საშიში შეტყობინება 2008 წლიდან
რუსეთის მოქალაქე ოქსანა სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. აგვისტოს ომამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, 2008 წელს მან თავის ქართველ ნაცნობს რამდენიმე SMS შეტყობინება გაუგზავნა. ოქსანა წერდა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც მისი ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
სევასტიდის წინააღმდეგ საქმე 2015 წელს აღიძრა, განაჩენი 2016 წლის მარტში გამოიტანეს. თუმცა, ამ საქმის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ოკსანა სევასტიდის ახალი ადვოკატი გამოუჩნდა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ რუსეთში პოლიტპატიმრებს იცავს. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია მედიაში.
ოკსანა სევასტიდის საქმეში დაწვრილებით არის აღწერილი ის მოვლენები, რომლებიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ, მათ შორის – მითითებულია სამხედრო დანაყოფების ნომრები და ტექნიკის ის სახეობები, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ.
“მისი SMS შეტყობინებების საინფორმაციო მნიშვნელობისა და სიფაქიზის ხარისხი განაჩენს რომ შევადაროთ – ზღვა და წვეთივი გამოვა”, – თქვა სევასტიდის ადვოკატმა ივან პავლოვმა.
ოკსანა 46 წლის არის, ის ქალაქ სოჭის მცხოვრებია. მისი დედა პენსიონერია. მან ზეპირად გვითხრა იმ შეტყობინების შინაარსი, რომლის გამოც მისი ქალიშვილი დააპატიმრეს. “ოკსანამ ნაცნობის შეკითხვას უპასუხა, დგას თუ არა სოჭში ტანკები, და თან პასუხი უარყოფითი იყო. “ოკსანა, რა ხდება – თქვენთან პლატფორმაზე მართლა ტანკები დგას?” მან პასუხად გაგზავნა: “ადრე იდგა, ახლა აღარ ვიცი”.
პენსიონერი ქალი ირწმუნება, რომ მის ქალიშვილს ამ შეტყობინების ადრესატი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი – შემთხვევითი, შორეული ნაცნობი იყო.
ოკსანას ბებიას კი, მისი დაპატიმრების შესახებ რომ შეიტყო, ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა.
კოლონიაში
ოკსანა სევასტიდი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს და 2016 წლის გაზაფხულიდან ის კინეშმის კოლონიაში იხდის სასჯელს.
მისი დედის თქმით, ახლახან ოკსანამ დანაშაულის აღსრულების ფედერალურ სამსახურს მიმართა, სახლთან ახლოს, კრასნოდარის მხარეში გადაყვანის თხოვნით, რათა დედამ მისი მონახულება შეძლოს. მას უარი უთხრეს: “გადაყვანის მიზეზი არ არსებობს”. კიდევ მოიწერა, რომ ცხოვრებაში პირველად ნახა თოვლი. და რომ კოლონიაში მას არ ჩაგრავენ. მოჰყვა, როგორ დაიბარა კოლონიის უფროსმა და უთხრა: “ერთი შემოგხედო, როგორი ხარ, ამ მუხლით ჩემთან აქამდე არავინ მჯდარა. ასეთი რა ჩაიდინე?”
სევასტიდის შემთხვევა უნიკალური არ არის.
2014 წლის ნოემბერში სოჭის მკვიდრს ეკატერინა ხარებავას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანალოგიური SMS გზავნილებისთვის, რომლებშიც 2008 წელს აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე იყო ლაპარაკი. ამ საქმეს განიხილავდა იგივე მოსამართლე, რომელმაც სევასტიდის გამოუტანა განაჩენი.
ეკატირინა ხარებავა – აფხაზეთის მკვიდრია, რომელიც 1990 წლებიდან სოჭში ცხოვრობდა, და ბაზარში გამყიდვლად მუშაობდა. 2016 წლის ივნისში ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ინტერვიუ
“მედუზას” კორესპონდენტი ელენა შაკუტო სევასტიდის ივანოვსკის ოლქის № 3 გამოსასწორებელ კოლონიაში შეხვდა.
– როდის და რა ვითარებაში დაგაკავეს?
– 2016 წლის იანვრის დასაწყისში კრასნოდარის მხარის ФСБ-დან დამირეკეს და სალაპარაკოდ მიმიწვიეს. თითქოს საუბარი ჩემი ქმრის მოქალაქეობას უნდა შეხებოდა. მაგრამ მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის მოქალაქე გახდა, რაღა უნდა ყოფილიყო სალაპარაკო?
