ხმა მიეცით პარმენ მარგველაშვილს!
ხმა მიეცით პარმენ მარგველაშვილს!
გახსოვთ ეს მოწოდება?
ვიღაცას, ალბათ, ახსოვს კიდეც, მაგრამ არა მგონია ბევრს ახსოვდეს ამ სახელის და გვარის მქონე ადამიანის სახალხო დეპუტატობა.
ამ დროს, რამხელა იმედს ვამყარებდით მასზე!
მახსოვს, როგორ გვეუბნებოდა ჩვენი ქართულის მასწავლებელი, რომ საქართველო ახლა საბედისწერო არჩევანის წინაშე იდგა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა, ვინ წარგვადგენდა ღირსეულად სახალხო დეპუტატების საკავშირო ყრილობაზე…
მთელი საქართველო პარმენს უნდა დაუდგეს გვერდით, რადგან პარმენი ჩვენი იმედია!
მახსოვს, როგორ ვეჩხუბე ჩემი მეზობლის დედას, ციალა დეიდას, რომელსაც ვიღაც ძველი კომუნისტისთვის, დახავსებული წითელი ინტელიგენტისთვის გადაეწყვიტა ხმის მიცემა და არა ჩემი მშობლების, ჩემი მეგობრების მშობლების და მასწავლებლის ფავორიტისთვის:
– ქალბატონო ციალა, – ვეუბნებოდი ჩემი მეზობლის დედას, – ვინ ილაპარაკებს საქართველოზე მთელი საბჭოთა კავშირის გასაგონად, თუ არა ეს კაცი… მას მამაჩემიც იცნობს…
ვბრაზობდი, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ ვახერხებდი მცირე ასაკის გამო – ეს ხომ ჩემი ცხოვრების (და, პრინციპში, საქართველოს) პირველი თავისუფალი არჩევნები იყო, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველო ჯერაც არ არსებობდა და სახალხო დეპუტატს გორბაჩოვ-შევარდნაძის მიერ ნებით თუ უნებლიედ გარდაქმნილი (თუ გარდაქმნადი) საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების ყრილობისთვის ვირჩევდით.
ყველაზე დიდი იმედით სწორედ იმ არჩევნებს შევხვდი, სადაც მონაწილეობის საშუალება არ მეძლეოდა, თუმცა როგორც შემეძლო, დაუღლელად და ენთუზიაზმით ვიბრძოდი პარმენ მარგველაშვილის გამარჯვებისთვის: ვინც სადარბაზოში, ეზოში ან სკოლაში მხვდებოდა, ყველას პარმენ მარგველაშვილის უპირატესობაზე ველაპარაკებოდი და უმალ ვფეთქდებოდი, თუკი მოსაუბრეს სკეფსისს ვატყობდი თვალებში:
– დავიღუპებით, პარმენ მარგველაშვილმა რომ არ გაიმარჯვოს, დავიღუპებით!
ისინი, ვინც ეროვნულ მოძრაობას უჭერდნენ მხარს, პარმენ მარგველაშვილს გულშემატკივრობდნენ და არა ერთ-ერთ ცნობილ კინორეჟისორს, რომელიც შევარდნაძის ტრადიციულ მეხოტბე-მეგობრად იყო მიჩნეული, ამიტომ როცა სკეპტიკოსის დარწმუნებას ვერ ვახერხებდით, ჩურჩულით ვეუბნებოდით ხოლმე მაგიურ ფრაზას: “პარმენს ზვიადი და მერაბიც უჭერენ მხარს”, მაგრამ თუკი ეს არგუმენტიც არ ჭრიდა, მაშინ ფატალურ და უკვე სოციალურ ტრადიციად ქცეულ შეგონებაზე გადავდიოდით:
– პარმენი ნიღაბს ჩამოხდის რუსეთს ყრილობაზე!
– პარმენი დაწვრილებით მოჰყვება საბჭოთა კავშირის დანაშაულების
შესახებ!
– პარმენი სილას გააწნავს რუსეთს!
– პარმენი მთელ მსოფლიოს დაანახებს, რას წარმოადგენს რუსეთი!
– პარმენი მთელ მსოფლიოს შეძრავს თავისი მონათხრობით 9 აპრილის შესახებ!
– პარმენი ხმამაღლა იტყვის, რამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქართველებმა!
– პარმენი ბალტიელებსაც აჯობებს თავისი კულტურით და სიმტკიცით!
– პარმენი დიდ ავტორიტეტს მოუპოვებს თავის ქვეყანას!
– პარმენი სწორედ ხალხის წარმომადგენელი იქნება და არა წითელი ინტელიგენციის, არა რჩეულების…
– პარმენს გულწრფელად უყვარს თავისი ხალხი…
– პარმენის არანორმალურად ეშინიათ გორბაჩოვს და შევარდნაძეს… განსაკუთრებით გუმბარიძეს ეშინია მისი. პარმენი რეალური ძალაა, მის უკან მთელი ქართველი ერი დგას…
– პარმენი ახალი საქართველოა…
– პარმენმა უნდა გაიმარჯვოს, თორემ არაფერი გვეშველება!
