გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში
ევრორადიოს, ზაბორონას და ჰრომადსკოეს მასალების მიხედვით
9 აგვისტოს ბელარუსი პრეზიდენტს აირჩევს. მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 26 წლის განმავლობაში მართავს, საარჩევნო კამპანიის დროს სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა – ოპოზიცია მასობრივად ქუჩებში გამოდის, ხელისუფლება დემონსტრანტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს აპატიმრებს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბელარუსში “რუსი დაქირავებულები” დააკავეს.
ვინ არის “ევროპის უკანასკნელ დიქტატორის” მთავარი მოწინააღმდეგე და როგორ შეიძლება დასრულდეს ეს არჩევნები?
ტიხანოვსკაია – არაპოლიტიკური კანდიდატი
37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაია ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მისი და ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობენ ანა კანოპატსკაია, სერგეი ჩერჩენი და ანდრეი დმიტრიევი.
თუმცა, რეჟიმისგან უკმაყოფილო მოქალაქეები სწორედ ტიხანოვსკაიას კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
• ბელარუსი: მასობრივი დაპატიმრებები, შეტაკებები პოლიციასთან, “უცხოელი დაქირავებულები”
• რიგები თავისუფლებისთვის – უჩვეულო მასობრივი საპროტესტო აქცია ბელარუსში
• საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში: კონსერვატორები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ
მას არ გააჩნია პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ მის წინასაარჩევნო აქციებზე ათასობით ადამიანი მოდის – ეს ბელარუსში აქამდე არასდროს მომხდარა. თავის გამოსვლებში ხალხს სთხოვს ხმა მისცენ არა მის პოლიტიკურ პროგრამას, არამედ ცვლილებების და არჩევანის უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
ტიხანოვსკაია კანდიდატი მისდა უნებუერად გახდა – პრეზიდენტობის კანდიდატობას მისი მეუღლე, პოპულარული ვიდეობლოგერი სერგეი ტიხანოვსკი აპირებდა, მაგრამ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
• სვეტლანა ტიხანოვსკაია – ბელარუსის პრეზიდენტობის ყველაზე უჩვეულო კანდიდატი
ტიხანოვსკის გარდა, დააპატიმრეს პოპულარული ოპოზიციონერი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკოც. კიდევ ერთი კანდიდატი, ვიქტორ ცეპკალო, იძულებული გახდა ბელარუსი დაეტოვებინა. თუმცა მათმა გუნდებმა თავიანთი რესურსებით მხარი ტიხანოვსკაიას დაუჭირეს.
დაპატიმრებები და რეპრესიები
ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციისა და საზოგადოების აქტიურობას დემონსტრანტების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების თითქმის ყოველდღიური დაპატიმრებებით პასუხობს.
დიჯეები კირილ გალანოვი და ვლადისლავ სოკოლოვსკი 6 აგვისტოს საღამოს დააკავეს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, იმისთვის, რომ ვიქტორ ცოის სიმღერა “ველოდებით ცვლილებებს” ჩართეს. მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
7 აგვისტოს ტელეკომპანია «Настоящее время» – ს ჟურნალისტები – რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ირინა რომალიისკაია, ივან გრებენიუკი და იური ბორონიუკი, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში, სასტუმრო მინსკში დააკავეს და აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ.
სხვადასხვა ქალაქებში გრძელდება ადამიანების დაკავება აქციებზე, მძღოლებს კი, რომლებიც აქციების მხარდასაჭერად ასიგნალებენ, აჯარიმებენ.
ლუკაშენკომ ეს მოვლენები უკრაინულ მაიდანს შეადარა: ” მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ბელარუსში მაიდანს არავინ დაუშვებს”.
რეჟიმმა კორონავირუსთან წააგო?
ძალოვნების დახმარებით ლუკაშენკომ ბელარუსები აიძულა მის უსასრულო საპრეზიდენტო ვადას შეგუებოდნენ. საზოგადოებაში პოლიტიკური აპათია იზრდებოდა, ამიტომ 2020 წლის არჩევნებიდან არავინ არაფერს მოელოდა. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, – განმარტავს პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვალერი კარბალევიჩი.
”2006 და 2010 წლებში ლუკაშენკოს ეწინააღმდეგებოდა ტრადიციული დემოკრატიული ამომრჩეველი, რომელიც ორიენტირებული იყო ევროპულ ფასეულობებზე. ახლა უკმაყოფილებას გამოხატავს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სხვა იდეალებს იზიარებს, მაგრამ ასევე არ მოსწონთ ლუკაშენკო”.
ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისმა მთავარმა კოზირმა – სტაბილურობამ, ითამაშა, რომელიც მისი მმართველობის წლებში სტაგნაციაში გადაიზარდა. მაგრამ ლუკაშენკოს იმიჯი განსაკუთრებით დააზარალა მისმა რიტორიკამ და ქმედებებმა COVID-19-ის პანდემიის დროს. თავდაპირველად, პრეზიდენტი კორონავირუსს უარყოფდა და ყველას არწმუნებდა, რომ რადგან ის მას ვერ ხედავს, ვირუსი საერთოდ არ არსებობს, შემდეგ მან ჩათვალა, რომ კორონავირუსს “ტრაქტორი განკურნავს”. ასევე დაადანაშაულა ექიმები, რომ ისინი COVID-19-ს ავრცელებდნენ. ხალხი კი სახელმწიფოსგან დახმარებას ამაოდ ელოდა, – წერს ბელარუსი ჟურნალისტი ლიზა მოროზი.
ბელარუსული ინტერნეტ – გამოცემების TUT.BY და Onliner– ის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ბელარუსები, არჩევნები ხვალ რომ გამართულიყო, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარი 3-6%-მა დაუჭირა. ამის გამო პრეზიდენტს მეტსახელი “საშა 3%” შეარქვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი რეიტინგი უფრო მაღალია.
აპრილში, სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ლუკაშენკოს მინსკის მოსახლეობის 24% ენდობოდა. ივნისის ბოლოს, ზოგიერთ გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ლუკაშენკოს 76%-ანი მხარდაჭერის შესახებ, თუმცა ექსპერტებს ამ კვლევის შედეგებში ეჭვი ეპარებათ.
დასრულებული რომანი რუსეთთან?
ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს პირველად არა “დასავლეთის “, არამედ “რუსეთის მარიონეტები” ახსენა. მან ასეთი რიტორიკა გამოიყენა კანდიდატ ბაბარიკოსთან მიმართებაში, რომელიც 20 წლის განმავლობაში რუსული გაზპრომბანკის ბელარუსის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
2018 წლიდან, რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთი შეხედვით ურყევი ურთიერთობა გაუარესდა. ლუკაშენკოს გაზის შეღავათიანი ფასის და რუსეთიდან ნავთობის მომარაგების შენარჩუნება რუსული შიდა ფასებით სურდა – ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკისთვის. თუმცა, შეთანხმება რუსეთთან გაზის და ნავთობის შესახებ ვერ შედგა – მოსკოვმა შეღავათების საფასურად მინსკისგან “უფრო ღრმა ინტეგრაცია” მოითხოვა.
ოფიციალურად ბელარუსი და რუსეთი ერთიან საკავშირო სახელმწიფოში შედიან. თუმცა, დღემდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ერთიან ვალუტასა და ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურებზე.
• ბელარუსის რუსეთში ინტეგრაცია გადაიდო
თავად ლუკაშენკომ რამდენჯერმე საჯაროდ უარყო რუსეთთან ერთ სახელმწიფოში გაერთიანების შესაძლებლობა.
”ლუკაშენკოს ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. რუსეთთან კი პირიქით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სულ კონფლიქტები აქვს, მათ შორის ენერგეტიკული. ამ კონტექსტის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. ეს საშუალებას აძლევს ლუკაშენკოს სუვერენიტეტის დამცველად გამოჩნდეს,” – განმარტავს პოლიტიკური მიმომხილველი არტემ შრაიბმანი.
29 ივლისს, ბელარუსის სახელმწიფო მედია ქვეყანაში უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 200 მებრძოლის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა, მათ შორის 32 დააკავეს – ისინი რუსულ ე.წ. ვაგნერის დაჯგუფებას დაუკავშირეს. ამ კომპანიის მებრძოლები, მათ შორის უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსული ძალების მხარეზე იბრძოდნენ.
რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ
ჟურნალისტი ვალერი კარბალევიჩი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანია გახდა კატალიზატორი ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის. მაგრამ უცნობია, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი არჩევნების შემდეგ.
კარბალევიჩი არ გამორიცხავს, რომ 2010 წლის სცენარი განმეორდეს, როდესაც მკაცრმა რეპრესიებმა მოქალაქეების შემართება ჩაახშო.
”საზოგადოება დიდხანს ვერ იქნება აქტიურ პოლიტიზებულ მდგომარეობაში. თუ ხელისუფლება უხეშად ჩაახშობს გამოსვლებს 9-10 აგვისტოს, მაშინ სიტუაცია შეიძლება გაიყინოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში”
არტემ შრაიბმანი კი ორ სცენარს ასახელებს იმ შემთხვევისთვის, თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება კვლავ შეინარჩუნა – თუ 9 და 10 აგვისტოს ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, მასობრივი დაპატიმრებების გარეშე, ხელისუფლების ტრავმა სწრაფად განიკურნება და ის ზომების ხანგრძლივ გამკაცრებას აღარ მიმართავს.
”უფრო პესიმისტური სცენარით, “ხრახნების შემოჭერა” შეიძლება გამოიხატოს პრესაზე ზეწოლაში. ლუკაშენკომ უკვე ახსენა უცხოური მედიისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა. გაგრძელდება ბლოგერებზე ზეწოლა და ტრადიციული კრიმინალური და ადმინისტრაციული ზეწოლა პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე”.