თბილისი : რეკონსტრუქცია წესების გარეშე
თბილისი ძველი ქალაქია, რომელშიც ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი არქიტექტურული სტილი, მხატვრული გემოვნება, გეოგრაფიული ქვეტექსტი და ისტორიული ზეგავლენა ერთმანეთშია არეული. ეს, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები მრავალი საუკუნის განმავლობაში დიდი სიფრთხილით ერწყმოდა ერთმანეთს იმისთვის, რომ საბოლოოდ გასაოცრად ჰარმონიული ქალაქი მიგვეღო.
დღეს თბილისი უცხოელებისათვის მიმზიდველ, საოცარ ქალაქად რჩება, მაგრამ ადგილობრივებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს. მოქალაქეების უკმყოფილებას იწვევს ის, რომ უკვე ორი ათწლეულია, თბილისში ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტენსიური განაშენიანება მიმდინარეობს. კანონი კი პრაქტიკულად არ არეგულირებს, თუ რა გავლენას ახდენს ახლად აშენებული ობიექტები ისტორიული ცენტრის იერსახეზე
გენერლური გეგმა
ნებისმიერი ქალაქის განვითარების უმთავრეს დოკუმენტია გენერალური გეგმა. მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ურბანისტების მთელი ძალისხმევა შეიძლება გენერალურ გეგმაში დაშვებულმა უმცირესმა შეცდომამაც კი წყალში ჩაყროს.
თბილისის განვითარების უკანასკნელი გენერალური გეგმა 1970 წლით თარიღდება.
გენერალური გეგმა ოფიციალურად არ გაუქმებულა. თუმცა, 1992 წლიდან, როდესაც თბილისის ისტორიულ რაიონებში პირველი მრავალსართულიანი სახლები გაჩნდა, ქალაქის მესვეურებს ამ დოკუმენტის მიმართ ზერელე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ე.წ. ‘წერტილოვანმა განაშენიანებამ’ დაიწყო განვითარება, მშენებლები გენერალურ გეგმაში აღარც კი იხედებოდნენ და შენობებს გულუხვად უმატებდნენ სართულების რაოდენობას.
თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია ის უბნები (სოლოლაკი, ავლაბარი, ჩუღურეთი და კიდევ რამდენიმე სხვა), სადაც მშენებლებს განსაკუთრებულად ფრთხილი მიდგომა უნდა ჰქონდეთ. თუმცა, სწორედ ამ რაიონებში მიმდინარეობს (ან იგეგმება) ისეთი მშენებლობები, რომლებიც თბილისის ისტორიული იერსახის ბევრ გულშემატკივარს განსკუთრებულად აშფოთებს.
უგუნური მშენებლობა
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით თბილისის ძველ ფოტოებს – ქალაქის ნაცნობი ადგილების, ქუჩებისა და შენობების სურათებს, რომლებზეც ჩანს, რომ თბილისი სიმწვანეში იყო ჩაფლული. დღეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ერთი სკვერიც არ დარჩა, რომელშიც რაიმე არ იყოს აშენებული. ვერ ნახავთ ცარიელ ადგილს, საბავშვო მოედანს ან, უბრალოდ, განიერ ტროტუარს, რომელიც ახალი მრავალსართულიანი მონსტრის ასაშენებლად არ ჰქონდეთ ‘ათვისებული’.
ბოლო დროს თბილისში ხეების გაჩეხვის ფაქტები ბევრმა ქართულმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ამ პუბლიკაციების მიხედვით (რომლებიც აუდიტის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა), ირკვევა, რომ მხოლოდ 2009-2011 წლებში თბილისში 20 690 ხის გაჩეხვის ნებართვა გაიცა!
