„აზერბაიჯანში მხოლოდ სიმამაცე საკმარისი არ არის“ - ცნობილი უფლებადამცველი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც 30 წელია ხელისუფლება არ შეცვლილა
არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს, უფლებადამცველ ანარ მამედლის ვესაუბრეთ აზერბაიჯანში ოპოზიციის საერთო მდგომარეობასა და იმაზე, თუ როგორ სჯობს დემოკრატიული საზოგადოების შენება
„მმართველი გუნდი ოპოზიციას არ აძლევს უფლებას, ხელისუფლებად იქცეს“
იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანული ოპოზიცია უკვე 30 წელია ვერ ახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას, ანარ მამადლი უკავშირებს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონკურენტუნარიანი გარემო და ვერ ჩამოყალიბდა არჩევნების ინსტიტუტი.
„მმართველი გუნდი ოპოზიციას არ აძლევს უფლებას, რომ ხელისუფლებად იქცეს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა დემოკრატიული საარჩევნო გარემო და პოლიტიკური ძალები წლებია არ იცვლებიან“.
საარჩევნო გარემოს არარსებობამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ აზერბაიჯანი დემოკრატიის თვალსაზრისით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ჩამორჩება.
„სიმამაცე საკმარისი არ არის“
ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე საუბრისას, რომლებიც საკუთარი გუნდის სათავეში, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაშიც კი არიან, უფლებადამცველი ყურადღებას ორ ფაქტორზე ამახვილებს:
„არიან ლიდერები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არიან პოლიტიკით დაკავებული და მიუხედავად ზეწოლისა, ბრძოლას აგრძელებენ. შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ მათი შემცვლელი არავინაა, რადგან აზერბაიჯანში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა სურს“.
მამედლი დასძენს, რომ ადამიანთა ჯგუფისთვის ძალიან რთულია ახლა პოლიტიკური პარტიის შექმნა და ამიტომ, პარტიის შექმნა უნდა განვიხილოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოებების, პოლიტიკური თავისუფლებისა და აკრძალვების კონტექსტში.
აღნიშნავს რა, რომ აზერბაიჯანში არიან ოპოზიციონერები, რომლებმაც პოლიტიკას ბევრი წელი შესწირეს, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი დასძენს, რომ მათ საქმიანობას შემოქმედებითი მიდგომა აკლია.
„მხოლოდ სიმამაცე საკმარისი არ არის. იქმნება განცდა, რომ ოპოზიციურ ბანაკს არ შეუძლია გარკვეული წრიდან გამოსვლა, მათი რიგები არ ფართოვდება და ხალხი მათდამი განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებს. იქნებ, სიმამაცესთან ერთად, სხვა თვისებებიც საჭიროა?“.
„საზოგადოებაში პოლიტიკური პოტენციალის არარსებობის გამო, არ ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალები და პლატფორმები“
დღეისათვის, აკადემიურ წრეებში სერიოზულად განიხილავენ, საჭიროა თუ არა პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში, სადაც არჩევნები არ ტარდება? აზერბაიჯანშიც არ არის არჩევნები, ამ შემთხვევაში, აქვს რაიმე მნიშვნელობა პარტიების არსებობას?
მამედლის მიაჩნია, რომ აქვს. იმიტომ, რომ მართალია, პარტიებს არ შეუძლიათ არჩევნების გზით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა, არჩევნებს შორის ინტერვალებში, ისინი უნდა წარმოადგენდნენ პროგრესულ ღირებულებებს, თავისკენ წაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და იყვნენ იმ ადამიანების ხმა, რომელთაც არ უსმენენ.
„აზერბაიჯანში ყველა პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტიის ჩათვლით, მარგინალიზაციის პრობლემას შეეჯახა. პოლიტიკა თავისთავად მახინჯდება და პასუხისმგებლობა ამაზე მმართველ ძალებს ეკისრება“.
ექსპერტის აზრით, იმ სივრცის შევიწროება, რომელშიც ოპოზიციური პარტიები არსებობენ, ასევე მარგინალიზაციას იწვევს. შედეგად, მოსახლეობის ნაწილს ამ პარტიებისადმი უნდობლობა უჩნდებათ. ამ შემთხვევაში, პარტიის შიგნითაც იკარგება დემოკრატია.
