რას ფიქრობს პრეზიდენტი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე, უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნაზე და ხელისუფლების რეაქციაზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპნია რუსთავი 2-ს. ინტერვიუში მან პოლიტპატიმრების შეწყალების გარდა, უკრაინაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნაზე, პატრიარქთან და ეკლესიასთან მის დამოკიდებულებაზე, საქართველოს ევროკავშირში შესვლასა და რუსეთთან დიალოგზე ისაუბრა.
ჩვენ მოგიყვებით, რა იყო ამ ინტერვიუში ყველაზე მთავარი და რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე და შეწყალების თაობაზე მმართველი გუნდის ინფორმირებაზე
პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები წინასწარ გააფრთხილა.
“როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე სახელისუფლებო შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყევტილება იყოს სრულიად მოულოდნელი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში და დასძინა, რომ კონკრეტულად შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
კითხვაზე, თვლიდა თუ არა ივანიშვილი, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება იყო გამოსავალი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის, რადგან “ასეთი ერთობლივი მსჯელობა” არ ყოფილა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებით მან ქვეყანას კრიზისი ააცილა და არც ის უარყოფითი დამოკიდებულება გაჰკვირვებია, რაც ამის შემდეგ მიიღო:
“სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი, რაც ვნახეთ სოციალურ ქსელში, ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის. ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, მე რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი.”
მისივე თქმით, ქვეყანაში არიან ძალები, “რომლებსაც არ სურთ მშვიდობიანი არჩევნები, ქვეყანაში მშვიდობა, არც ეს წარმატება, არც ქვეყნის ეკონომიკური გამოსწორება.”
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მისიაა, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე და ის ჩატარდეს ისე, როგორც ეს არის დაგეგმილი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.
შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ იყო და შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრიფინგიდან შეიტყვეს.
ტერმინ პოლიტპატიმარზე
პრეზიდენტი ინტევიუში ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ გიგი უგულავასთან და ორაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ტერმინ პოლიტპატიმრის გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი “ცუდად ინფორმირებულები არიან” და რომ “ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი დიპლომატები საკმარისად კარგად არ მუშაობენ.”
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული “ამ ხალხის ინფორმირებაში.”
უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე და ხელისუფლების რეაქციაზე
კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა საქართველოს შეურაცხყოფა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის, რომ უკრაინამ ამის შესახებ საქართველო წინასწარ არ გააფრთხილა, “იყო არადიპლომატიური”.
“ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ და ვიცი, რომ ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ის ხო არ არის ვიღაცა? გაფრთხილება და ინფორმირება არის როგორც მინიმუმი, ორ ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული,” – ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, ელჩის გამოძახების ჩათვლით, “სრულიად ნორმალური” იყო:
“ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და რა შეიძლება და არ შეიძლება. იყო მოზომილი, ნორმალური რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში. ეს არ არის გაწყვეტა ურთიერთობების. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია.”
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.
ევროკავშირზე
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრება რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს:
“სხვა რამეა, რომ დღეს და ხვალ, მომავალ კვირას, ორ თვეში ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებზე და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე, ასოცირება რასაც ნიშნავს და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი, იმიტომ დღეს ვდგამთ იმ ნაბიჯებს შესვლისას, რაც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. დღეს უნდა შევიდეთ, რომ ხვალ გვითხრან – შესული ხართო. ეს არის სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის.”
პატრიარქზე და ეკლესიაზე
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პირადად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პატრიარქთან და მიიჩნევს, რომ ის საქართველოს მორალური ავტორიტეტია.
“ჩვენ ძალიან დიდი ბედი გვაქვს ამაში, რომ პატრიარქმა ამდენი წელი საქართველოს წინამძღოლობა იტვირთა და საქართველო გაიყვანა იქ, სადაც არის და არ მეყოფა სიტყვები, რომ ეს გამოვხატო დღეს.”
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ეკლესიის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილის მოწოდება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის არგაკეთებასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფო საქმეებში ჩარევა და მიუღებელია:
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ასევე ეკლესიას და არამხოლოდ პატრიარქს და ინსტიტუტს, ეს გამოჩნდა არაერთხელ. მაგრამ აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ეკლესიიდან ზოგმა გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.
ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები იმიტომ, რომ ისედაც არის გავრცელებული მოსახლეობაში ფეიკ ნიუსების ფორმით, რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის, გონს მოვეგოთ. ”
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ხშირად არ ერევა და როცა ჩაერევა, “აუცილებლად იტყვის”.
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან, დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
რუსეთთან დიალოგზე
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის იყო, არის და იქნება “პირდაპირი დიალოგის მომხრე”.
“ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს – ერთი არის ომის გზა და მეორე არის დიალოგის გზა. მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე. მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასოდეს ყოფილა გამოსავალი,” – აღნიშნა მან.
NATO-საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნაზე
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოში, რუსეთის ბაზების გასვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მართალია, ჩემი კოლეგა ამ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს, რომ იყო ეს მოსაზრება და შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როდესაც ამას ახსენებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცვლელი ფორმატი იქნებოდა და ეს გასაგებია. ეს იყო NATO, საქართველო და რუსეთი. ეს არის სულ სხვა ფორმატი, რომელსაც ჰქონდა მე ვიტყოდი, ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები შიგ და NATO-ს და რუსეთის დათანხმება ამაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, ეს ფორმატი მომავალში, როცა სხვა განზომილებაში ვიქნებით, იყოს ძალიან საინტერესო.“
სერგეი ლავროვის თქმით, პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული.