ცეცხლთან მებრძოლების ახალი წელი
დაფიქრებულხართ, როგორ ხვდებიან ახალ წელს ის ადამიანები, ვინც მთელი დღე–ღამე მორიგეობს? 31 დეკემბერს, როდესაც ყველა საზეიმო სუფრას უზის და ერთობა, მორიგე მეხანძრეები ნებისმიერ წუთს მზად არიან სხვისთვის დახმარების გასაწევად.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო საკუთარ ტყავზე იმ ტვირთის ზიდვა,რაც ამ ბიჭებს აწევთ. ეს წელი მეხანძრეებთან ერთად 24-საათიანი მორიგეობით დავიწყეთ. და ვიდრე არც ერთი გამოძახება არ შემოსულა, ერევნის სამაშველო სამმართველოს ერებუნიის განყოფილების მესამე სახანძრო-სამაშველო რაზმის ბიჭები გასული წლების საახალწლო მოგონებებს გვიზიარებენ.
კაპიტანი გარნიკ პაპოიანი
‘რამდენიმე თვით ადრე ვიგებთ, მოგვიწევს თუ არა ახალი წლის ღამეს მორიგეობა. 2002 წლიდან ვმსახურობ და ამ 13 წლის განმავლობაში შვიდჯერ შევხვდი ახალ წელს სამსახურში’.
სერჟანტი ოგანეს გევორქიანი
‘ამ დღისთვის ყოველთვის საგანგებოდ ვემზადებით: ვრთავთ ნაძვის ხეს, გარშემო ყველაფერს ვალამაზებთ და სადღესასწაულო კერძებს ვამზადებთ. ვცდილობთ, აქაც შევქმნათ ოჯახური ატმოსფერო, რადგან წელიწადის გარკვეულ ნაწილს აქ ვატარებთ, სამსახურში. თუმცა, დღესასწაული დღესასწაულია, სამსახური კი _ სამსახური. საახალწლო ატმოსფერო სიფრთხილის შენარჩუნებაში ხელს არ გვიშლის’.
სერჟანტი აიკ მარდანიანი
‘ჩემს ოჯახს სულ უნდა, რომ ეს დღე მათთან ერთად გავატარო, მაგრამ იმასაც კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე მაბარია. ჩემს პროფესიას პატივს სცემენ. ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებ ხოლმე, რომ მორიგეობის დროს უბედური შემთხვევა არ მოხდეს, და ადამიანები თავიანთ თბილ, მყუდრო სახლებში მშვიდად შეხვდნენ ახალ წელს. ჩვენც ხომ გვაქვს სახლები, ოჯახები და შვილები გვყავს’.
კაპიტანი გარნიკ პაპოიანი
‘რამდენიმე წლის წინათ, 12 საათი რომ შესრულდა და ახალი წელი დაიწყო, გვაცნობეს, _ ერთ-ერთ სახლში ცეცხლი გაჩნდაო. შემთხვევის ადგილას რომ მივედით, თურმე სახლის ბინადრები აივანზე მწვადს წვავდნენ, მეზობლებს კი ხანძარი ეგონათ და განგაში ატეხეს’.
სერჟანტი აიკ მარდანიანი
‘ამ დღეებში ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო უყურადღებოდ იქცევიან და ცეცხლთან მოპყრობის წესებს არ იცავენ. შემთხვევის ადგილას მისულებს ხშირად ბინის პატრონები უკვე შეზარხოშებულები გვხვდებიან. აღმოჩნდება,რომ გამათბობელი ჩართული დარჩენიათ, გადახურებული სადენები კი მოკლე ჩართვას იწვევს და ხანძარი ჩნდება’.
სერჟანტი მარტიროსიანი
‘ორი წლის წინაც ახალი წლის ღამეს მოგვიხდა მორიგეობა. დაახლოებით შუაღამისას გვაცნობეს, რომ რაზდანის ხეობაში, რესტორან „ფარვანაში“ ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილას დიდი ცეცხლი დაგვხვდა. ბევრი ერევნული რაზმი უკვე ადგილზე იყო და მუშაობდა. რამდენიმე საათის შემდეგ თავიდან ფეხებამდე სველები დავბრუნდით. ის ახალი წელი ყველაზე უკეთ დამამახსოვრდება’.
ზემდეგი არამ პეტროსიანი
‘რაზმში ერთი საახალწლო ტრადიცია გვაქვს _ პირველი იანვრის დილას, როდესაც მორიგეობას ვასრულებთ, ჩვენი რაზმის თითოეული წევრის ოჯახში მივდივართ რიგრიგობით სტუმრად. ცოტა იმას არ უმართლებს, ვის სახლამდეც სულ ბოლოს ვაღწევთ _ ანუ ვისაც ყველაზე ბოლოს უწევს შინ მისვლა. ამ საგანგებო პირობებში მუშაობა ძალიან გვაახლოვებს, ერთ მუშტად და ერთ ოჯახად გვკრავს, ერთ გუნდად _ რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა, ადამიანებს დაეხმაროს’.
კაპიტანი გარნიკ პაპოიანი
‘კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება ახალ წელის მორიგეობისას _ შუაღამის შემდეგ მორიგი ზარი შემოვიდა. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოვცხადდით. ცრუ გამოძახება აღმოჩნდა _ არაფერი მომხდარა. იმ კაცმა, ვინც გამოგვიძახა, ძალიან სერიოზული სახით მკითხა: ‘სახანძრო მანქანაში შემთხვევით არყის ბოთლი ხომ არ გაქვს გადანახული, ძმაო? აიღეთ და ჩემთან ამოდით, გთხოვთ’. არც კი ვიცოდით, გვეტირა, თუ გვეცინა. მივულოცეთ და წამოვედით. ეს არ ჯობია ნამდვილ ხანძარს, მსხვერპლს და უბედურ შემთხვევას?!’
სერჟანტ მარდანიანს ნატვრა აუხდა _ წლევანდელმა დღესასწაულმა უბედური შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ამიტომ, მეხანძრეები საქმიანობის დროს ვერ ვნახეთ. საინტერესო კი იქნებოდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ მათმა მორიგეობამ მშვიდად ჩაიარა. კაპიტანი პაპოიანის გუნდმა მორიგეობა დაასრულა და, ტრადიციისამებრ, ყოველწლიური რიტუალის შესრულებას შეუდგა _ ოჯახებში ჩამოვლა დაიწყო.