როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ოთხთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ საქართველო ტურისტულ სეზონს ხსნის.
15 ივნისიდან სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასქტრუქტურა ადგილობრივი ტურისტებისთვის იხსნება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა პირველ საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.
საერთაშორისო პრესა საქართველოს პოსტ-კოვიდურ სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს. ჟურნალმა Forbes -მა ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი ტურისტებისთვის კორონაუსაფრთხო მიმართულებების სიაში შეიყვანა. საქართველოზე, როგორც უსაფრთხო მიმართულებაზე წერენ Washington Post; ვებგვერდები European Best Destinations, ჩეხური ტურისტული ბიზნესპორტალი TTG და ა.შ.
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
- 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება
- მსოფლიო კარანტინიდან გამოდის: რობოტები ადამიანებს სიცხეს უზომავენ და პარკებს აკონტროლებენ
საქართველოს მთავრობაც ცდილობს ეს მოცემულობა გამოიყენოს – ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს აქვს შანსი ახალი ტურისტული ბრენდი – კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს.
როგორ ემზადება საქართველო ტურისტებისთვის და რა მოლოდინები აქვთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს.
რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები საქართველოში?
თითქმის სამთვენახევრის შემდეგ, 1 ივლისს, გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტი.
იმ ქვეყნების ზუსტი ჩამონათვალი, რომლებთანაც აღდგება ფრენა 1 ივლისიდან, ჯერჯერობით არ არსებობს. ითქვა მხოლოდ ის, რომ პირველ ეტაპზე საქართველოს ცა იმ ქვეყნებისთვის გაიხსნება, სადაც სტაბილური ეპიდსიტუაციაა.
თუმცა, მაგალითად, ელექტრონული ბილეთების ონლაინ-მაღაზიაში skyscaner-ზე უკვე შეიძლება 1 ივლისის თარიღით ერთ-ერთი ყველაზე კოვიდ-ცხელი წერტილიდან, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ყიდვა. ამ ბილეთებს სომხური ავიაკომპანია „არმენია“ და ბელარუსული „ბელავია“ ყიდიან.
ტურისტული სეზონის გახსნამდე, საქართველომ რამდენიმე ქვეყანასთან ე.წ. „მწვანე დერეფანი“ გააფორმა. ეს ქვეყნებია – ისრაელი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ავსტრია და გერმანია.
„მწვანე დერეფანი“ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები ერთმანეთთან ყოველგვარი კარანტინის გარეშე იმოგზაურებენ. მაგალითად, ჩეხეთის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ორკვირიანი კარანტინი არ დასჭირდება. ასევე კარანტინში ყოფნა არ მოუწევს არც ჩეხეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეს.
საერთაშორისო ტურისტებს საქართველო 1-ლი ივლისიდან ელის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველი ხუთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის, „მწვანე დერეფანში“ ვერ მოხვდა. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. ამ ქვეყნების უმეტესობაში მძიმე ეპიდსიტუაციაა, განსაკუთრებით სომხეთსა და რუსეთში. როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე ამბობს, სომხეთთან საზღვრის გახსნა ამ ეტაპზე სახიფათო იქნება.
რაც შეეხება უკრაინას, როგორც საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, საქართველოსა და უკრაინას შორის სწორედ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეისების აღდგენის თაობაზე. ონლაინ უკვე შეიძლება კიევის მიმართულებით და უკან ბილეთების ყიდვა 1 ივლისიდან.
skyscaner-ზე შესაძლებელია ასევე თბილისი-მინსკის, მინსკი-თბილისის; თბილისი-სტამბოლის და სტამბოლი-თბილისის ბილეთების ყიდვა 1 ივლისის თარიღით. ასევე უკვე იყიდება 1-ლი ივლისის თარიღით ბილეთები მიუნჰენამდე. მათ ლუფთჰანზა და პოლონური ავიაკომპანია ლოტი ყიდის.
ონლაინ ბილეთები გამოაქვეყნა რაინეარმაც. ასევე საქართველოს ავიახაზები ყველა იმ რეისის აღსადგენად ემზადება, რომელსაც პანდემიამდე ასრულებდა.
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ბორდის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერავინ იტყვის რამდენი ტურისტი შემოვა:
„ჯერ დადასტურებულად არაფერი ვიცით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი რეგულაციები მსოფლიოს სხვა ქვეყნების რეგულაციებთან შედარებით მსუბუქია,” – ამბობს ის.
