სომხეთი: „ფასეულობებისთვის“ მებრძოლები ბავშვების დაცვას ხელს ვეღარ შეუშლიან
სომხეთმა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ეს მოხდა საპროტესტო აქციების ფონზე – აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბავშვებს ისედაც არავინ აუპატიურებს.
სომხეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ კონვენცია უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების სათანადო დასჯას, რომლებმაც აშკარად დაარღვიეს ბავშვების უფლებები. სომხეთის კანონმდებლობა ამ სფეროში ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც “საშუალებას აძლევს ბავშვებზე მოძალადეებს თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას“, – ამბობს სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ქრისტინე გრიგორიანი.
ერთ-ერთ ასეთ ფორმულირებაზე ყურადღება გაამახვილა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ”ჩემი ნაბიჯი” მარია კარაპეტიანმა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის სასჯელი გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი “აშკარად 16 წლამდე ასაკისაა”.
”ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა თუ იტყვი, რომ ბავშვი 16 წლის ასაკში ზრდასრულივით გამოიყურებოდა. ახლა ასეთი გამართლება არ იქნება გათვალისწინებული,”- განმარტა კარაპეტიანმა
რას ნიშნავს ეს სომხეთისათვის
რატიფიკაცია, კერძოდ, ნიშნავს, რომ სომხეთი ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შემოიღებს. აქ მაგალითად, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნა იგულისხმება. ასევე დაგეგმილია, რომ ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირების შემდეგ იმ ადამიანების დნმ-ი შეგროვდება, რომლებმაც ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაული ჩაიდინეს.
- გაგაუპატიურეს? ცოლად გაჰყევი მოძალადეს – თურქეთში სწორედ ასეთ კანონს იღებენ
- ტაბუ დარღვეულია: სომხეთში სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ღიად ალაპარაკდნენ
- „ის თამთა მენატრება, 30 სექტემბრამდე რომ იყო“
გარდა ამისა, “იძულებითი სქესობრივი კავშირის” განმარტება იცვლება – არასრულწლოვანთან ნებისმიერი სქესობრივი კავშირი ძალადობად ჩაითვლება, თუ აშკარა თანხმობის ნიშნები არ არსებობდა. ამ ფორმულირების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა დეპუტატმა მარია კარაპეტიანმა. ამჟამად სომხეთში მსხვერპლისთვის რაიმეს დამტკიცება რთულია – მაგალითად, თუ სხეულზე ძალადობის ნიშნები არ არსებობს, თქვა მან თავის გამოსვლაში
ვინ აპროტესტებს და რატომ
პარლამენტში კენჭისყრის დროს შენობის გარეთ ორგანოიზაცია “კამკის” (“ნება”) აქტივისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეს მოძრაობა მიზნად “სომხეთის ტრადიციული ფასეულობების” დაცვას ისახავს. აქცია მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანი იყო: დილით პარლამენტის წინ შეკრებილები სესიაზე მისულ პარლამენტარებს უყვიროდნენ: ”სირცხვილია!” მეორე დღეს სომხეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მომიტინგე დაკავებულია.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, მიქაელ მარგარიანმა, სააგენტო ”კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს განუცხადა, რომ კონვენციის რატიფიცირება აუცილებელი არ არის, რადგან სომხეთში ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა არასოდეს ყოფილა:
”ხელისუფლებას სურს დაგვაჯეროს, რომ სომხეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ საჭიროა კონვენციის რატიფიცირება. მაგრამ ჩვენ საკუთარი კანონები გვაქვს და ისინი უნდა დავიცვათ,”- აღნიშნა მარგარიანმა.
ეს არ არის პირველი პროტესტი სომხეთში, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მაგალითად, გასული წლის ბოლოს, მოძრაობა “კამკ”-მა და სხვა კონსერვატული გაერთიანებების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ (უფრო ცნობილია, როგორც სტამბოლის კონვენცია).
რა ხდება სინამდვილეში
2017 წლიდან 2019 წლამდე, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 260 საქმე გამოიძია, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გრიგორიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “კოალიცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ინფორმაციით, სომხეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა ბავშვები არიან. 2016 წელს, 160 ადამიანიდან, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლად აღიარეს, 115 ხუთიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. 2017 წელს დაზარალებულად 164 ადამიანი ცნეს, მათგან 113 ბავშვია.
სექსუალური ძალადობა – და არა მხოლოდ ბავშვების მიმართ, დიდი ხანია სომხეთში ტაბუირებულ თემად იქცა. პირველად ღია დისკუსია ამ პრობლემაზე მხოლოდ გასულ წელს სოციალურ ქსელებში დაიწყო. გლობალური კამპანიის metoo ადგილობრივი ანალოგი გახდა #ძალადობის_ხმა, რომელიც ჟურნალისტმა ლუსი კოჩარიანმა სომხურ ფეისბუქ სეგმენტში წამოიწყო.
მის მიერ შეგროვებული ისტორიები (მათ შორის ბავშვებზე, რომლებიც ახლო ნათესავებმა გააუპატიურეს) ბევრისთვის საშინელი და არარეალური ჩანდა; ხშირად ისმოდა ბრალდებები მსხვერპლთა მიმართ, რომლებმაც თავიანთ ამბავზე საუბარი გაბედეს.
ძალადობის მსხვერპლის მიმართ საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების გამო, მათ უმეტესობას ურჩევნია მდუმარედ დაიტანჯოს და დასახმარებლად არავის მიმართოს, ხოლო დანაშაული დაუსჯელი რჩება, აღნიშნა ფსიქოლოგმა ანუშ ალექსანიანმა JAMnews– სთან ინტერვიუში.
”საზოგადოებაში არ არსებობს სწორი დამოკიდებულება ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ, მათ მხარდაჭერა არ აქვთ. ამიტომ, მათ უბრალოდ ურჩევნიათ გაჩუმდნენ ან ვინაობა დამალონ. ჩვენ ასევე მსგავსი თემების განხილვის კულტურა არ გაგვაჩნია,”- თქვა ფსიქოლოგმა.