„დღეს აზერბაიჯანი ისეთ ვითარებაშია, რომ პარტიებმა ვერ შეძლეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.
პარტია „მუსავათი“, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და იმავე საუკუნის ბოლოს აღდგა, და პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“, რომელიც დამოუკიდებლობის პირველ წლებში შეიქმნა, კვლავინდებურად წამყვან პოლიტიკურ ორგანიზაციებად რჩებიან“.
მამედლის მიაჩნია, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური პოტენციალის არარსებობის გამო, არ ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალები და პლატფორმები.
„როდესაც ამ თემას ვეხებით, შეკითხვა ასე უნდა დავსვათ: რატომ არ ჩნდებიან აზერბაიჯანულ პარტიებში ახალი სახეები და რატომ ხელმძღვანელობენ ერთი და იგივე პირები პარტიებს 30 წლის განმავლობაში? ეს გამოწვეულია იმით, როგორი პოლიტიკური გარემოც ქვეყანაში შეიქმნა“.
„თუკი ნორმალური გარემო იქნება, მომდევნო არჩევნებზე ახალ პოლიტიკურ ძალებს ვიხილავთ“
გასულ, 9 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ არ მონაწილეობდა, მაგრამ კენჭს იყრიდნენ „მუსავათისა“ და „რესპუბლიკური ალტერნატივის“ წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატები.
„ე.ი. თუკი ნორმალური გარემო იქნება, მომდევნო არჩევნებზე ახალ პოლიტიკურ ძალებს ვიხილავთ და აღარ ვიკამათებთ იმის შესახებ, რატომ არ იცვლებიან ამ პარტიების ლიდერები 30 წლის განმავლობაში“.
მამედლი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თუკი ამა თუ იმ პარტიის რომელიმე წევრი საკუთარ კანდიდატურას წარადგენს თავმჯდომარის რანგში, ეს მის წინააღმდეგ შეტრიალდება და ამ ადამიანზე მაშინვე დაიწყება თავდასხმები“.
„დემოკრატიისთვის მებრძოლთა შორის ასეთი რამ დაუშვებელია“.
„პარტია ახალი აზერბაიჯანი პოლიტიკურ არენაზე არ დომინირებს“
არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრი უკვე 18 წელია აზერბაიჯანში არსებობს და ამ დროის განმავლობაში, ყველა არჩევნებს აკვირდებოდა და მათ შესახებ ანგარიშებს ამზადებდა.
პარტიების საარჩევნო სტრატეგიებზე საუბრისას, ექსპერტი აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, პარტიები რაღაც მოდუნდნენ და არჩევნების მიმართ ძველებურ ენთუზიაზმს აღარ ავლენენ.
მმართველი პარტიაც, „ახალი აზერბაიჯანი“, რომელიც ადრე სერიოზულ დებატებს, საინტერესო ყრილობებსა და შეკრებებს აწყობდა, ახლა ფაქტობრივად არ დომინირებს პოლიტიკურ არენაზე. ოპოზიციურ ბანაკშიც იგივე ვითარება შეინიშნება.
„ამომრჩევლებიც აღარ ინტერესდებიან ახლა არჩევნებით და უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა ეს გვაჩვენა. საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10-12% შეადგინა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. პარტიები და პოლიტიკური ძალები უნდა დაფიქრდნენ, როგორ მიაპყრონ მოსახლეობის ყურადღება არჩევნებისკენ. ადამიანებთან უნდა იმუშაონ არჩევნებს შორის პერიოდშიც, რათა ახსოვდეთ ამ პროცესის მნიშვნელობა. არჩევნებში ხალხის ჩართვა ძირითად სტრატეგიად უნდა იქცეს“.
„2003 წლის საპრეზიდენტო და 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ხალხი გაცილებით აქტიურად იყო ჩართული პროცესებში. და ამბობენ, რომ 2003 წლის შემდეგ, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა გაიზარდა. მაშინ, რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანები აღარ დადიან არჩევნებზე?! ამ თემაზე სერიოზული სოციოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი“.