ანალიზი: რა შანსები აქვთ გამარჯვებისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ბელარუსში
ბელარუსში, პროტესტის არაორგანიზებულობა მისი მონაწილეების წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. ევროპა მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ბელარუსს – მაგრამ, ამავდროულად, დაეხმარება მას რუსეთთან კავშირების შენარჩუნებაში.
ბელარუსში, რომელიც თითქმის ორი კვირაა პროტესტმა მოიცვა, შესაძლოა, სინათლე გამოჩნდეს.
ევროკავშირი წინადადებით გამოვიდა, შეასრულოს შუამავლის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში და შესთავაზა მხარეებს, ამაში ეუთოც ჩართოს. ინიციატივას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელსაც „უხალისოდ დათანხმდა“ ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო.
ამის შესახებ, 20 აგვისტოს საღამოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბელარუსში ვითარება ყოველდღიურად იცვლება და მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების წინ მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა შესაძლებლობები გააჩნიათ მხარეებს: ლუკაშენკოს, რომელსაც ფარულად უჭერს მხარს კრემლი და პროტესტის მონაწილეებს, რომელთაც ღიად თანაუგრძნობს დასავლეთი.
მოვლენების მოკლე ქრონიკა
თავდაპირველად ძალოვანები სასტიკად ახშობდნენ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიან პროტესტს.
შემდეგ, სპეცრაზმის აგრესია უცებ შეჩერდა, პროტესტის რამდენიმე ათასი დაპატიმრებული მონაწილე გაათავისუფლეს. პროტესტი მშვიდობიან ფორმებში გადავიდა და არნახულ მასშტაბებს მიაღწია – სულ მცირე 400 ათასი ადამიანი მონაწილეობდა მინსკში, 19 აგვისტოს გამართულ აქციაში.
პროტესტს აშკარა ლიდერი არ ჰყავს, ამ როლს, ფაქტობრივად, ტელეგრამ-არხი NEXTA ასრულებს. მისი კოორდინირებით დაიწყო ქვეყანაში მუშების მასშტაბური გაფიცვა.
თუმცა, 19 აგვისტოდან, ლუკაშენკო კვლავ შეტევაზე გადავიდა – მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მისი მხარდამჭერი მიტინგები, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი საფრთხეები გაჩნდა, აღიძრა ახალი სისხლის სამართლის საქმეები.
• გაფიცვები, ევროპის მხარდაჭერა, რუსეთის ჩარევის საფრთხე – რა ხდება ბელარუსში
• Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი?
• ბელარუსი: გავრცელდა მომიტინგეების წამებისა და ცემის კადრები, დაიწყო საყოველთაო გაფიცვა
პროტესტის ბუნდოვანება
ბელარუსში, ადამიანები პროტესტს აგრძელებენ. მინსკსა და სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად 20-100 ათასი ადამიანი იკრიბება მიტინგებზე. მოქალაქეები სოლიდარობის ჯაჭვში დგებიან, განსაკუთრებით ქალები მიდიან აქციებზე.
NEXTA მოსახლეობას მოუწოდებს, 23 აგვისტოს, მონაწილეობა მიიღონ „ახალი ბელარუსის მარშში“ იმავე მოწოდებებით:
— დაკავებულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
— ლუკაშენკოს წასვლა;
— მკვლელობებსა და წამებებში დამნაშავეების გასამართლება.
თუმცა, პროტესტის დაწყებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, პროტესტის მონაწილეთა არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.
დასავლეთის ქვეყნებმა არ აღიარეს 9 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვება – მაგრამ არც იმას ჩქარობენ, რომ ოფიციალურად აღიარონ ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია პრეზიდენტად.
ტიხანოვსკაიას პრეზიდენტად აღიარება არც შედის პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებში, თუმცა, თავდაპირველად, ის საკუთარ თავს არჩევნებში გამარჯვებულად აცხადებდა.
საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც ტიხანოვსკაიას ინიციატივით ხელისუფლების გადაცემისთვის შეიქმნა, პოლიტიკოსები არ შედიან. მათ ნაცვლად არიან – ქარხნების მუშათა კოლექტივების წარმომადგენლები, ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში სვეტლანა ალექსიევიჩი, ოლიმპიური ჩემპიონი, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მეცნიერები.
შესაძლოა, სწორედ ამიტომაა, რომ მრავალი ანალიტიკოსის აზრით, საკოორდინაციო საბჭომ დღემდე ვერ წარმოადგინა ცვლილებების თანმიმდევრული პროგრამა ან თუნდაც პროტესტის გამოხატვის სტრატეგია.
ერთადერთი, რაც ჯერჯერობით საბჭოდან წამოვიდა – არის ის, რომ მისი მონაწილეები გამოდიან „რუსეთთან გამჭვირვალე, მეგობრული ურთიერთობებისა“ და „ყველა ქვეყანასთან პრაგმატული მუშაობისა და პარტნიორობის“ ინიციატივით.
ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს, როგორც ჩანს, მხოლოდ პროტესტის შემდგომი განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით მუშათა გაფიცვის შედეგად.
ამის შესახებ აღნიშნავენ NEXTA-ს ყველა ვიდეორგოლში, მაგრამ მართალია, პროტესტებს მუშებმა მთელ ქვეყანაში დაუჭირეს მხარი, საწარმოები სრულად არ გაჩერებულა.
ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, რომლებმაც პროტესტში მონაწილეობის გამო შემოსავლები დაკარგეს, ბელარუსში მოქმედებს სოლიდარობის ფონდი, რომელმაც უკვე მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. შეიქმნა გაფიცვის ეროვნული კომიტეტი, რომელმაც მხარდაჭერისთვის ბელარუსულ ბიზნესს მიმართა.
ლუკაშენკო: ჩასვას აქტივისტები, თავი დაიცვას ნატოსგან და მოახდინოს ინტეგრირება რუსეთთან
ლუკაშენკო ამ დრომდე აცხადებდა, რომ არ აპირებს დიალოგზე წასვლასა და გარკვეული დათმობების გაკეთებას.
ის კვლავ იმ აზრზე დგას, რომ ბელარუსში სიტუაციის არევას გარკვეული მტრული ელემენტები ცდილობენ, რომლებიც საზღვარგარეთიდან იმართებიან. ის დავალებას აძლევს ძალოვან უწყებებს, „დაიცვან მუშათა კოლექტივები საფრთხისგან“, თვალი მიადევნონ ნატოს ჯარების გადაადგილებას და გამოავლინონ ოპოზიციის დაფინანსების არხები.
ლუკაშენკოს თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შედიან „ყოფილი, განაწყენებული ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ხელისუფლებაში იყვნენ, და ღიად გამოხატული ნაცისტები“.
გენერალურმა პროკურორმა, ალექსანდრ კონიუკმა საერთოდაც განაცხადა, რომ „საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და საქმიანობა მიზნად ისახავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“.
„დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის“ შესახებ სიტყვებს, თან ახლავს ფლირტი საზოგადოების საკმაოდ დიდ, პრორუსულად განწყობილ ნაწილსა და თავად რუსეთთან.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ თითქოს, ოპოზიცია რუსეთთან ინტეგრირების პროექტიდან გამოსვლას, რუსული სამხედრო ბაზების დახურვასა და რუსული ენის აკრძალვას გეგმავს.
ამ ყველაფერს ამბობს ადამიანი, რომლებიც თვეების განმავლობაში შეურაცხყოფდა რუსეთის ხელისუფლებას და აბრალებდა მათ არჩევნებში ჩარევას, მათ შორის, სამხედრო ჩარევის მცდელობას.
ქალაქების ქუჩები, რომლებიც აქამდე მორთული იყო წითელ-თეთრში – ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეების ფერებში, ნელ-ნელა ივსება სახელმწიფო, წითელ-მწვანე დროშებით, რადგან ყველგან ხდება ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგების ორგანიზება.
ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავთ ადამიანები, რომლებსაც სამსახურებიდან გათავისუფლებით ან პრემიების ჩამორთმევით ემუქრებიან.
ტელეგრამ-არხმა „Пул Первого“-მ, რომელსაც ლუკაშენკოს პრესმდივანს, ნატალია ეისმონტს უკავშირებენ, გამოაქვეყნა სტიკერების ნაკრები წითელ-მწვანე ფერებში. მათ შორის არის არა მხოლოდ ლუკაშენკოს მხარდამჭერი ლოზუნგები, არამედ სურათებიც, რომელიც შეურაცხმყოფელია პროტესტის მონაწილეების მიმართ.