მივედი მათთან სოჭის განყოფილებაში. შემდეგ მანქანით კრასნოდარში წამიყვანეს. სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც მახლდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ ცოტას დამელაპარაკებოდნენ და გამომიშვებდნენ. მაგრამ კრასნოდარის განყოფილებაში მიმიყვანეს და მას შემდეგ თავისუფლება რა არის, არ ვიცი. თავიდან ორი დღით დამაპატიმრეს, 16 იანვარს გამოიტანეს ჩემი ორთვიანი პატიმრობის დადგენილება. და დაიწყო და დაიწყო – ორი თვე, კიდევ ორი თვე და კიდევ ორი – ძიების ვადა.
– როგორი იყო ახლობლების რეაქცია თქვენს დაპატიმრებაზე?
– დედამ ახლახან ინსულტი გადაიტანა. ბებიას კი, როდესაც ეს შეიტყო, გულმა უმტყუნა. ის 2015 წლის აპრილში გარდაიცვალა. მე თვითონაც მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები – განაჩენში დევს კიდეც ჩემი დიაგნოზი – პირველი ხარისხის ჰიპერტონია. ტაბლეტების სმა მიწევს, ნემსებსაც მიკეთებენ, თორემ წნევა ორასამდე მაქვს ხოლმე. ამ ისტორიის შემდეგ მხედველობაც ძალიან გამიუარესდა – სათვალის გარეშე წერა-კითხვა არ შემიძლია.
– სასამართლო როგორ მიმდინარეობდა?
– პროკურორმა სიტყვაც კი მომცა თავის გასამართლებლად. ყველაფერი ერთი დღისთვის შემოინახეს: საბოლოო სიტყვაც, მხარეებს შორის დავაც, და განაჩენიც. ყველაფერი სწრაფად და შემჭიდროვებულად მოხდა, როოგორც სიზმრში. და უცებ, თითქოს ფარდის მიღმიდან მომესმა: “შვიდი წელი”.
სხვათა შორის, ასეთი რამ მხოლოდ მე არ შემმთხვევია. ხარებავას საქმე – ერთი-ერთში ზუსტად იგივეა. საგამოძიებო იზოლატორში ყოფნისას გავიგე, რომ ადლერის მცხოვრები სომეხი ქალისთვის, სახელმწიფოს ღალატის გამო, ექვსი წელიწადი მიუსჯიათ. ყველა ჩვენგანს – მეც, ხარებავასაც და იმ სომეხ ქალსაც – ერთი და იგივე გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე გვყავს.
– ახლობლები თუ გაკითხავენ?
– ახლახან ორმა დაქალმა მომინახულა: ერთი მოსკოველია, მეორე ლატვიიდან ჩამოვიდა. არ მინდა, დედაჩემი ან ჩემი ქმარი აქ რომ ჩამოვიდნენ. მერე უფრო გამიჭირდება მათთან განშორება.
– ამ საქმის როგორი დასასრულის იმედი გაქვთ?
– არ ვიცი. არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება. ყოველთვის კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი, არასდროს ჩემთვის ჯარიმაც კი არ გამოუწერიათ. დღემდე ვერ ვიჯერებ.
1 დეკემბერს ოკსანა სევასტიდის ადვოკატმა ივან პავლოვმა კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვით, და ასევე – განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენაზე შუამდგომლობით. მისი თქმით, განაჩენის გასაჩივრების ვადის საკითხი უკვე ამ კვირაში გადაწყდება. სევასტიდის წინა ადვოკატს რუსლან ზურნაჯიანს არ შეუტანია აპელაცია განაჩენთან დაკავშირებით, რის გამოც, გასაჩივრების ვადა ამოიწურა.
• 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული კონფლიქტი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა; ამ დროს სამხრეთ ოსეთს მხარი დაუჭირა რუსულმა არმიამ.
• ქართული მხარის ვერსიით, რუსეთი დიდხანს ემზადებოდა ავტონომიაში ჯარის შესაყვანად, და ქართული არმიის ქმედებები ამ მუქარასა და სამხრეთი ოსეთის ხელისუფლების პროვოკაციებზე პასუხი იყო.
• მოსკოვი ირწმუნება, რომ თავისი არმია მხოლოდ მას შემდეგ შემოიყვანა, რაც ქართულმა ჯარმა ოსეთის დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო, და მიზნად ისახავდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობისა და თავისი სამშვიდობო ძალების დაცვას, რომლებიც თავდასხმის საშიშროების წინაშე იდგნენ.
• ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმეტესობა კი ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.