გოგონები არ გვჭირდება
საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანს ჯერ კიდევ 2012 წელს მისცეს რეკომენდაცია სელექციური აბორტების პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ყოველ 100 გოგონაზე 112 ვაჟი მოდიოდა (ჩვეულებრივ, 100 გოგონაზე 104 ვაჟი მოდის). ახლა, როდესაც შესაძლებელი გახდა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, გაირკვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
დეპუტატი მუსა გულიევი ამბობს, რომ ქვეყნის პარლამენტი აპირებს, ცვლილებები შეიტანოს კანონში “რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ”. აღნიშნული ცვლილებები იმ გამოკვლევების აკრძალვას გულისხმობს, რომლითაც ნაყოფის სქესი დგინდება.
დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანის პარლამენტი ამ რეგულაციის მიღებას აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით კანონმდებლობაში ამ მხრივ რაიმე ცვლილება არ შესულა.
რეცეპტები facebook-იდან
სოციალურ ქსელებში ეს თემა ცხარე კამათის საგანია, თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად რაიმე შეთავაზებას იშვიათად თუ წააწყდებით:
“ამ პრობლემის კომპრომისული გადაწყვეტაც შეიძლება: ნებადართული იყოს ნაყოფის სქესის გაგება, მაგრამ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ, თუკი წყვილს აბორტის გაკეთების მცდელობა ექნება, ორივე მშობელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამასთან, სასჯელი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა განისაზღვროს.”
“უნდა დაიდგას სპეციალური აპარატები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება პრეზერვატივების ყიდვა. ჩვენს მამაკაცებს ამ ნივთის აფთიაქში შეძენის რცხვენიათ. და იქნებ, აბორტის გაკეთებაც აღარ გახდეს საჭირო.”
ყველაზე ხშირად დისკუსიის შედეგად ასკვნიან, რომ სელექციური აბორტები გარდაუვალი ბოროტებაა, რომელსაც საკანონმდებლო რეგულაციებით ვერ დაამარცხებ:
” მერე რა? საზღვარგარეთ დაიწყებენ სიარულს, ექიმები კი, უფრო დიდი გასამრჯელოს ფასად, სახლებში გააკეთებენ აბორტებს. ბევრი “ჭკუის კოლოფი” ამ პროცედურის ჩატარებას თავადაც შეეცდება; ზოგი კი გააჩენს ბავშვს და სანაგვეში ჩააგდებს.”
“საინტერესოა, როგორ აპირებენ ამის გაკონტროლებას. წარმოიდგინეთ, რომ ქალი ექიმთან მივიდა მიღებაზე და კაბინეტში მარტონი სხედან. როგორ უნდა აიძულო ექიმი, არ გაამხილოს ბავშვის სქესი?”
“კანონების მიღებას, ჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რატომ იქცევიან ადამიანები ასე.”
მიზეზები
ლამია, 32 წლის: “ჩემს ქმარს ვაჟი უნდა. მე რა ვქნა? სანამ ვაჟი არ დაიბადება, ექვს გოგოს ვერ გავაჩენ. იმ გოგონებს ვინ შეინახავს?”
სევილი, 29 წლის: “უკვე მყავს ორი ქალიშვილი, ახლა კი დამხმარე მჭირდება – ის, ვინც მძიმე ჩანთების ზიდვაში დამეხმარება და გოგონებს გააცილებს, როდესაც ისინი კურსებზე, ან რეპეტიტორებთან ივლიან. თანაც, არ მინდა მარტო დავრჩე, როცა დავბერდები. გოგონები გათხოვდებიან და წავლენ; ბიჭი კი სახლში დარჩება და რძალსაც მომიყვანს.”
ელენა, 25 წლის: “ამ ქვეყანაში ძნელია, იყო ქალი. ყოველ შემთხვევაში – იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ. ამიტომ, არ მინდა გოგონების გაჩენა – უბედურები იქნებიან აქ. კაცებისთვის ამ საზოგადოებაში ცხოვრება ადვილი და მოსახერხებელია.”
ექსპერტების აზრით, სელექციური აბორტების მიზეზებია:
1. ტრადიციული გენდერული როლები, როდესაც ქალი მამაკაცზეა დამოკიდებული, თავისით ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ აქვს ხმის უფლება ოჯახში;
2. კულტურისა და განათლების დაბალი დონე, რის გამოც, მშობლებს არ აღელვებთ ქალიშვილის თავიდან მოშორებასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტები;
3. აბორტის მავნებლობისა და კონტრაცეფციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის არქონა.