საბჭოეთის აღსასრული დადგა
სოფია ვასილიევნა სოკოლოვა 87 წლისაა. მისი სახლი, რომელიც სულეიმან თაღიზადეს ქუჩაზე მდებარეობს, უნდა დაინგრეს. ზოგადად, მთელი კვარტლის განადგურება იგეგმება.
ამ გეგმას ხალხი “საბჭოეთის ნგრევას” უწოდებს. საქმე ისაა, რომ მოხუცი ქალბატონის სახლის საერთო ფართობი მხოლოდ 7 კვადრატულ მეტრია. ის, ვინც სოფია ვასილიევნასა და მისი მეზობლებისთვის საკომპენსაციო თანხა განსაზღვრა, ყურადღება მხოლოდ იმაზე გაამახვილა, რომ სახლები ავარიულ მდგომარეობაშია.
ჩინოვნიკმა არ გაითვალისწინა, რომ ადგილი, სადაც ეს სახლები მდებარეობს, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრშია, სადაც კავკასიაში ყველაზე ძვირი მიწაა. შედეგად, სოფია ვასილიევნა ამ საცხოვრებლის დათმობის შემდეგ ისეთ თანხას მიიღებს,რომლითაც არათუ ბინის, არამედ ასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთსაც კი ვერ იყიდის.
მოხუცი ქალბატონი დაბნეულია და, როგორც ჩანს, მხოლოდ მეზობელი ახალგაზრდების იმედზეა, რომლებიც დროდადრო საკვებ პროდუქტებს აწვდიან. კეთილი მეგობრები ზოგჯერ საპონსა და სხვა აუცილებელ ნივთებსაც აძლევენ მოხუცს.
როგორ გადაურჩა საბჭოთა ქუჩა საბჭოთა პერიოდს
ნარიმან ნარიმანოვის პროსპექტზე (ყოფილი საბჭოთა ქუჩა) საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი 2014 წლის 10 თებერვალს დაიწყო. დასანგრევი შენობების სიაში სხვადასხვა მდგომარეობაში არსებული 10 000 სახლი იყო შეტანილი.
თუმცა, აღნიშნული შენობების უმრავლესობა სავავალო მდგომარეობაში იყო. მათ მფლობელებს ერთ კვადრატულ მეტრში 1500 მანათი (დაახლოებით 1360 დოლარი) შესთავაზეს. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაიონში 50 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ბინა 90-100 ათასი მანათი ღირს. თუმცა, ძირითადი პრობლემა, არა უშუალოდ კომპენსაციის თანხა, არამედ მცირე ფართობიანი საცხოვრებლებია.
კომპენსაციის მიღების შემდეგ მათ მფლობელებს არ ექნებათ საშუალება, რომ ნორმალური საცხოვრებელი შეიძინონ.
საბჭოთა ქუჩის დემონტაჟს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გეგმავდნენ, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება არც კი დაწყებულა. ბაქოს განვითარების ოფიციალურ გეგმას თუ ვენდობით, 2030 წლისთვის ამ ადგილას საბოლოოდ გაქრება “საბჭოეთის ნარჩენები.”
ელოდებიან
ბევრ სახლზე წითელი ჯვრის მსგავსი ნიშანია გამოსახული, ასეთი სიმბოლო აღნიშნავს იმას, რომ მალე შენობის დემონტაჟი დაიწყება. კი მაგრამ, რამდენად მალე? 2030 წლამდე ჯერ კიდევ შორია. ადგილობრივების თქმით, ისინი ისტორიის აქტიურ პერიოდში ცხოვრობენ და საკუთარი თვალით ხედავენ, თუ როგორ ასწორებენ მიწასთან მათ საბჭოთა ბავშვობას.
თეიმურ ტუშიევი, 35 წელია, რაც საბჭოთა ქუჩაზე ცხოვრობს.
პროექტის ეკონომიკური საფუძველი
“საბჭოთა ქუჩის ადგილას… მწვანე საფარი მოეწყობა. აქ საზოგადოებრივი ობიექტებიც შეიძლება აშენდეს”, – იუწყება აზერბაიჯანის ქალაქდაგეგმარების სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდი.
ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ვუგარ ბაირამოვი საბჭოთა ქუჩის განადგურებასთან დაკავშირებით ხუთ საკითხს გამოყოფს:
1. 2015 წელს აღნიშნულ პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 180 მილიონი მანათი (დაახლოებით 170 მილიონი დოლარი) დაიხარჯება;
2.ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის შეფასებით, ძველი სახლების დემონტაჟისა და ტერიტორის კეთილმოწყობისათვის მთლიანობაში 500 მილიონი მანათი იქნება საჭირო;
3. ნავთობის ფასის შემცირება და ამ გარემოებით გამოწვეული შემცირებული სახელმწიფო შემოსავლები ხელისუფლებას აიძულებს, სოციალურ პროექტებთან დაკავშირებულ ხარჯებს გადახედოს. აუცილებელია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც შემოსავლებს მოიტანს; მაგალითად, კაფეების, რესტორნებისა და საბავშვო გასართობი ცენტრების მშენებლობა, რითაც მოქალაქეები ისარგებლებენ და, ამავდროულად, ასეთ ობიექტებიდან შემოსავლების მიღებაც შეიძლება. (უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ სტრუქტურებს არ განუცხადებიათ, რომ დემონტაჟისა და კეთილმოწყობის პროექტის გადახედვას აპირებენ – ავტორის შენიშვნა);
4. ახალი ორიენტირი (რომელიც წინა პუნქტთანაა დაკავშირებული) – ამ ტერიტორიაზე აგებული ყველა ობიექტს სახელმწიფოსთვის შემოსავალი უნდა მოჰქონდეს – გადასახადების სახით მაინც;
5. იგეგმება კერძო ინვესტიციების წახალისება, რომ ამ ქუჩის ადგილას გაშენებულ პარკში კაფეები და ატრაქციონები ამუშავდეს.
