წარუმატებელი ტურისტული სეზონი თურქეთში
თურქეთის ტურიზმის შემოსავლები მკვეთრად დაეცა. ქვეყანაში ტურისტების ნაკადმა 40 პროცენტით იკლო, რაც ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ტურისტებთან ერთად კი შემცირდა შემოსავლებიც. ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyetdailynews აქვეყნებს.
თურქული გამოცემის ცნობით, თურქეთის კურორტები, წინა წლებისგან განსხვავებით, თითქმის ცარიელია. ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი ტურისტების ნაწილმა სასტუმროებში ჯავშნები გააუქმა.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში ტურიზმის შემოსავლები, 2015 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში უკვე 35.6 პროცენტით შემცირდა და 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2016 წლის პირველ მეოთხედში კი, გასული წლისგან განსხვავებით, შემოსავლებმა 12.6 მილიარდი დოლარიდან 9 მილიარდ დოლარამდე იკლო.
კრიზისის მიზეზად რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება და თურქეთში მომხდარი აფეთქებების სერია, ასევე ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა სახელდება.
ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში უკვე 87 პროცენტითაა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აღდგა, თურქი ანალიტიკოსების აზრით, ეს გავლენას ვეღარ მოახდენს მიმდინარე სეზონის შემოსავლებზე. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგი 5 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს 0.5 პროცენტით შეამცირებს.
თურქული კომპანია BCG Partners-ის მთავარმა ეკონომისტმა, ოზგურ ალთუგმა განაცხადა, რომ მდგომარეობის შემობრუნება ამ სეზონზე უკვე დაგვიანებულია.
“მოვლენების ასეთი განვითარება ზრდის იმედს მომავალი სეზონისთვის. ამჯერად კი ჩვენ კვლავ ველოდებით, რომ თურქეთის ტურიზმის შემოსავლები მიმდინარე წელს 27 პროცენტით დაეცემა,” – განაცხადა ალთუგმა.
გარდა რუსეთის ფაქტორისა, შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული გავლენა იქონია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ (ბრექსითი) ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებაც. ბრიტანულმა სამოგზაურო კომპანია Thomas Cook-მა, ჯერ ბრექსითის, შემდეგ კი თურქეთში აჯანყების მცდელობის გამო, შეაჩერა ტურები თურქეთის მიმართულებით. უკანასკნელი მოვლენებისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო, შეფერხდა ისეთი სამგზავრო ჯგუფების მუშაობა, როგორიცაა, Thomas Cook-ი, TUI, EasyJet-ი, Air France-KLM-ი და Lufthansa.
რუსეთ-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. რუსეთმა თურქეთის მიმართ მთელი რიგი სანქციები დააწესა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. 2016 წლის ივნისში კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ტაიპ ერდოღანმა გარდაცვლილი პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა. ამ ნაბიჯის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დათბა. 2016 წლის ივლისიდან თურქეთის მიმართ რუსეთმა აკრძალვები მოხსნა.
- მოსკოვმა გააუქმა აკრძალვები თურქი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შეზღუდული ჰქონდათ სამუშაო უფლებები რუსეთში. რუსულ კომპანიებს მათი დაქირავება არ შეეძლოთ;
- მოიხსნა აკრძალვები თურქული სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ. მათ ახალი პროექტების დაწყება ჰქონდათ აკრძალული;
- აღდგა ფრენები რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. პირველი თვითმფრინავი რუსეთიდან ანტალიაში 9 ივლისს დაეშვა;
- ასევე, გაუქმდა რუსეთის ემბარგო თურქეთის პროდუქციაზე. პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 1 ივლისს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, თურქულ პროდუქციაზე ემბარგო 2017 წლის ბოლომდე უნდა მოიხსნას;
- რუსმა მაღალჩინოსნებმა 30 ივნისს განაცხადეს, რომ გააგრძელებენ რუსეთისა და თურქეთის დამაკავრიშებელი გაზის წყალქვეშა მილსადენზე მუშაობას.
გამოქვეყნებულია: 04.08.2016