როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და როგორ განისაზღვრება მოსწავლის წლიური ქულა. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განათლების ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 393 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს.
მოსწავლის წლიური შეფასების განსაზღვრა
ანტიკრიზუსლი გეგმის თანახმად, განათლების სამინისტრო სკოლას მოსწავლის წლიური შეფასების განსაზღვრის ორ მეთოდს სთავაზობს.
პირველი მეთოდი:
2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა.
მეორე მეთოდი:
წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი.
სკოლას შეუძლია მოსწავლის წლიური შეფასების განსაზღვრის ამ ორი მეთოდიდან მისთვის შესაფერისი მეთოდი თავად შეარჩიოს.
შეფასების განსხვავებული სისტემა მოქმედებს მე-5 კლასელებისთვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება არ აქვთ მიღებული.
ამ მოსწავლეების შეფასება 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით მოხდება.
თუ წლიური ქულა არ გაკმაყოფილებთ და ნიშნის გამოსწორება გინდათ
ასეთ შემთხვევაში მოსწავლემ 16-დან 30 ივნისის ჩათვლით (მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლემ კი 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით) უნდა მიმართონ სკოლას. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მხოლოდ 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში გექნებათ. სკოლა თქვენ შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას მოგცემთ და ამ დავალებით მოხდება თქვენი შეფასება.
თუ მე-9 ან მე-12 კლასის მოსწავლე ხართ, მაშინ შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას სკოლა 19 ივნისამდე მოგცემთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდება. კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს.
არ შეიცვლება არც გამოცდების ფორმატი. მინისტრის თქმით, გამოცდების მსვლელობისას დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ერთ ოთახში 10 აბიტურიენტზე მეტი არ იქნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი ივნისში გამოცხადდება.
გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში
უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები საგანმანათლებლო აქტივობების განახლების შემდეგ, შემოდგომაზე ჩატარდება. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, თარიღი სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით შეირჩევა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
- ონლაინ-სწავლება – ჩავარდნა თუ გარღვევა? როგორ მოერგო ქართული სკოლა ახალ რეალობას
თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადი გაქვთ გადასახდელი
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადს,
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ სასწავლებლებს სწავლის საფასურის გადავადების რეკომენდაციით რამდემინე კვირის წინ მიმართა.
მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტებმა ეს რეკომენდაცია “მაქსიმალურად” შეასრულეს და სტუდენტების ნაწილს სემესტრის საფასურის გადახდა გადაუვადეს, ნაწილს კი გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სასწავლო პროცესი 3 მარტს შეწყდა – სკოლები დაიკეტა.
მას შემდეგ საჯარო და კერძო სკოლები დისტანციუ რეჟიმში მუშაობენ და მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ.
პანდემიის გავრცელების შემდეგ, 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასამდე მასწავლებელს ავტომატურად გაუაქტიურდა პროფილები Microsoft office 365-ით გათვალისწინებული ყველა პროგრამისათვის, მათ შორის პროგრამისთვის – Microsoft teams. სწორედ ამ პროგრამას მოიხმარენ საჯარო სკოლებში. teams-ი Microsoft-ის მიერ შექმნილი ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმაა ორგანიზაციებისთვის. მას აქვს ვიდეოზარის, გუნდებად ორგანიზებისა და კალენდრის ფუნქცია.
დაიწყო სატელევიზიო პროექტიც – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „ტელესკოლა“ გადის, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების სატელევიზიო ვერსიას სთავაზობს.
სახელმწიფომ საჯარო სკოლებს ასევე ონლაინ სწავლებისთვის პირველი ქართული პლატფორმა Feeds Edu–ც შესთავაზა. ეს პლატფორმაც უფასოა, ნებისმიერ სმარტფონზე მუშაობს და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
ეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი მე-3 ანტიკრიზისული გეგმაა. მანამდე ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.