ტყვარჩელი - ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
მაღაროელების ქალაქი ტყვარჩელი აფხაზეთში ნელ-ნელა კვდება. მაღაროები დიდი ხანია დაიხურა, სხვა სამუშაო აქ პრაქტიკულად არ არის. მოსახლეობის უმეტესობამ ქალაქი დატოვა. დარჩენილებისთვის გადარჩენის იმედი მხოლოდ ტურიზმთან არის დაკავშირებული, რომლის განვითარებისთვის ჯერჯერობით ბევრი არაფერი გაკეთებულა.
ერთადერთი ბენზინგასამართი სადგური ქალაქში
– 95-ე ბენზინი არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია. 92-ეს ჩაგისხამთ.
– 95-ე როგორ არ გაქვთ? – გაოცებული ვეკითხები. – ნუთუ მოთხოვნა არ არის?
– მანქანები ქალაქში ცოტაა, კარგ მანქანებს კი ხელის თითებზე დაითვლი. სოხუმში იმდენი მდიდარი ცხოვრობს, აქ კი ხალხს თავი ძლივს გააქვს, – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი მკაცრ რეალობას მახსენებს.
იმ ბენზინის ჩასხმა მომიწია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო – ქალაქში სხვა ბენზინგასამართი სადგურები არ არის, ტყვარჩელის შესასვლელში მდებარე ამ ერთის გარდა.
– ბარემ მაკდონალდსი იკითხე კიდევ. ხომ გეუბნებოდი, ბენზინი მთავარ გზატკეცილზე ჩაგესხა, – დამცინის იბრაგიმი.
იგი აქედანაა წარმოშობით, ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში, სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში სოხუმში ჩააბარა. მას შემდეგ იქ ცხოვრობს. აფხაზეთის ომის შემდეგ, მან მშობლებიც სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში გადმოიყვანა. იმ დროს, ზოგადად, ხალხი ტყვარჩელს მასიურად ტოვებდა – ზოგი სოხუმში, ზოგი რუსეთში მიდიოდა.
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
• ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობა: ორი ამბავი აფხაზეთიდან
• აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?
ქალაქი და ომი
1992-93 წლების აფხაზეთის ომის კვალი აქ ყველგან შეიმჩნევა. როგორც კი ქალაქში შეხვალთ, ინდუსტრიული ზონა იწყება, გზის ორივე მხარეს, ზოგჯერ უხვი სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული დანგრეული საწარმოების ჩონჩხები გვხვდება, რომლებიც მწუხარებას და სასოწარკვეთილებას იწვევს. მათ ფონზე, მაღაროელის განახლებული “მოოქროვილი” ძეგლი ტყვარჩელის საბჭოთა ინდუსტრიული ძლიერების დაკარგულ ნამსხვრევს წააგავს.
აფხაზეთის ომის დროს ქალაქი ალყაში იყო მოქცეული.
”წინ ქართული ჯარი იდგა, რომელიც ტყვარჩელის მიმართულებით მუდმივად ისროდა, უკან მთები. თითქმის არანაირი საკვები. ხანდახან საჭმელი ვერტმფრენით ჩამოჰქონდათ. მაგრამ ის, ბუნებრივია, საკმარისი არ იყო. ხალხი ერთმანეთს უყოფდა იმას, რაც ჰქონდა”, – ჰყვება იბრაგიმი.
ომის დროს ის ადგილობრივ მოხალისეთა რაზმში იბრძოდა.”მახსოვს ერთი პერიოდი, სახლში საჭმელი მხოლოდ თაფლი გვქონდა და სხვა არაფერი. საუზმეზე თაფლი, სადილზე თაფლი, ვახშამზე თაფლი… პოზიციებზე ზოგჯერ საჭმელზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე მტრის ტყვიაზე. შიმშილის მუდმივი გრძნობა არის ის, რასთანაც ჩემთვის ბლოკადის პერიოდი ასოცირდება”.
ტყვარჩელის მცხოვრებლებისთვის მეხსიერება დიდი ხანია იყოფა საბჭოთა პერიოდად, ომის დროდ და დროდ ომის შემდეგ.
ძველი დიდება
ტყვარჩელი ერთადერთი ქალაქია აფხაზეთში, რომელიც სანაპირო ზონაში არ მდებარეობს. ის მთებით არის გარშემორტყმული და მას გარესამყაროსთან მხოლოდ ერთი გზა და რკინიგზის ერთი ლიანდაგი აკავშირებს. გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლოს აქ ქვანახშირის დიდი საბადოები აღმოაჩინეს.
იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობდა. მცირე ხნის განმავლობაში ამ მაღალმთიან მხარეში რამდენიმე მაღარო და გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, აშენდა სარკინიგზო მაგისტრალი, რომლითაც ტყვარჩელიდან ნახშირის გატანა ხდებოდა. შახტებში ძირითადად მაღალი ხარისხის ანტრაციტს მოიპოვებდნენ, რომლის გარეშეც მეტალურგიული საწარმოების მუშაობა შეუძლებელი იყო.