კარანტინი თუ კოვიდ-ცნობა – როგორ შეამოწმებენ ტურისტებს საზღვარზე?
რეგულაციები, რომლებითაც საქართველო ტურისტებს დახვდება ჯანდაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კერძო სექტორის ერთობლივი კოორდინირებით შემუშავდა.
თუმცა, ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ.
უცხოელი ვიზიტორები ჩამოსვლამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, როგორ დახვდებიან ტურისტებს აეროპორტში და რა პროცედურებს გაივლიან მგზავრები საზღვრის გადმოკვეთისას.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსულმა სტუმრებმა საზღვარზე ერთ საათიან შემოწმებაზე უფრო ხანგრძლივი პროცედურა არ უნდა გაიარონ.
განიხილება რამდენიმე ვერსია: 72 საათიანი დაყოვნება კარანტინში; საზღვარზე სპეციალური ცნობის წარდგენა – ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხის, რომელიც უარყოფითია; და მესამე ვარიანტად განიხილება საზღვარზე ტესტირებაც.
საბა კიკნაძე, ტურისტული კომპანია Georgian Hospitality Group – ის დამფუძნებელი, სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას რეგულაციების მიღების პროცესში. ის ფიქრობს, რომ თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, ტურისტებისთვის ქვეყნის გახსნას აზრი არ აქვს, მაინც არავინ ჩამოვა.
„ჯერჯერობით ღიად არის დატოვებული საკითხი როგორ შემოწმდებიან მგზავრები საზღვარზე. გადაჭრით, ჯერ არცერთი დოკუმენტი არ მინახავს. ჩემი აზრია, რომ მგზავრს არჩევანი უნდა ჰქონდეს – საზღვარზე ტესტის გაკეთება სურს საკუთარი ხარჯით, თუ სავალდებულო კარანტინის გავლა,” – ამბობს ის.
ნიკა სამადაშვილი უკვე ექვსი წელია ტურისტულ ჯგუფებთან გიდად მუშაობს. 1 ივლისიდან ტურისტების შემოდინების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან, მისი აზრით, რეგულაციების შესრულება რთული იქნება:
„ძალიან ძვირი დაუჯდება ტურისტს მოგზაურობა. მაგალითად ტესტი, რომელიც ყველამ უნდა ჩაიტაროს საზღვრის გადმოლახვამდე, დაახლოებით 100 დოლარი ღირს. გამოდის, რომ 4-5 ადამიანისგან შემდგარ ოჯახს მხოლოდ ტესტის გაკეთება 400 დოლარი დაუჯდება” .
როგორ იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურა
განსხვავებით საზღვარზე შემოწმების წესისგან, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ყველასთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს ტურიზმის სექტორთან – საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის, სასტუმროებისა და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის.
ამ რეგულაციების მიხედვით, ყველა ტურის წინ გიდს, მძღოლს და ტურისტს უნდა გაუზომონ სიცხე;
თითოეულ მათგანს ტრანსპორტსა და შენობებში უნდა ეკეთოს პირბადე, მძღოლის კაბინა მგზავრებისგან გამოყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერით. ტრანსპორტში მგზავრები არ უნდა ისხდნენ მჭიდროდ. ასევე, ახალი რეგულაციით ტრანსპორტში არ შეიძლება კონდიციონერის ჩართვა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კონდიციონერის დროს ჰაერის ცირკულაცია ვირუსის ყველა მგზავრზე გადადებას შეუწყობს ხელს.
რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებსა და ყველა დახურულ სივრცეში, რომელიც ტურისტებს ემსახურება, დღეში რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს ზედაპირები სპეციალური ხსნარებით;
ყოველ ორ საათში უნდა ტარდებოდეს კარებისა და ფანჯრების სახელურების, მოაჯირების, ლიფტის ღილაკების დეზინფექცია;
შენობის შესასვლელებთან აუცილებლად უნდა დაიდგას დეზობარიერები – ფეხსაცმლის საწმენდი სპეციალური ხალიჩები, სადაც სადეზინფექციო სითხე ასხია. ხოლო თანამშრომლები, მაგალითად სასტუმროს მიმღებში, უნდა ისხდნენ სპეციალური გამჭვირვალე ბარიერის უკან.