და აი, მოხდა სასწაული – პარმენმა მართლაც გაიმარჯვა, ის აირჩიეს. როგორც ჰყვებოდნენ, ინფარქტმა დაარტყა მის მთავარ კონკურენტს (რაც ჭორი იყო, მაგრამ მაინც ყველას გაუხარდა); ზვიად გამსახურდიამ პარმენს დიდ მიტინგზე მიულოცა გამარჯვება, მე ნიშნიმოგებით მივესალმე მეზობელ ციალას…
არჩევნებიდან მეორე თუ მესამე დღეს მამაჩემს გავყევი “სახალხო ფრონტის” კრებაზე (12 წლის გვიან-საბჭოურ ყმაწვილს ბევრი წასასვლელი არც მქონდა გვიან-საბჭოურ თბილისში: დილით სკოლა და “სახალხო ფრონტის” ან რაღაც მსგავსის კრება (პატრიოტულ შატალოზე), შუადღისას კინო “გაზაფხული” საბურთალოს ბაზართან, საღამოს მეზობელ ციალასთან და მის შვილებთან კამათი), ჰოდა ზუსტად კინო-სახლის კიბესთან, სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძის სტაფილოსფერი ზაპოროჟეცის გვერდით (რატომღაც ასე მახსოვს, რომ მას სტაფილოსფერი ზაპოროჟეცი ჰყავდა), ვიღაც დარბაისლურად ღიმილიანი კაცი შემოგვხვდა, უცნაურად აღელვებულმა გვკოცნა, მუშტიც აგვიწია რაღაცნაირად მორიდებულად და თანმხლებ დასიცხულ კაცებთან ერთად გაიქცა რუსთაველის ქანდაკების კვარცხლბეკთან მდგარი წყლის “სოკოსაკენ”. კაცს დიდი შინდისფერი საქაღალდე ეჭირა ხელში და ვინც გზად შეეგება, ყველა გადაკოცნა.
– იცი, ვინ იყო ეს კაცი? – მკითხა მამაჩემმა.
მე თავი გავაქნიე უარის ნიშნად, რადგან არც ნაცნობად მივიჩნიე და არც ცნობილად.
– პარმენ მარგველაშვილი, – თქვა მამაჩემმა.
– პარმენ მარგველაშვილი? ესაა პარმენ მარგველაშვილი?
თვალებს არ ვუჯერებდი – მე ცნობილმა სახალხო დეპუტატმა გადამკოცნა, თითქმის გმირმა, ადამიანმა, რომლის გამოც ამდენი ვიბრძოლე სკოლასა და სახლის ეზოში… როგორი უბრალო და საყვარელი ადამიანი ყოფილა…
მახსოვს, აღელვებისგან ძლივს დავიძინე იმ დღეს.
პარმენ მარგველაშვილი მართლაც უბრალო და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა – ალბათ, საერთოდაც პირველი და უკანასკნელი უბრალო და საყვარელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში – იმდენად უბრალოც კი, რომ მხოლოდღა ხმის დამთვლელი კომისიის წევრად აირჩიეს სახალხო დეპუტატების საკავშირო ყრილობაზე, რაც დიდ და ხმაურიან გამარჯვებად ჩაითვალა საქართველოში. ის კოლეგა-დეპუტატთა რიგებს შორის დადიოდა სხვებთან ერთად და მანდატებს ითვლიდა ხელის აწევის დროს; ზოგჯერ ტელე-ეკრანზეც გაიელვებდა ხოლმე სექტორ-სექტორ სიარულისას და ჩვენც სიხარულით და იმედიანად ვყვიროდით: “აი, აი!”
ერთხელ, ხმაც კი გავიგონეთ მისი: “ჩეტირე… პიატ… შესტ…” – მანდატებს ითვლიდა…
– როდის გამოვა ტრიბუნაზე? როდის ილაპარაკებს? – ვეკითხებოდით ერთმანეთს.
– გამოვა, ახლა ასეა საჭირო, – გვპასუხობდნენ ჩვენზე მცოდნეები.
არ გამოსულა…
ისე ჩაიარა მთელმა ყრილობამ, რომ მარტო სექტორებს შორის იარა მანდატების თვლისგან დაძაბულმა.
ციალა დეიდა ახლა მე მიღიმოდა ნიშნისმოგებით…
საინტერესოა, ნეტა მაშინვე მივხვდი თუ ჯერაც ვერ ვისწავლე ჭკუა, რომ არცთუ მართებულია (მათ შორის, ჯანმრთელობისთვისაც), როცა გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს პოლიტიკოსებზე: შენ ბრაზობ, კამათობ, იყვარებ, იზიზღებ, კედლებს ეხლები, თავს იიმედებ, ღამე ვერ იძინებ, დღისით ნერვები გაწყდება, მათ კი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, დიდი-დიდი, სექტორ-სექტორ სიარულიღა შეძლონ… და ესეც საუკეთესო შემთხვევაში.
მგონი, არავის აწყენდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების ობიექტური აღქმა…
თუმცა დამოუკიდებლობის განვლილი ოცდახუთი წელი საპირისპიროს დადასტურების ისტორიული მტკიცებულებაა.
p. s. ეს ტექსტი, უპირველეს ყოვლისა, ჩემზეა – უხმო ამომრჩევლის პოლიტიკით შეპყრობილობაზე, იმედგაცრუებებზე და ოცდაექვსი-ოცდაშვიდი წლის წინანდელ შთაბეჭდილებებზე, და არა, ცხადია, უშუალოდ პარმენ მარგველაშვილზე – კარგ ფიზიკოსზე, პოლიტიკაში წასულ მეცნიერთა შორის ყველაზე იღბლიანზე და, სხვებისგან განსხვავებით, დროულად წამოსულზე პოლიტიკიდან, რომლის მიმართაც ისეთივე სიმპათიით ვარ განწყობილი, როგორც მრავალი წლის წინ…
გამოქვეყნებულია: 07.10.2016