დიდი სამამულო ომის დროს, ქვეყნისთვის ტყვარჩელის ნახშირის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა.
”როდესაც გერმანელებმა უკრაინაში დონბასი დაიკავეს, ქვეყნის მთელ სამხრეთი ნაწილი, ისევე როგორც შავი ზღვის ფლოტი, ნახშირით ტყვარჩელუდან მარაგდებოდა. სწორედ მაშინ, 1942 წელს, როდესაც, მტერი უკვე კავკასიონის ქედამდე იყო მოსული, ტყვარჩელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა,”– ჰყვება ადგილობრივი სკოლის ისტორიის პედაგოგი დიმიტრი შოუა.
ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობების უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც საცხოვრებელი კორპუსები ტყვარჩელის ცენტრალურ ნაწილში, გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ომის ბოლოს და ომისშემდგომი წლების დასაწყისში. შენობების დაპროექტებაში გერმანელი არქიტექტორები და ინჟინრები მონაწილეობდნენ. შენობების გოთური სტილი “სტალინურ ამპირითან” ერთად ტყვარჩელს ყველა სხვა პატარა ქალაქისაგან განასხვავებს.
ასე მკვიდრად და საშვილიშვილოდ შენდებოდა არა მხოლოდ ტყვარჩელი, არამედ ახლომდებარე დასახლებებიც – აკარმარა, ჯანტუხი და პოლიანა.
საბჭოთა პერიოდში ტყვარჩელის მოსახლეობა დაახლოებით 30 ათას ადამიანს შეადგენდა. გარდა ამისა, ორ-ორი, სამ-სამი ათასი ცხოვრობდა მიმდებარე დასახლებებში.
”ჯანთუხში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გვქონდა – კინო, მაღაზიები, მათ შორის წიგნების მაღაზია. იყო საპარიკმახერო, შემნახველი ბანკი, ქიმწმენდა. მილიციის განყოფილებაც კი იყო”, – იხსენებს იბრაგიმი. – მაღაზიები უმაღლეს დონეზე მარაგდებოდა. დეფიციტური საქონლისთვის აქ ხალხი სოხუმიდან და გაგრიდანაც ჩამოდიოდა. მაღაროელის პროფესია საბჭოთა კავშირში მაშინ ძალიან პრესტიჟული იყო.”
დაღმასვლა
დღეს ტყვარჩელის ძველი დიდება ტკბილ სიზმარს ჰგავს.
ოთხმოციანი წლების მიწურულს, საბჭოთა ეკონომიკის დაცემასთან ერთად, ტყვარჩელიდან მოსახლეობის თანდათანობით გადინება დაიწყო. ომის შემდეგ კი ხალხმა ქალაქი მასობრივად დატოვა
დღეს ქალაქში ხუთი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სამსახურის ნაკლებობა ტყვარჩელის მთავარი პრობლემაა. ქვანახშირის მაღაროები მიტოვებულია. 2000-იან წლებში თურქულმა კომპანიამ აქ ქვანახშირის კარიერული გზით მოპოვება დაიწყო, მაგრამ უკვე ხუთი წელია, ეკონომიკური კრიზისის გამო, საქმიანობის შეჩერება მოუხდა.
რამდენიმე ქარხნიდან, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ქალაქში მუშაობდა, მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, ისიც ძალიან შეზღუდულ რეჟიმში – აქ აფხაზურ ჯილდოებს ამზადებენ.
პერიოდულად, აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის გადინება შეაჩეროს. გარემონტდა კულტურის სახლი და სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ამჟამად საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დაგეგმილი იყო საცურაო აუზის მშენებლობაც, მაგრამ პროექტს თანხა არ ეყო და მშენებლობა ათი წელია გაიყინა.
ქალაქს საკუთარი თეატრი აქვს. ის შეიქმნა როგორც სამოყვარულო, მაგრამ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო თეატრი გახდა. დასი მცირეა – მხოლოდ თოთხმეტი მსახიობი. დირექტორი რომან საბუა კადრების პრობლემას უჩივის:
”კაცების დეფიციტი გვაქვს. ადგილობრივ ბიჭებს მსახიობობა არ სურთ, მორცხვობენ, მოწვეულ მსახიობს კი ამ მცირე ხელფასით ვერ შემოიტყუებ. ასე რომ, სპექტაკლის არჩევისას საკადრო რეალიები უნდა გავითვალისწინოთ.”
ჯანტუხი – რამდენიმე სადარბაზო ერთი ოჯახის ხელში
თუ ტყვარჩელის დასახმარებლად აფხაზეთის ხელისუფლება საკმარისი რესურსის გამოძებნას ჯერ კიდევ ახერხებს, მიმდებარე დასახლებებს არაფერი რჩებათ.