რას ელის ტურისტული ბიზნესი
რეგულაციების მიღების პროცესში ტურისტული კომპანია Karva Travel – ის, ტურიზმის სკოლისა და ფეისბუქ-ჯგუფის „გიდინფო“ დამფუძნებელი რუსუდან ჯაფარიძეც მონაწილეობდა.
მისი თქმით, თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციების ძალიან ხისტი და რთული ვარიანტი შეიმუშავა, მაგრამ შემდეგ მოხერხდა როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებაც.
თუმცა, ზოგიერთი რეგულაცია მისთვის მაინც გაუგებარია.
„მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრანსპორტზე რეგულაცია არ მოგვიხსნა. გამჭვირვალე ბარიერი მინივენში ძალიან გვიფერხებს როგორც ჰაერის ცირკულაციას, ასევე სარკეების კონტროლს, რაც სახიფათოა. ასევე, კონდიცირების სისტემაზეც ჯერჯერობით ღიად დგას საკითხი,” – ამბობს ის.
რუსუდან ჯაფარიძე ამბობს, რომ პრობლემა კიდევ იმაშია, რომ წელს საქართველოში დასვენება ტურისტებს უფრო ძვირი დაუჯდებათ სწორედ ახალი კოვიდ-რეგულაციების გამო:
“ფასი, რა თქმა უნდა, მოიმატებს – ელექტორნული თემორმეტრი, ნიღაბი, ხელთათმანი, პირბადე, გამჭვირვალე ბარიერები – ეს ყველაფერი ხომ უნდა შევიძინოთ. ხარჯში ძალიან დიდი სხვაობა იქნება და შესაბამისად, ფასებიც მოიმატებს.“
ელენე ინაური, კომპანია Lilat Travel & Events წარმომადგენელი, მრავალი წელია შიდა ტურებზე მუშაობს. მისი კომპანიაც ემზადება ტურისტების მისაღებად. ისიც ამბობს, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ მომსახურების ფასები საგრძნობლად გაიზრდება.
„თუკი ერთი ავტობუსის დაქირავება 300 ლარი ღირდა და ამ თანხას 50 ადამიანი ინაწილებდა, ახლა, სავარაუდოდ, ერთ ავტობუსში მხოლოდ 25 ადამიანის დაჯდომა იქნება შესაძლებელი, რაც თავისთავად გაზრდის მომსახურების ფასს.“
1 ივნისიდან საქართველოში ღია კაფეები და რესტორნები ამუშავდა. 8 ივნისიდან საზკვების ობიექტები უკვე შიდა სივრცეებსაც აამუშავებ. ახალი წესები მათთვისაც ამოქმედდა.
ახალი წესებით, რესტორნებსა და კაფეებში ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, როცა ისინი არ ჭამენ.
შესვლისას სტუმრებს უნდა გაუზომონ სიცხე – 37 და მეტი ტემპერატურის მქონე სტუმრის ობიექტზე შეშვება არ შეიძლება. მაგიდები უნდა იდგეს ორმეტრიანი დისტანციით. იზღუდება ერთ მაგიდასთან მსხდომი სტუმრების რაოდენობაც. სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს პერსონალი.
“ჯი-ემ-თი მთაწმინდას” გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ ბებიაშვილის თქმით, მათ მართვაში არსებული რესტორნები (ფუნიკულიორის კომპლექსი, “პური გულიანი”) 1 ივნისს გაიხსნა და ახალი რეგულაციების მიუხედავად, ფასები უცვლელი დარჩა.
“ჩვენი მომხმარებლებიც გაგებით ეკიდებიან ახალ წესებს. ჯერჯერობით არავის არაფერი გაუპროტესტებია. როგორც ჩანს, პანდემიამ ადამიანური ურთიერთობები და ემოციები არ დააზარალა,” – ამბობს ის.
ტურისტების მისაღებად ემზადებიან საქართველოს რეგიონებშიც.
სასტუმრო კორშა ხევსურეთშია. ხევსურეთი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალმთიანი ტურისტული მიმართულებაა ქვეყანაში.
სასტუმროში დიდი სამზადისია 15 ივნისისთვის – წელს აქ უფრო შიდა ტურისტებს ელიან, ვიდრე უცხოელებს.
სასტუმროს მეპატრონე მარინე გიგაური ამბობს, რომ მომსახურება გაძვირდება:
„ძალიან გვეზრდება ხარჯი. პროდუქტი გაძვირდა. ამას გარდა, პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო სითხეები, ყველაფერი ხომ უნდა შევიძინოთ? სტუმარს თუ არ ექნება, ჩვენ უნდა დავახვედროთ. ახალი მომსახურე პერსონალი დაგვჭირდება. პანდემიამდე ოჯახი ვმუშაობდით და მხოლოდ ორი თანამშრომელი გვყავდა. ახლა კი ყოველ წუთას დეზინფექციას ვერ აუვალთ,” – ამბობს ის.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე ჰოსტელების შემთხვევაში. ჰოსტელებში ძირითადად ბიუჯეტური დამსვენებლები – ახალგაზრდები ჩერდებიან ხოლმე. აქ ერთ ოთახში ბევრი საწოლია, სადაც ზოგჯერ რამოდენიმე ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი შეიძლება გაჩერდეს. პანდემიის პირობებში ასეთ რამეს ბევრი არ გარისკავს.
წელს, როცა მოგზაურობა ბევრად უფრო ძვირია, ჰოსტელების კლიენტები, დიდი ალბათობით, სახლში დარჩებიან.
თბილისის ცენტრში მდებარი ჰოსტელის „ტერასას“ მეპატრონე ციცი გოგსაძე ჯერ კიდევ ფიქრობს როგორ გადაარჩინოს თავისი ბიზნესი:
„შეიძლება მიმართულება შევცვალოთ და გესთჰაუზად გადავკეთდეთ ან კაფე გავხსნათ. ფაქტია, რომ ჰოსტელების უმეტესობამ ვერ გაუძლო ახალ რეალობას, თითქმის ყველა დაიკეტა. ჰოსტელს მომხმარებელი არ ეყოლება – რამდენიმე უცხო ადამიანი ერთ ოთახში სარისკოა. ჩემთვისაც სარისკოა და არც სხვას მინდა შევუქმნა პრობლემა. გესთაუსის შემთხვევაში ერთ ოთახში ერთი ოჯახი იქნება, ოთახები ცალ-ცალკე გაქირავდება და კიდევ გვაქვს მუშაობის შანსი,” – ამბობს ის.
ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ბორდის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ წელს ჯგუფური ტურიზმის ამოქმედება რთული იქნება.
„ბევრი ქვეყანა ჯერ სხვა ქვეყნების შედეგს დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება და შესაბამისად, მოთხოვნა ქმნის ფასებს. ახლა, მოგების მარჟას არავინ დებს ფასებში. რეალურად, ჩვენ ახლა ვართ ბიზნესის გადარჩენის ეტაპზე. თუკი ვინმე რამის გაყიდვას შეძლებს, ეს უკვე ძალიან კარგია.“
ქარვა თრეველის დამფუძნებელს, რუსუდან ჯაფარიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველში მოგზაურობის მსურველი პოსტვირუსულ რეალობაშიც იქნება.
„რადგან გაჩნდა საზღვრების გახსნის სურვილი, ესე იგი ბაზარი ითხოვს და შესაბამისად, მოთხოვნაც იქნება. მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა რეალობა. თუკი დასვენებიდან დაბრუნების შემდეგ მათი ქვეყანა ორკვირიან კარანტინს მოსთხოვს, ამ პირობებით არავინ დათანხმდება მოგზაურობას. ამიტომ შედგა „მწვანე დერეფანი“ – ქვეყნები, რომლებიც ყოველგვარი კარანტინის გარეშე ივლიან ერთმანეთთან და ჯერჯერობით, ალბათ ამ ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების იმედი უნდა გვქონდეს.“
საბა კიკნაძე, ჯორჯიან ჰოსფითალითი გრუფის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ საზღვრების გახსნა და გარისკვა ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს დაცდას.
„ჩვენ ახალ რეალობაში ვიწყებთ ცხოვრებას, რომელშიც მუდმივად მზად უნდა ვიყოთ მსგავსი ტიპის ვირუსებისათვის. წინასწარ არაფრის თქმა შეგვიძლია, პრაქტიკა გვაჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამ მიდგომამ არ გაამართლა, ესეც გამოცდილება იქნება ჩვენთვის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ძლებენ მოგზაურობის გარეშე. ასეთ ხალხს ვერ გააჩერებ. თუკი მათ იციან, რომ საქართველო Covid-19-ის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ადგილია, აუცილებლად ჩამოვლენ.“