არმენ სარგსიანი, ერევანი
პირადი თანაშემწეების ელექტრონული საუკუნე: ვენდოთ თუ არა ალექსას და ჩარლის
1830 წელს მანჩესტერსა და ლივერპულს შორის პირველი სარკინიგზო შეტყობინება გამოჩნდა. გაოცებული ცხენებისა და განრისხებული მეეტლეების მზერის თანხლებით ორთქმავალმა “კლიენტების” პირველი ჯგუფი გადაიყვანა. ეტლის პატრონები მაშინვე მიხვდნენ, რა ელოდათ. ეს რკინის მონსტრები მათ გადასანსვლას აპირებდნენ, მორჩა – ყველაფერი დამთავრდა. ერთმა მეეტლემ “ტაიმსში” სტატიაც კი გამოაქვეყნა, რომელიც ასე მთავრდებოდა:
“ეჭვგარეშეა, რომ ადამიანებს დრო დაეზოგებათ, თუკი კარეტების ნაცვლად, მატარებლით იმოგზაურებენ, მაგრამ გეკითხებით: რაში გამოიყენებენ ამ თავისუფალ დროს?”
სრულიად დროული შეკითხვაა. განსაკუთრებით მათთვის… მოკლედ, ყველა ჩვენგანისთვისაც. თავისუფალ დროს ჩვენ იმაზე ფიქრში ვატარებთ, თუ როგორ გამოვნახოთ უფრო მეტი თავისუფალი დრო.
მაგალითად, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის დაკავებულ მინისტრს რვა მრჩეველი და ორი თანაშემწე ჰყავს, იმისთვის, რომ თავის საქმის შესრულება მოასწროს. ცალკე საკითხია, თუ რამდენ დროს ხარჯავს ის ამ ათი კაცის საქმიანობის ორგანიზებაში. და კიდევ ერთი კითხვა: რამდენი ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასით, საშუალოდ 300 ათასი დრამით ($626) უზრუნველყონ.
უკიდურესად დაკავებულ მინისტრებს თავს არ ვადარებ, მაგრამ დროსთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენც გვაქვს ხოლმე. მაგალითად, ძილის წინ ზოგჯერ სასწრაფოდ უნდა დავადგინოთ, თუ როდის გარდაიცვალა წვეროსანი ჰაინრიხი, რა შვიდი თავისებურება ახასიათებს ხახვს, რატომ არის ეს თავისებურება მაინცდამაინც შვიდი, და როგორ გატყდა 849 ათას დოლარად ღირებული ლარნაკი (ნუ მოძებნით პასუხს, ბოლოში იქნება). ამისთვის შესანიშნავი საშუალება არსებობს
OK, Google…
თანაშემწის ყოლის ოცნება დღეს ადვილად შეიძლება აისრულო. ეს უფასო არ არის, თუმცა, არ მგონია, დანახარჯმა 300 ათას დრამს მიაღწიოს. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ალექსა. მისი სრული სახელია – ამაზონ იკო – Amazon Echo.
პატარა შავტუხა ალექსა მოგისმენთ და პასუხებს მოძებნის, ჩართავს მუსიკას, დააყენებს მაღვიძარას, წაგიკითხავთ წიგნს, ამინდის შესახებ გიამბობთ, შეუკვეთავს პიცას და ხვალინდელ ცხრილს შეადგენს. კარგია, უბრალოდ არაჩვეულებრივი. მაგრამ ალექსა დიდ სამსახურს გაგვიწევდა, საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებდეს: მაშინ მეტი თავისუფალი დრო გვექნებოდა. თუნდაც ის რად ღირს, გვიან გაღვიძება რომ შეგიძლია! ალექსა კი სულ 140 დოლარი ღირს.
გუგლის ემუ (Emu) – საუკეთესო საშუალებაა უკვე გამომუშავებული თავისუფალი დროის დასახარჯად. ემუ ყურადღებით და, რაც მთავარია, უხმოდ ადევნებს თვალს თქვენ სატელეფონო მიმოწერას, და საჭირო დროს “ერევა”, თავის წინადადებას გთავაზობთ. ვთქვათ, თუკი რაიმე კინოფილმს ახსენებთ, ემუ მაშინვე მის ნახვას შემოგთავაზებთ, უახლოეს კინოთატრში ბილეთს შეუკვეთავს, თქვენი ქალაქის საცობების რუკით უზრუნველგყოფთ, და იქვე ახლომახლო ისეთ კაფესაც შეგირჩევთ, სადაც ფილმზე იმსჯელებთ. სომხურ ვერსიას, რასაკვირველია, ემატება “მოსასვენებელი ოთახები დასვენების დღის უფრო ეფექტურად გასატარებლად”.
ემუსგან განსხვავებით, ჩარლი ბიზნეს-კონტაქტების გამყარებაში გეხმარებათ. ეს თანაშემწე თქვენს კონაქტებში დამოუკიდებლად პოულობს სახელებს და გვარებს, ახარისხებს მათ, ადგენს სპეციალურ დოსიეს იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა შეხვდეთ. ამაში შედის სოციალურ ქსელ ფეისბუკზე მათი ბოლო პუბლიკაციები, ფოლოვერების რაოდენობა ტვიტერზე, მეტ-ნაკლებად აქტიური მეგობრების სია, ორგანიზაციების მონაცემები. ამ ყველფერს ჩარლი შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გიგზავნით, რომ იცოდეთ ვინ ვინ არის – თუნდაც ინტერნეტში.
პირადი თანაშემწეები: მთელი ეს ემუები, ჩარლები, დონები, ალექსები, კორტანები – უბრალოდ იმას გვთავაზობენ, რაც გვჭირდება. მაგრამ ხშირად თავადაც არ ვიცით, რა გვინდა: კინოში წავიდეთ, ვიმუშაოთ, თუ დავისვენოთ. ანდა სულაც იქნებ იმის გაგება გვინდა, როგორ გატყდა მილიონიანი ლარნაკი.
და აი, ამ ინციდენტის შესახებ – 42 წლის ნიკ ფლინმა ინგლისის ერთ-ერთ მუზეუმში აღმოაჩინა, რომ სულ სხვა სართულზე იყო ასული. ის სირბილით წავიდა და ფეხი გამოკრა ახლად მიღებულ და დროებით ფანჯრის რაფაზე დადგმულ ჩინურ ლარნაკს, რომლის ღირებულება 849 ათასი ამერიკული დოლარი იყო… ასეთ შემთხვევებში უკვე გუგლის, ალქსასა და ჩარლის დასვენების და გართობის ჯერი დგება.
გამოქვეყნებულია: 30.11.2016