რა ბედი ელის საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ 23 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმებს?
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის, 31 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ 8 ათასამდე ადამიანი დააჯარიმა. ამ პერიოდში გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 23 მლნ ლარს აჭარბებს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მთავრობამ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები ჩამოაწეროს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტმა ჯარიმების შემსუბუქების საკითხი, შესაძლოა, განიხილოს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით თანხებს საარჩევნოდ ჩამოწერს.
29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 746 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 576 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებას – გიორგი გახარია
საგანგებო წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდებოდა. საგანგებო მდგომარეობის დროს, 31 მარტიდან 23 მაისამდე 7 974 ადამიანი დაჯარიმდა. მათთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 23 922 000 ლარია. ამავე პერიოდში 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ჯარიმების საერთო მოცულობა ამ შემთხვევაში 150 000 ლარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებისკენ ვერავის მოუწოდებს და გადაწყვეტილება პარლამენტმა თვითონ უნდა მიიღოს.
“ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა… პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას, რამეთუ შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს”, – თქვა გახარიამ.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 434 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის გადასარჩენად – რას გულისხმობს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები არაგონივრულია და მას „ოცნება“ წინასაარჩევნოდ გააუქმებს – ოპოზიცია
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საგანგებო წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაგონივრული და არაპროპორციულია – საქართველოში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე 336 ლარია (დღევანდელი კურსით ეს დაახლოებით 105 აშშ დოლარია). ფიზიკური პირისთვის გამოწერილი ჯარიმა საშუალო თვიურ შემოსავალს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.
„ევროპულმა საქართველომ“ 27 მაისს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული 3000-ლარიანი ჯარიმის ჩამოწერას გულისხმობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმდებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც მანქანაში ისხდნენ წინ, ან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წუთით გადააშორებდნენ ხოლმე კომენდანტის საათს. არც ერთი და არც მეორე შეზღუდვა არანაირი ეფექტის მომტანი არ იყო,” – ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე და დასძენს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც დაზარალებული მოსახლეობა არაგონივრულად დიდმა ჯარიმებმა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კოვიდინფექციის მეორე ტალღა იქნება, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ადამიანებისთვის ცუდი სტიმული იქნება.
“3 000 ლარის გადახდა, ალბათ, 90%-ისთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება უნდა მოვიფიქროთ… უნდა ვიფიქროთ მაგალითად, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომ მათ სიმბოლურამდე დაყვანილი თანხა გადავახდევინოთ ამ ჯარიმებიდან,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი ამ ჯარიმებს აუცილებლად ჩამოწერს, მაგრამ ამომრჩეველთა გულის და ხმების მოგების მიზნით ამას შემოდგომაზე, არჩევნების წინ გააკეთებს.
“წინასაარჩევნოდ, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალებენ და ამ ჯარიმებს აუცილებლად ჩამოაწერენ. ეს იქნება ერთგვარი ჟესტი და ჩაითვლიან, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნით კი არ გააკეთეს, არამედ საკუთარი კეთილი ნებით და ამ თემასაც საარჩევნოდ გამოიყენებენ,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.