ წყვეტს და არ ჭრის აბსოლუტურად არაფერს.
ბედის ირონიით, სწორედ ბიბილოვის პრეზიდენტობისას (რომლის მთავარი დაპირებაც რუსეთთან გაერთიანება იყო – JAMnews) გამწვავდა ცხინვალისა და რუსეთის საზღვარზე პრობლემები, როდესაც ბიზნესმენებისგან მოითხოვეს კანონების დაცვა, რომლის შესრულებაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ.
ცხინვალში პოლიტიკოსები, როგორც სხვაგან, ასევე არ არიან წინააღმდეგნი, ხმები საგარეო მტრისა და საერთოდ, საგარეო პოლიტიკის საკითხებით დააგროვონ. მაგრამ თუკი 2008 წლამდე, ეს მართლაც აქტუალური იყო, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, საგარეო პოლიტიკის საკითხების მთავარ თემებად დაბრუნების მცდელობა მხოლოდ პოლიტიკოსების წინდაუხედავობაზე მეტყველებს.
პანდემიამ საგრძნობი ზიანი მიაყენა ლოზუნგსაც, რომლითაც ბიბილოვი მოვიდა ხელისუფლებაში – რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა. აგვისტოს დაწყებამდე ადამიანების უმრავლესობა მართლაც ემხრობოდა იმას, რომ საზღვრები დაკეტილი დარჩენილიყო, მით უფრო, რომ ამან შედეგი გამოიღო. კორონავირუსი სამხრეთ ოსეთში არ გასცდა საკარანტინო ზონის საზღვრებს.
განწყობის რადიკალიზაცია დაიწყო ადგილზე პროდუქციის მიწოდების შეფერხების გამო. პერიოდულად ეს პრობლემები ადრეც წარმოიქმნებოდა, მაგრამ თუკი მაშინ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლა და ნებისმიერი საჭირო რამის შეძენა, ახლა ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს.
რა თქმა უნდა, ინალ ჯაბიევის სიკვდილი, ეს ბოლო წვეთიც კი არ არის, ეს ბოლო სათლია.
ბიბილოვმა განაცხადა, რომ თავის კონტროლქვეშ აიყვანა ჯაბიევის მკვლელობის გამოძიება. მაგრამ იმის, რომ ამ სისტემას საკუთარი თავის დასჯა შეუძლია, არავის სჯერა. ასე რომ, საზოგადოება არა მხოლოდ დასჯას, არამედ მთელი სისტემის შეცვლას ელოდება.