ისტორიული ძეგლების ბედი
ტერიტორიაზე არსებული 138 ისტორიული შენობიდან მხოლოდ 15-16 დარჩება. დანარჩენი კონსტრუქციების ნაწილი მთლიანად განადგურდება, ზოგიერთ შენობას კი სხვა ადგილას გადაიტანენ,” – განაცხადა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, აბულაფას გარაევმა.
ისტორიულ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი შენობები უნდა შენარჩუნდეს, მიიღო კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელშიც აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები შევიდნენ. იმ კონსტრუქციების სიაში, რომლებსაც არ დაანგრევენ, ისეთი შენობებიც შევიდა, რომელთაც განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულება არ გააჩნიათ, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია; ასეთი ობიექტებია, მაგალითად, ჯალილ მამედყულიზადესა და აბდულა შაიქის სახლმუზეუმები.
საბჭოთა და არასაბჭოთა ადამიანები საბჭოთა ქუჩის შესახებ
ფეისბუკით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საბჭოთა კავშირის მიმართ პირადი დამოკიდებულება დიდ როლს არ თამაშობს, თუკი საქმე ცხოვრების ხარისხს ეხება. გამოკითხულთა 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ ავარიული კვარტლის დემონტაჟი სწორი გადაწყვეტილება. რესპოდენტთა 100 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რა ბედი ეწევათ ამ უბნის მცხოვრებებს.
მცოდნე ადამიანები საბჭოთა ქუჩის შესახებ
მილი მეჯლისის დეპუტატი, დემოკრატიული რეფორმების პარტიის თავმჯდომარე, ასიმ მოლაზადე პროცესით კმაყოფილია: “ის პარკები და მწვანე ზონები, რომლებიც ამ ძველი ქოხმახების ადგილას გაშენდება, ბაქოს მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცევს.”
აზერბაიჯანის უფლებადამცველთა ცენტრის თავმჯდომარე, ელდარ ზეინალოვი და ნავთობის კვლევის ცენტრის უფროსი, ილხამ შაბანი საბჭოთა ქუჩის დემონტაჟის იდეას მიესალმებიან, მაგრამ მოითხოვენ, რომ, პროექტის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მათი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ადგილას რაიმეს აშენება.
უფლებადამცველი ელდარ ზეინალოვი:”აქ მცირე ფართიანი საცხოვრებლებია. [როგორიცაა, მაგალითად სოფია ვასილიევნას სახლი-ავტ. შენიშვნა] იშვიათად შეხვდებით 25 კვადრატულ მეტრზე დიდ ბინას. ზოგიერთ ოჯახს გაუმართლა. მათ, კომპენსაციის სანაცვლოდ, 45 კვადრატული მეტრის სტანდარტული საცხოვრებელი ფართი შესთავაზეს.
ასეთ ბინებში ინვესტორმა შესაბამისი სარემონტო სამუშაოებიც კი ჩაატარა. ცხადია, ეს ბინები ქალაქის ცენტრში არ მდებარეობს, მაგრამ ამ ქუჩის მცხოვრებთათვის ეს ნამდვილი საჩუქარია, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებდნენ ასეთი საცხოვრებლის შეძენას. თუმცა, ადგილობრივების უმრავლესობისათვის კომპენსაცია ნამდვილად არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საცხოვრებლად ვარგისი ფართი შეიძინონ.
ნავთობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ილხამ შაბანის მტკიცებით “რამდენიმე პრობლემაა გასათვალისწინებელი. საბჭოთა ქუჩის დემონტაჟის პროექტი 1928 წელს შეიქმნა, მაგრამ მისი განხორციელება მაშინ გადაწყდა, როცა ნავთობის ფასი ეცემოდა. ამასთან, მხოლოდ სამუშაოების დაწყების შემდეგ მიხვდნენ, რომ რამდენიმე წელიწადი მხოლოდ ქუჩის გასუფთავებას დასჭირდებოდა. აუცილებელია კერძო ინვესტორების მოზიდვა, რათა პროცესი რამდენიმე ათეულ წელიწადზე არ გაიწელოს.
დასასრულ, გთავაზობთ, ილხამ შაბანის შემოთავაზებას. მისი თქმით, კარგი იქნება “საბჭოთა ქუჩის” მუზეუმის დაარსება, სადაც ადგილობრივი მცხოვრებების ალბომებიდან შესაბამისი ფოტოები გამოიფინება. ამასთან, არ იქნება ურიგო, თუკი არნიშნულ მუზეუმში მისული დამთვალიერებლები ქუჩის მცხოვრებების მიერ მოთხრობილ ისტორიებსაც გაეცნობიან. აღნიშნულ იდეას მიესალმება JAMnews-იც.