რა შეიძლება იყოს შემდეგ და რისი გაკეთება შეუძლიათ ევროპასა და რუსეთს
ევროკავშირმა არჩევნები არ აღიარა და პირადი სანქციების დაწესებას დაჰპირდა ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაში მონაწილეობდა, თავად ლუკაშენკოს ჩათვლით.
მაგრამ ჯერჯერობით ბელარუსული პროტესტის მხარდაჭერა ამის იქით არ წასულა.
ლატვიამ უკვე განაცხადა, რომ არ არის მზად სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრეზიდენტად გამოცხადებისთვის.
ევროკავშირი აპირებს 53 მილიონი ევრო გამოყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეპრესიების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, მაგრამ არ აპირებს მუშების გაფიცვის მხარდაჭერას.
რუსეთი აგრძელებს მკაცრი ჩაურევლობის პოზიციის დემონსტრირებას და აკრიტიკებს ევროპას იმის გამო, რომ ისინი არ იწევიან გვერდით:
მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ეს პოზიცია მხოლოდ შოუსთვის არის.
გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიების გაფიცული თანამშრომლები რუსი სპეციალისტებით ჩაანაცვლეს.
აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბელარუსში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე საგრძნობლად გაიზარდა კონტინგენტი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ ლუკაშენკო რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაძლიერების საშუალებას მისცემს, პროტესტის ჩახშობაში მოსკოვის დახმარების სანაცვლოდ.
ლუკაშენკოს, შესაძლოა, პროტესტის შესუსტების იმედი ჰქონდეს. ადამიანებისთვის რთულია ყოველდღიურად ქუჩაში გამოვიდნენ კვირებისა და თვეების განმავლობაში. მუშები, რომლებმაც ხელფასები დაკარგეს, ადრე თუ გვიან იძულებულები გახდებიან, გაფიცვა შეწყვიტონ.
ოპოზიციის მიერ ძალოვანებისთვის მიმართვის მიუხედავად, ისინი, ძირითადად, ლუკაშენკოს მიმართ ლოიალობას ინარჩუნებენ.
ბელარუსი ანალიტიკოსი, ვალერი კარბალევიჩი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ საპროტესტო მოძრაობის სისუსტე დაინახა. ის არ გაიზარდა, არ მოხერხდა საყოველთაო გაფიცვის გამოცხადება და ლოგიკურია, რომ ლუკაშენკო კონტრშეტევაზე გადავიდა“.
ბელარუსი პოლიტიკური მიმომხილველი, ალექსანდრ კლასკოვსკი ამბობს, რომ სიტუაციაში გადამწყვეტი ფაქტორი – ეს არის ის, რომ დასავლეთს არ აქვს ლუკაშენკოზე ზემოქმედებისთვის ძლიერი ბერკეტები, პუტინი კი ფაქტობრივად მხარს უჭერს.
„ლუკაშენკო სულაც არაა განწყობილი წასასვლელად და თუნდაც კომპრომისის საპოვნელად, არამედ – ურჩების დასათრგუნად, თუნდაც მათი რიცხვი მილიონი იყოს. ბელარუსი რისკავს, საბოლოოდ იქცეს პოლიციურ სახელმწიფოდ“, – წერს კლასკოვსკი.
ექსპერტთა ცენტრის „ჩვენი აზრის“ ანალიტიკოსი, ნიკოლაი ბუროვი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკო ხელისუფლების შენარჩუნებას 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე მოახერხებს – „ეკონომიკური კრიზისის ზრდის დაწყებამდე“.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, „ბელარუსს მორიგი შეტაკებები ელის ძალოვნებსა და ხალხს შორის, რასაც სახელმწიფო სისტემის ჩამოშლა მოჰყვება“.
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი აღნიშნავს, რომ ბელარუსისთვის ხელისუფლების გადაცემის საუკეთესო მოდელი, სომხური ვარიანტი შეიძლება იყოს.
მისი აზრით, დასავლეთმა აქტიური პოზიცია უნდა დაიჭიროს და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ბელარუსს, მაგრამ დაეხმაროს მას რუსეთთან კავშირების შენარჩუნებაში.