თბილისის ხედი 1981 და 2016 წლებში
‘ხელები შორს ქალაქის ისტორიული ნაწილისგან!’, ‘ძველი თბილისი ქალაქის ისტორიას წარმოადგენს’, ‘ნუ ანგრევთ ისტორიას’, ‘ეს ჩვენი ქალაქია’ – მცირე ხნის წინ ამ ლოზუნგებით პროექტ ‘პანორამა თბილისის’ მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამ კომპლექსის მშენებლობას სოლოლაკის ისტორიულ ზონაში გეგმავენ და არც ისე უსაფუძვლოდ უკავშირებენ ბიძინა ივანიშვილს – ადგილობრივ მილიარდერს, რომელსაც საქართველოში დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს.
პროექტი ‘პანორამა თბილისის’ სარეკლამო რგოლი
ბევრს ‘პანორამა’ იმდენად საშინელ პროექტად მოეჩვენა, რომ თბილისელების დიდი ნაწილი გაერთიანდა მოძრაობაში, რომელსაც ‘ერთად’ ეწოდება.
‘პანორამას’ მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ახალი არქიტექტურა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქალაქის ლანდშაფტზე, და -არამარტო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ პროექტის განხორციელებას სავლდებულო სამშენებლო-საინჟინრო გამოკვლევის ჩატარების გარეშე გეგმავენ და ამიტომ ‘პანორამამ’, შესაძლოა, თბილისის ძველი ცენტრი დაანგრიოს. იმ ვიბრაციის გამო, რომელიც მანქანების მიმოსვლისა და მშენებლობის პროცესში შეიქმნება, ძველი შენობები კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.
ავარიული შენობები
ავარიული შენობები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. მდგომარეობა განსაკუთრებით 2001 წლის მიწისძვრის შემდეგ გართულდა, როდესაც ქალაქის ცენტრალური უბნები დაზიანდა. ამ საკითხში მიღწეული წარმატებებით ვერც ქალაქის ახალი ხელისუფლება დაიკვვეხნის, და ვერც ძველი. მოსახლეობის 30 პროცენტი ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ შეიძლება ჩაითვალოს. გონივრული რეკონსტრუქცის განხორციელება (ისე, რომ რესტავრატორებმა შენობების უსაფრთხოებაც უზრუნველყონ, და ქალაქის იერსახეც არ დაზიანდეს) თბილისის ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ქალაქის მესვეურებს მოსახლეობასა და ინვესტორ-მშენებლებს შორის უშუალო კონტაქტი პრობლემის მოგვარების საუკეთესო სქემად მიაჩნიათ. როგორც წესი, მოქალაქეები დიდი სიხარულით იღებენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე წლის შემდეგ, ყოფილი საცხოვრებლის სანაცვლოდ, იმავე ადგილას აგებულ მრავალსართულიან სახლში მიიღებენ ბინას.
უნდა აღინიშნოს, რომ არამხოლოდ XVIII და XIX საუკუნეებში აშენებული სახლები, არამედ ზოგიერთი უფრო ახალი ნაგებობაც ავარიულ მდგომარეობაშია. თბილისის მერია ოფიციალურად აღიარებს, რომ ქალაქში 400 ავარიული კორპუსი (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი) ირიცხება. ძირითადად, ეს გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული შენობებია. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აცხადებს, რომ ყველა ამ შენობაზე მონიტორინგია დაწესებული და თუკი რომელიმე მათგანს ‘განსაკუთრებულად ავარიულად’ აღიარებენ, ამ შენობას აუცილებლად ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები.
ჭკვიანური რეკონსტრუქცია
ამჟამად მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ‘ახალი თბილისი’, რომელიც ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე საუბარია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლზე, რომლებსაც, პროექტის მიხედვით, სრული რესტავრაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. იგეგმება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების გამოცვლაც. ანალოგიური პროექტი განხორციელდა 2011-2012 წლებშიც და მაშინ, ისევე როგორც ახლა, საუბარი იყო მხოლოდ იმ შენობებზე, რომლებიც უშუალოდ ცენტრალურ პროსპექტებზე მდებარეობს. ის ნაგებობები კი, რომლებიც ოდნავ მოშორებით დგას, უბრალოდ უგულებელყოფილია.
გამოქვეყნებულია: 11.04.2016