მოსაზრება: ივლისის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - რა მოხდა სინამდვილეში და როგორია შედეგები?
12-16 ივლისის საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მორიგი მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა კონფლიქტის ისტორიაში, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. მაგრამ ეს „მცირე ომი“ განსხვავდებოდა სხვა მსგავსი გამწვავებებისგან, რომელთაგანაც ბოლო 2016 წელს მოხდა.
- კორონავირუსი და კანონი: აზერბაიჯანული კარანტინის იურიდიული მხარე
- გამოქვეყნდა სომხურ-აზერბაიჯანული ერთობლივი ფილმი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ
- ადამიანები, ვისთვისაც ომი არ მთავრდება. შესაძლებელია თუ არა პოსტტრავმული სინდრომის დამარცხება?
მთავარი სხვაობა – ამჯერად ბრძოლა ყარაბაღის ფრონტს არ შეხებია და მიმდინარეობდა მხოლოდ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე. შევეცდებით გავერკვეთ, რა მოხდა და რა საფრთხედ შეიძლება გადაიქცეს ეს მომავალში.
წინაისტორია
მოქმედების ადგილი – თოვუზის რაიონი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში. ორი წლის წინ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საზღვრის ამ მონაკვეთზე, ეროვნული არმიის რეგულარული ჯარები შეეცვალა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარებით.
მაშინ, კომენტატორებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს გადაწყვეტილება გაუკვირდათ. ომის დროს, ფრონტის ხაზზე, არმია უნდა იდგეს, უკვე მშვიდობიან პერიოდში კი, როდესაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთმანეთის საზღვრებს აღიარებს, დაე, დადგნენ მესაზღვრეები. ზოგიერთებმა ეს გადაწყვეტილება ორ გენერალს, თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ელჩინ გულიევს შორის კონკურენციით ახსნეს.
თუმცა, უკმაყოფილოთა ხმა ნელ-ნელა მიჩუმდა, რადგან, ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვრის ამ მონაკვეთზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, გარკვეული მეტრით წინ წაიწიეს და მორიგი პოსტი დადგეს ამა და ამ სიმაღლეზე.
რა თქმა უნდა, მთელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი არადელიმიტირებულია და იქ საკმაოდ ვრცელი „ნეიტრალური ზონებია“, სადაც, როგორც ჩანს, გადაადგილდებოდა აზერბაიჯანული პოსტები. ასე გრძელდებოდა 2020 წლის ივლისამდე, როდესაც, მოულოდნელად, ასეთივე ნაბიჯი გადადგა სომხურმა მხარემ და თავისი პოსტი ორ აზერბაიჯანულ პოსტს შორის დადგა.
შეტაკებების მიმდინარეობა
თავიდანვე ვიტყვი, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია, თითქოს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მსუბუქი УАЗ-ით ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას ან გზა აებნათ, ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება. სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ნათლად ჩანს, რომ ავტომობილი მიდიოდა ნახმარ გრუნტის გზაზე ანუ ჩვეულებრივი მარშრუტით.
გამაფრთხილებელი გასროლების შემდეგ, ეკიპაჟმა ავტომობილი მიატოვა და უკან დაბრუნდა. მზვერავები და დივერსანტები ასე არ იქცევიან.
გარკვეული დროის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ჯარებმა პოსტის დაბრუნება სცადეს, მაგრამ ბრძოლები გაიწელა, ორივე მხარემ იწვნია დანაკარგები, თანაც, აზერბაიჯანმა ორი მაღალი რანგის ოფიცერი დაკარგა.
ოთხი დღის შემდეგ, სროლები მიჩუმდა, იმ პოსტის საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია. ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მოდის, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კი იქ არ უშვებენ.
აზერბაიჯანული მხარის რეაქცია
აშკარად თვალშისაცემი იყო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ მოვლენებმა გააკვირვა. ის, რომ თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და საგარეო სამინისტროს პრესსამსახურები დიდი დაგვიანებით იძლეოდნენ ინფორმაციას – ნახევარი უბედურებაა. ჩვენ, ადგილობრივი ჟურნალისტები ამას მიჩვეული ვართ და, სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მოქალაქეები იძულებული არიან, ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან მოიპვონ, ხანდახან კი სომხური წყაროებიდან, რომლებიც გაცილებით ოპერატიულად მუშაობენ.
მაგრამ, რამდენიმე შეცდომა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს:
არმიის პოპულარული გენერლის, ფოლად გაშიმოვის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ბაქოს ქუჩებში. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეორე დილით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან პირადად მისცა პოლიციას ბრძანება, არ დაეშალათ ადამიანები, მიუხედავად მკაცრი საკარანტინო რეჟიმისა და არასანქცირებული აქციისა. თუმცა, რაღაც მომენტში, ადამიანთა ჯგუფი პარლამენტში შეიჭრა და იქ რაღაცები გატეხეს. მეორე ჯგუფი კი იძახდა – „გადადგომა!“.
მაინც მოუწიათ აქციის დაშლა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა თქვა, რომ გაწვევის კომისიის ხელმძღვანელმა მოახსენა, რომ „სულ 150 ადამიანი ჩაეწერა ფრონტზე მოხალისედ“ და მათგან ნახევარზე მეტი – სწორედ თოვუზის რაიონის მცხოვრებლები იყვნენ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ეს პრეზიდენტის მხრიდან აშკარა შეცდომა იყო. ადამიანებს უბრალოდ არ შეეძლოთ სადმე ჩაწერა ღამის 9 საათზე და, მით უფრო, კარანტინის რეჟიმის დროს. შეცდომის გამოსწორება სცადეს და ახლა, ოფიციალური მონაცემებით, 50 ათასზე მეტი მოხალისეა.
პრეზიდენტმა თავის ემოციურ სიტყვაში, კიდევ ერთი, უფრო უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. ოპოზიციაზე საუბრისას, მან თქვა, „ეს ადამიანები სომხებზე უარესები არიანო“. აქ ასახსნელიც ბევრი არაფერია. როგორ შეიძლება ყარაბაღელ სომხებს „ყველაზე ფართო ავტონომია“ შესთავაზო, თუკი „სომხობა“ ყველაზე ცუდი თვისებების ეტალონად მიიჩნევა. აწ განსვენებული ჰეიდარ ალიევი ასეთ შეცდომებს არასოდეს უშვებდა.
მესამე შეცდომა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაფიგ დარგიახლიმ დაუშვა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სომეხი გენერლის, ტერ-ტადევოსიანის (დიდი ხანია გადამდგარია) მუქარას შეეხებოდა, მინგეჩაურის წყალსაცავზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, მან გაიხსენა „უახლესი რაკეტები“, რომლებსაც მეწამორის ატომური ელექტროსადგურის განადგურება შეუძლიათ.
ეს იმ დროს, როდესაც ატომური ელექტროსადგური თვითონ აზერბაიჯანის საზღვრიდან 70 კილომეტრში და თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 16 კილომეტრშია და ავარია გამოუსწორებელი კატასტროფა იქნებოდა მთლიანად რეგიონისთვის.
სომხური მედიასაშუალებები, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩაეჭიდნენ ამ განცხადებებს და შესაბამისი კომენტარებით მათი ტირაჟირება მოახდინეს. მსოფლიოში ბევრმა გამოცემამ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, მაგრამ უკვე სომხურ წყაროებზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანული ოპოზიციის რეაქცია
ამ დღეებში, ოპოზიციის ლიდერები, მიუხედავად პრეზიდენტის უკიდურესად ემოციური სიტყვისა და ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკისა, მოთმინებას ავლენდნენ და მზაობას გამოთქვამდნენ, დროებით შიდა დაპირისპირებები დაევიწყებინათ.
„დაე, ხელისუფლებამ არ ინერვიულოს ზურგზე. ჩვენ უკეთეს დრომდე, გვერდზე ვდებთ ყველა უთანხმოებასა და კამათს. უნდა გავერთიანდეთ მტრის მოსაგერიებლად“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ალი ქერიმლიმ. მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა ოპოზიციური პარტიების, „მუსავატისა“ და „რეალის“ ლიდერებმა.
რა იქნება შემდეგ
მეჩვენება, რომ ივლისის ბრძოლების მთავარი შედეგი ფსიქოლოგიური უპირატესობის დაკარგვაა, რომელსაც აზერბაიჯანი ფლობდა 2016 წლის აპრილის „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ.
ვფიქრობ, ახალ ინციდენტებს უნდა ვუფრთხილდეთ, შესაძლოა, ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთებზე. აზერბაიჯანი „ასიმეტრიული პასუხით“ დაიმუქრა. რა იგულისხმება ამაში, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, ჯერჯერობით არაფერია ნათელი.
მით უფრო, რომ ამავე დღეებში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი (გათავისუფლება საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის). აზერბაიჯანს გაუჩნდა მიზეზი, „გადატვირთოს“ მთელი მოლაპარაკებების პროცესი და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. მე შესაძლო უარსაც კი ველოდები ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობაზე (რამდენი შეიძლება?) და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას სომხეთის რესპუბლიკისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. შესაძლოა, რუსეთის ქოლგის ქვეშ (აბა, მათ გარეშე, როგორ იქნება).