”ეს ჩემი სახლია, ეს კი კოლია სინიაკოვის. მის სახლს მხოლოდ ორი სადარბაზო აქვს, ჩემსას კი სამი,” – ამბობს ჯანტუხის დასახლების მცხოვრები ვოვა ბარგანჯია. თავიდან მეგონა, რომ ის ხუმრობდა, მაგრამ სახლების ცარიელი ფანჯრების დანახვის შემდეგ მოსმენილის მთელი სერიოზულობა გასაგები ხდება.
ვოვას სახლი გერმანელი სამხედრო ტყვეების აშენებულია, კედლები თითქმის ერთი მეტრი სისქისაა. მისი თქმით, შენობა კიდევ რამდენიმე საუკუნეს გაუძლებს, “თუ სახურავი არ გაფუჭდა”.
პერიოდულად ის სახურავის შეკეთებას თავად ცდილობს ხოლმე, მაგრამ კოსმეტიკური რემონტი საკმარისი აღარ არის. სახურავი მთლიანად გამოსაცვლელია.
”ამ ბინაში სათავსო მაქვს მოწყობილი. აქ ადრე ჩვენი პედაგოგი ვერა პავლოვნა ცხოვრობდა. იმ ბინას კი სტუმრებისთვის ვიყენებ ”, – ვოვა თავის “აპარტამენტებში” ექსკურსიას გვიტარებს. არცერთი ბინა დასახლებაში არ იკეტება – ამის საჭიროება არ არის. ხალხი აქ ძალიან ღარიბია, თანაც, ძალიან ცოტა.
ჯანტუხში მხოლოდ რვა ოჯახია დარჩენილი. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა, მაშინ ათ წელიწადში დასახლებაში აღარავინ დარჩება. აქ საერთოდ აღარ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა. არც სკოლაა, არც სამედიცინო პუნქტი, არ არის ერთი ჯიხურიც კი. პურის საყიდლად ტყვარჩელში, ათ კილომეტრზე დადიან.
ვოვა ბარგანჯია ამჟამად დახურული თურქული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის ადმინისტრაციული შენობის დაცვაში მუშაობს. მისი ხელფასი 15 ათასი რუბლია (დაახლოებით 200 დოლარი). ის ამბობს, რომ გაუმართლა – “ასეთ ხელფასიან სამუშაოს ტყვარჩელში ვერ ნახავ.”
სოფლის სხვა მცხოვრებლები ძირითადად ნატურალური მეურნეობით ცხოვრობენ. თითქმის ყველა მონადირეა. ამისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – ტახები და დათვები ზოგჯერ აქ თავისით ჩამოდიან.
ნანგრევები ტურისტებს მოიზიდავს?
ადგილობრივი მოსახლეობის იმედები ახლა არა ინდუსტრიის აღდგენასთან, არამედ ტურიზმთან არის დაკავშირებული. ბოლო წლების განმავლობაში ეს რეგიონი პოპულარული გახდა რუსი ბლოგერების წყალობით. ბევრი მათგანი მიტოვებული სასახლეებისა და მცენარეებში ჩაფლული ქარხნების ნანგრევების ნაზავით აღფრთოვანებული დარჩა.
გარდა ამისა, აქ არის ულამაზესი ჩანჩქერები და ხეობები, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის დამატებითი ღირსშესანიშნაობაა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები ტყვარჩელისთვის ფაქტობრივად უფასო რეკლამა გახდა.
ტურისტების ნაკადს რეგიონში, რა თქმა უნდა, გაგრასა და ბიჭვინთას ვერც შეადარებ – აქ მხოლოდ ერთი მინი-სასტუმროა და დღეში რამდენიმე ექსკურსიული ჯგუფი ჩამოდის – მაგრამ, ტყვარჩელის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ამგვარი ყურადღებით განებივრებულები არ არიან, ესეც საქმეა.
”ერთ დღეში ხანდახან ტურისტების ასი მანქანა ამოდის. ისინი აუცილებლად ჩერდებიან და თაფლს ან ან შინდის კომპოტს ყიდულობენ.” – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნონა ბერზენია. იგი მცირე დახლზე მინის ქილებში მურაბებს და შინაურ კონსერვებს ყიდის, მისი დახლი აქ ერთადერთია.
ის აკარმარას დასახლებაში, ორი გზის გასაყარზეა, რომლებიც ორი ჩანჩქერისკენ მიდის. ნონას სამი ქალიშვილი ჰყავს. ისინი გათხოვილები არიან, სოხუმში ცხოვრობენ და პერიოდულად სტუმრობენ დედას, რომელსაც წასვლა არსად სურს. რადგან მას სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ცხოვრება აქ გაუმჯობესდება.
“მედიაქსელის” მხარდაჭერით
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო