პლასტელინის ადამიანები კარანტინიდან გამოდიან
ჟურნალისტი ეკა ჭითანავა ჰყვება, როგორ იპოვა კორონავირუსის პანდემიის დროს ახალი ჰობი – პლასტელინისგან მინიატურებს აკეთებდა.
________________
კოვიდ-პანდემია ზოგმა ახალი უნარების აღმოჩენისთვის გამოიყენა. მე ბავშვობა გავიხსენე და პლასტელინის ადამიანების კეთება დავიწყე.
შემდეგ ჩემი მინიატურები სახლებში გამოკეტილი ადამიანების ადგილებს იკავებენ ცარიელ ქალაქში – მაწონი მიაქვთ იტალიურ ეზოში, ქალაქს გვიან გაზაფხულის გრილ და წვიმიან დილას; ხან დაკეტილი ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინას შეჰყურებენ, სოლარიუმში ირუჯებიან; სკვერში საქანელაზე კატაობენ.
მათ მიღმა რეალური პროტოტიპებია. ისინი რეალურები არიან. ეს პერსონაჟები ურბანულ გარემოში გვხვდებიან – სიტუაცია, გარემო და კონტექსტი ქმნის სოციალურ შინაარსს, სხვა იზოლირებულ სივრცეში კი მათი არსებობა აზრს დაკარგავდა.
ფრანგი ანთროპოლოგი კლოდ ლევი სტროსი ამბობდა, რომ მინიატურას შეუძლია შეცვალოს ადამიანის მიერ ობიექტის აღქმა. ჩვენ მას ფრაგმენტული დანაწევრების გარეშე, მთლიანობაში ვხედავთ. ხშირად დიდ ობიექტებს კნინობით სახელებსაც ვარქმევთ და მინი მოდელების შექმნით მათ გასულიერებას ვცდილობთ.
პლასტელინის ფიგურები საინტერესო გართობა, გარემოზე დაკვირვებისა და მისი მცირედი გარდაქმნის მცდელობაა.
_____________________________
ციცო დეიდა ყოველ დილით თბილისში სოფელ ლისიდან ჩამოდის და მაწონს ყიდის. მისი მაწონი ნატურალური რძისგან მზადდება.
მეეზოვეები პანდემიის დროს ცოტა დავასვენეთ – ქალაქში ნაგვის დამყრელი არ დარჩა არავინ, ყველა სახლში შეიყუჟა.
ეს ნინო ბებოა, რომელიც კარანტინის დროსაც პურს აკრავდა თონეში და ოჯახის წევრები გაასუქა:
ეს გოგო კი თონის პურს არ ჭამს, ფიგურას უფრთხილდება. კარანტინის დროს გარუჯვაზე ისე ოცნებობდა, რომ მაცივარიც სოლარიუმად ეჩვენებოდა:
ერთ წყვილზე უნდა მოგიყვეთ – კარანტინის დროს, როდესაც ყველა სახლში იჯდა, განსაკუთრებით კი, მოხუცებს აფრთხილებდნენ, გარეთ არ გამოხვიდეთო, ამათ სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ და ცარიელ ქალაქში რომანტიკული სეირნობები მოიწყვეს – გადახვევდნენ ხელს ერთმანეთს და დადიოდნენ:
ერთხელ სკუტერზეც დავინახე:
ეს ზარმაცი შაკოა, რომელიც უბნის მაღაზიაში თონის პურის საყიდლადაც კი მანქანით დადის:
გაზაფხულზე ისეთი წვიმები იყო, თბილისში ასეთი კაციც შემხვდა – ნავით (ჰო, გზები საკმაოდ გაფუჭებულია):
ზოგისთვის ლოქდაუნი პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს თბილისში გადაადგილება ისედაც შეზღუდული აქვთ:
ეს ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც თბილისში ტანსაცმლის მაღაზიები დაკეტილი იყო. როცა ჩასაცმელი არაფერი გაქვს, იძულებული ხარ მანეკენი გაძარცვო:
თუმცა, უკვე ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ქუჩის მუსიკოსებიც დაბრუნდნენ:
ინკასატორებიც:
და ლამაზი გოგოებიც ფრიალა კაბებით: