რუსული ეფექტი
თურქული ანტალია, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და განვითარებულ ტურისტულ ცენტრად ითვლებოდა, შიშით შეჰყურებს მოახლოებულ სეზონს. ახლახან ვაჭრობისა და კომერციის ადგილობრივმა პალატამ წარადგინა მოხსენება სახელწოდებით ‘რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ანტალიის ეკონომიკაზე ზემოქმედების შედეგები და სავარაუდო ზომები’. ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები კატასტროფული აღმოჩნდა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ანტალიის მთელი შემოსავლის 1/3 რაღაცით მაინც უკავშირდებოდა რუსეთს. სწორედ რუსეთში იგზავნებოდა ამ რეგიონში წარმოებული აგროპროდუქტების 2/3.
თურქეთის საზღვრის დამრღვევ რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტისა და ამ შემთხვევის თანმდევი რუსული სანქციების შედეგად დღეისათვის ანტალიაში რუსეთიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა 18 პროცენტით შემცირდა. შემოსავლების შემცირების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა ტურისტული კომპლექსების მფლობელების მხრიდან ფასების შემცირებაც. ზემოაღნიშნულმა მეწარმეებმა ეს ნაბიჯი ტურისტების მისაზიდად გადადგეს.
ანტალიის ვაჭრობისა და კომერციის პალატამ მოვლენების განვითარების ოთხი სცენარი შეიმუშავა. სამი მათგანის მიხედვით, წელს ანტალიის ბიუჯეტი ერთიდან ცხრა მილიონ დოლარამდე ზარალს ნახავს.
პირველი სცენარი: ყველაზე ცუდი
ანტალია მთლიანად დაკარგავს რუსეთის ბაზარს – დაახლოებით 3,5 მილიონ ტურისტს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს მიაყენებს, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას კი 8-9 მილიარდი დოლარი დააკლდება.
მეორე სცენარი: ზომიერი
ანტალია რუსეთის ბაზრის 90 პროცენტს დაკარგავს. რეგიონის ზარალი 3 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
მესამე სცენარი: ოპტიმისტური
ანტალია რუსეთის ბაზრის მხოლოდ ნახევარს დაკარგავს და ზარალი, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
მეოთხე სცენარი: ნაკლებად სავარაუდო
რუსეთი სანქციებს გააუქმებს, რითაც რეგიონში არსებული კრიზისი დასრულდება. დასრულდება სირიის სამოქალაქო ომი და აღდგება ევროპის ბაზარი.
სამოქმედო გეგმა
უკანასკნელ სცენარს თურქეთის ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად განიხილავს და ამიტომ დამუშავების პროცესში არსებული ყველა გეგმა რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების შედეგად მიღებული ზიანის შემცირების მცდელობებს უკავშირდება.
თურქული მედია იუწყება, რომ არ არის გამორიცხული, თურქეთში ტურიზმის გამოფენა ‘ექსპო-2016’ ჩატარდეს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რუსული ბაზრის გარეთაც გაავრცელოს ინფორმაცია თავისი კურორტის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი ჩინეთსა და ინდოეთზე კეთდება.
ამას გარდა, ანტალიაში შეიძლება კონცერტიც გამართონ, რომელზეც პოპვარსკვლავებს – მადონას, ჯენიფერ ლოპესსა და ჯასტინ ბიბერს მიიწვევენ.
ტურისტები ანტალიის ‘ძველ ქალაქში’
JAMnews-ის დოსიე
თუქეთის სახელისუფლებო წყაროების მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა რუსეთს შემდეგი სფეროებით უკავშირდება:
იმპორტი
რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ენერგომომმარაგებელია. თურქეთის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 56% რუსეთიდან მოდის. ამას გარდა, თურქეთი გამოყენებული ნავთობის, ლითონებისა და მარცვლოვანი კულტურების ნაწილსაც რუსეთიდან იღებს. 2014 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულებამ თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების 2,1 პროცენტი შედგინა.
ექსპორტი
რუსეთი თურქული ექსპორტის მიმღებ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილზეა. ამ ქვეყანაში თუქეთიდან კვების პროდუქტები, ტექსტილი და ტექნიკა იგზავნება. რუსეთში ექსპორტირებულმა თურქულმა პროდუქციამ თურქეთის მთლიანი ექსპორტის 3,8 პროცენტი შეადგინა, რაც ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7 პროცენტია.
ტურიზმი
თურქეთში ჩასული 37 მილიონი ტურისტიდან 12,2 %-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. მათ თურქეთს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოუტანეს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3-0,4 პროცენტს წარმოადგენს.
თურქეთის ბიზნესი რუსეთში
თურქული კომპანიები რუსეთში საკმაოდ მსხვილ პროექტებს ახორციელებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია სამშენებლო ბიზნესი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა ასეთი პროექტის საერთო ღირებულება 12 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ამას გარდა, რუსეთში თურქეთის 87 ათასი მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის 55 ათასი სამშენებლო სფეროში საქმიანობს.
რუსული ინვესტიციები თურქეთში
2014 წლის მონაცემებით, თურქეთში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების სიდიდის მხრივ, რუსეთი მეოთხე ადგილზე იყო. მაშინ თურქეთში რუსული ინვესტიციების საერთო ღირებულებამ 730 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თუქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების დაახლოებით 0,1 პროცენტი აღმოჩნდა.
ბანკები
საბანკო სექტორში თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული კავშირები უმნიშვნელოა. ‘სბერბანკ როსიი’ თურქეთის სიდიდით მერვე ბანკს, ‘დენიზბანკს’ ფლობს, ხუთ თურქულ ბანკს კი შვილობილი ბანკები ჰყავს რუსეთში, მაგრამ ამ სუბიექტების აქტივები ძალიან უმნიშვნელოა.
რუსეთის მიერ თურქეთისათვის დაწესებული სანქციები (2015 წლის ნოემბრიდან):
• თურქეთიდან საკვები პროდუქტების შემოტანა აიკრძალა;
• შეიზღუდა თურქული კომპანიების საქმიანობა რუსეთში (თუმცა ეს შეზღუდვა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე არ ვრცელდება);
• თურქეთის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობა აეკრძალათ (ეს შეზღუდვა არ ეხებათ თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან რუსეთში);
• დახურულია ჩარტერული რეისები რუსეთსა და თურქეთს შორის;
• რუსეთის ხელისუფლებამ რუსულ ტურისტულ ფირმებს ურჩია, რუსეთის მოქალაქეებისათვის თურქეთის ტურების მიყიდვისგან თავი შეეკავებინათ;
• საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებს თურქული კომპანიების მხრიდან მომსახურების მიღება აუკრძალეს;
• შეწყდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული პროგრამები და კომისიის სხდომების ჩატარების პრაქტიკა ორივე ქვეყანაში.
• თუქეთის მოქალაქეებისათვის რუსეთში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი გაუქმდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუკი ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტი არ მოგვარდება და ოფიციალური ანკარა თავისი ქვეყნის ეკონომიკაში რუსეთზე დამოკიდებულ სფეროებს ვერ შეამცირებს, 2016 წელს თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,3-0,7%-ით შემცირდება.
მომზადდა თურქული მედიის, კერძოდ კი გაზეთ Hurriyet Daily-სა და სამთავრობო წყაროების მასალების გამოყენებით.
მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო აღებულია ანტალიის სავაჭრო პალატის ვებგვერდიდან: ანტალია, კონიალტის რაიონი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 19.04.2016