არმენ სარგსიანი, ერევანი
იმ მომენტში, როდესაც მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, რომ 2016 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანმა მიიღო, მუსიკოსი ლას-ვეგასში მღეროდა. ბრიტანული პრესის ყველა მცდელობა, დაკავშირებოდნენ დილანს და მისი კომენტარი ჩაეწერათ, წარუმატებლად დასრულდა. კონცერტის მიმდინარეობისას მუსიკოსს ამ თემაზე სიტყვაც არ უთქვამს და თითქოს არაფერი მომხდარა, ისე გააგრძელა გამოსვლა:
“და უთხრა უფალმა აბრაამს: მოიქეცი ისე, როგორც გსურს, მაგრამ როდესაც შემდეგ ჯერზე დამინახავ, გირჩევ, გაიქცე.” (God say, “You can do what you want Abe, but the next time you see me comin’ you better run”)
ნობელის კომიტეტმა პირველად მიანიჭა ლიტერატურის პრემია მუსიკოსს და მოსალოდნელი კრიტიკა დაიმსახურა.
საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში საზოგადოებას შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებები ერთხელაც არ მიუღია კრიტიკის გარეშე. ზოგჯერ თავად ლაურეატებიც აკრიტიკებდნენ კომიტეტის მიერ მათ სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების საფუძვლის განმარტებისას აკადემია ხშირად თავად იძლეოდა საიმისო მიზეზს, რომ პრესასა და საზოგადო მიღვაწეებს მის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.
მაგალითისთვის, გავიხსენოთ შემთხვევა, რომელიც მაჰათმა განდის უკავშირდება. ეს მოღვაწე მშვიდობის პრემიაზე 1937, 1938 და 1939 წლებში იყო ნომინირებული და მისი კანდიდატურა სამჯერვე უარყვეს. 1948 წელს ის მეოთხედ წარადგინეს და ამჯერად დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ განდი იმავე წელს, ცერემონიის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს. კომიტეტმა უარი თქვა მისთვის პრემიის გაცემაზე, რადგან არ არსებობდა “ცოცხალი და რეალური კანდიდატი, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებდა”.
სახლმმართვრლობის ცნობის სტილში დაწერილმა ამ განმარტებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სიტუაციის გამოსასწორებლად 1989 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დალაი-ლამას გადაეცა და აღინიშნა, რომ ეს იყო “პატივისცემის გამომხატველი ჟესტი განდის ხსოვნისადმი “.
ამდენად, კომიტეტმა ცოცხალი ლაურეატის დამსახურებები დააკნინა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა კრიტიკა. მაგრამ რას გრძნობდა ფიზიკოსი არნოლდ ზომერფელდი, რომელიც 81-ჯერ იყო ნომინირებული და ამდენჯერვე ვერ მიიღო პრემია?
პერიოდულად საკუთრივ საკონკურსო კომიტეტშიც ისმოდა კრიტიკა და ზოგჯერ აკადემიის ზოგიერთი ფუნქციონერი უარსაც ამბობდა კომიტეტში მუშაობაზე. მაგრამ ყველაზე სერიოზული ბრალდება იყო და არის ე.წ. “ევროცენტრიზმი”, ანუ საკუთარი კონტინენტის სამეცნიერო მიღწევების განდიდებისა და პათეტიკური ტრაბახის ჩვევა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო დააწესეს ალტერნატიული პრემია Ig Nobel Prize, რომელიც რეალური ნობელის პრემიის ირონიულ ვერსიას წარმოადგენს.
უცნაურია, მაგრამ ამ ცინიკური პრემიის დამაარსებლები ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატები არიან. იგნობელის (შნობელის) პრემიის გადაცემის ცერემონია ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ კინოთეატრში, “სანდერსში” იმართება. აქ ლაურეატებს მის ტკბილი ექსკრემენტი (Miss Sweetie Poo) ამხნევებს, ცერემონიის დამსწრე საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები კი სცენას ქაღალდის თვითმფრინავებს “უშენენ”.
ამერიკის საზოგადოებრივი რადიო სრულად გადასცემს ამ ღონიძიებას. უკვე ცნობილია 2016 წლის გამარჯვებულთა ვინაობა. ანტინობელის პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია ა.წ. 29 ნოემბერს გაიმართება. ორიოდე სიტყვა გამარჯვებულებზეც ვთქვათ.
პრემია ფსიქოლოგიის დარგში გენტის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, ეველინ დებეის (Evelyne Debey) ერგო. მან მატყუარებს შორის სოციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომ მიმხვდარიყო, მართლა იტყუებოდნენ თუ არა ისინი.
წელს მედიცინის სფეროში გაიმარჯვა კრისტოფ ჰელმხენმა(Christoph Helmchen), ნევროლოგმა ლიუბეკის იმუნივერსიტეტიდან. მან შეიმუშავა თეორია, რომლის მიხედვითაც, სარკის წინ მდგომ ადამიანს შეუძლია იმ ადგილის პოვნა, რომელიც ექავება – ისე, რომ სხეულის მარცხენა და მარჯვენა მხარეები არ აერიოს. აი, მისი ცდების რამდენიმე ნიმუში და მრავალი სქემა, რომლებიც სხეულის იმ უბნების პოვნისთვისაა შექმნილი, რომლებიც ადამიანს ექავება.
პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო ფრედერიკ სიობერგმა (Fredrik Sjoberg). ავტობიოგრაფიულ სამტომეულში იგი გამუდმებით განიცდის სიამოვნებას მკვდარი (და არა ცოცხალი) ბუზების პეშვში მოგროვებით.
სხვადასხვა დროს ეს პრემია მიღებული აქვთ ტაივანის პარლამენტს, სინგაპურის პრემიერმინისტრს, კომპანია ფოლკსვაგენსა და გაეროს გენერალურ მდივანსაც კი. გამარჯვებულები სპეციალურ ლექციებს კითხულობენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად არის ითვლებამიჩნეული. სწორედ აქ მუშაობდა ნობელის პრემიის 85 ლაურეატი და 34 კოსმონავტი.
ამ ყველაფრის შემდეგ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება, ლიტერატურის პრემია ბობ დილანისთვის გადაეცა, იმდენად უცნაურად არ გამოიყურება. ვისაც როგორ სურს, ისე იქცევა.
დილანიც იმავეს ამბობს: “თუ ღმერთს სურს მსხვერპლი 61-ე ტრასაზე, ვინაა აბრაამი, რომ წინ აღუდგეს მას? ღმერთმა ხომ უკვე უთხრა აბრაამს:
მოიქეცი ისე, როგორც გსურს, მაგრამ როდესაც შემდეგ ჯერზე დამინახავ, გირჩევ, გაიქცეო!
ისიამოვნეთ, Highway 61 Revisited. სცენაზეა ნობელის პრემიის ლაურეატი ბობ დილანი
გამოქვეყნდა: 23.10.2016