მზეთუნახავი და ურჩხული დებულებები
ახალგაზრდა ქართველმა ლამაზმანმა, პოტენციურმა ‘მის სამყარომ’, ჯანეტ ქერდიყოშვილმა ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პირადულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას პარტნიორთან თანასწორუფლებიანობა არ სჭირდება და მოსწონს ისეთი სიტუაცია, როდესაც ქალი სახლშია და ბავშვებს უვლის, მამაკაცი კი ოჯახს არჩენს. მისი თქმით, ქორწინების დროს მთავარია, რომ ქმარს უყვარდეს მეუღლე, ქალს კი თავისი შვილების მამა ნებისმიერ შემთხვევაში შეუყვარდება. ქერდიყოშვილის აზრით, მამაკაცისგან ცოლის ღალატი არ არის განსაკუთრებული პრობლემა,ქალის მხრიდან მეუღლის ღალატი კი უპატიებელი დანაშაულია.
Theapricity.com
ჯანეტს პატრიარქალური საქართველოსთვის გასაკვირი და ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, ქერდიყოშვილი საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხს შეეხო და ბევრი ადამიანი გააღიზიანა. ყოველ შემთხვევაში, სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნულ ინტერვიუს რამდენიმე დღის განმავლობაში აზიარებდნენ და არც კომენტარებს იშურებდნენ. მომხმარებელთა დიდი ნაწილი (უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიაში ორივე სქესის წარმომადგენლების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა აღმოჩნდა და არც დედაქალაქის მკვიდრ მოსახლეობასა და რეგიონში მცხოვრებებს შორის იყო დიდი სხვაობა) ლამაზმანის იდეებმა აღაშფოთა.თუმცა, სამწუხაროა, რომ პოტენციური ‘მის სამყარო’ ღია ‘ბულინგის’ მსხვერპლი გახდა. თითქმის ყველა მომხმარებელი ჯანეტის სილამაზისა და გონიერების შედარებითი ანალიზით იყო დაკავებული. ქალთა ორგანიზაციის ლიდერებსა და აქტივისტებს შორის ორი ძირითადი აზრი გამოიკვეთა. ფემინისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ნათქვამის შინაარსისა, ქერდიყოშვილს სრული უფლება ჰქონდა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება.
‘ჯანეტს სრული უფლება აქვს, ისე იცხოვროს, როგორც სურს. დაე, ჰყავდეს სამი შვილი, ნუ იმუშავებს და ქმარსაც ნუ დაუშლის სხვა ადამიანთან სექსს. თუ მას არ სურს, საკუთარ ოჯახში გადაწყვეტილებები მიიღოს და თუკი თანასწორუფლებიანობა არ სჭირდება, ეს მისი არჩევანია. ის უბრალოდ პატრიარქალური კულტურის ‘კარგ ქალთან’ დაკავშირებულ მკაცრ მოთხოვნებს იმეორებს’, _ განაცხადა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ქალთა მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ორგანიზაცია ‘საფარის’ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება აქტივისტების მეორე ბანაკი.
’ქართული ტელევიზია მსგავსი ‘პირადი მოსაზრებებითაა სავსე’, _ JAMnews-თან საუბრისას აღნიშნა საქართველოს ქალთა მოძრაობის აქტივისტმა, ჟურნალისტმა გალინა პეტრიაშვილმა, _ წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი რეიტინგული ტელეარხის ეთერით ვინმემ თქვას: ‘ სისულელეა ეგ თქვენი საგზაო მოძრაობის წესები; შუქნიშნები უბრალო პროპაგანდაა _ ძელზე მიმაგრებული რაღაც ნათურები ინთება მხოლოდ. რას ბრძანებთ? შუქნიშანი? იმისთვის, რომ შემდეგ თქვენს მწვანე შუქზე ჰომოსექსუალებმა გეი-აღლუმი მოაწყონ? არა, უმჯობესია, ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც ადრე, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა _ ისე ვიაროთ, როგორც ქართველ ვაჟკაცს გაუხარდება. მერე რა მოხდა, თუკი ქვეითს გადათელავს _ ამიტომაცაა ქვეითი ქვეითი’. სასაცილოა? მაგრამ ზუსტად ეს ხდება ახლა ჩვენს მედიასივრცეში გენდერულ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ არის ნორმალური. სწორედ ამიტომ, საქართველოში ისეთი კანონის მიღებაა საჭირო, რომელიც მედიაში გენდერულ საკითხს მოაწესრიგებს.