რაღაცები, რასაც არ შეგიძლია შეეხო - ფოტოისტორია აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანულ საზოგადოებაში – საუბარია უმრავლესობაზე, არა ყველასა და თითოეულზე – გენდერული უთანასწორობა არა მხოლოდ მამაკაცების დომინირებაში გამოიხატება, არამედ სქესებს შორის დაშორებაშიც. უხილავი „ფარდა“ ფესვგადგმულია „ქალური“ და „მამაკაცური“ ქორწილებისა და დაკრძალვების ტრადიციებში, ქალების „ბუნებრივ“ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, სექსის ნებისმიერ ხსენების ტაბუირებაში.
ეს დაყოფა, სინამდვილეში, აუცილებელია ქალების „უსაფრთხოებისთვის“ – რათა მათ უცხო მამაკაცებმა არ უყურონ, რათა რაიმე უბედურება არ მოხდეს. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში, ჯერ კიდევ ბევრი მიიჩნევს, რომ გოგოები არ უნდა დარჩნენ ღამე სახლში მარტო, არ უნდა ჩასხდნენ ტაქსიში და გასართობად მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა გავიდნენ. თუკი ბაქოში, პროგრესული ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ დიდი ხანია სხვანაირად ცხოვრობენ, ქალაქის ახლოს მდებარე დასახლებებსა და სხვა ქალაქებში ტრადიციები უკან არ იხევს.
ამ ფოტოზე გამოსახულია სახლის კარიბჭე ქალაქ შაქში. კარზე დამაგრებული სახელურები განსხვავდება ფორმით, წონით და, რაც ყველაზე მთავარია – ხმით, როდესაც ვინმე აკაკუნებს. სტუმარი ქალები მარცხენა სახელურით აკაკუნებენ, მამაკაცები – მარჯვენით. ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ კარი იმავე სქესის ადამიანმა გააღოს, ვინც აკაკუნებს.
ზოგიერთი საყოფაცხოვრებო გენდერული შეზღუდვა საერთოდ აუხსნელია. მაგალითად, მწვადის შამფურებს ქალები მხოლოდ გასარეცხად ეხებიან. შეწვის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. აზერბაიჯანში – სულერთია, დედაქალაქსა თუ რეგიონებში – ეს არის ერთგვარი „საერთო წესი“, რომელსაც ყველა იცავს და არავინ არც კი ფიქრობს, საიდან მოვიდა და რა საჭიროა.
გენდერული დაყოფის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი – ავტობუსის უკანა ნახევარი „მამაკაცურად“ მიიჩნევა. ახლა ეს ტრადიცია ნელ-ნელა უკან იხევს თანამედროვე ავტობუსების დიდი დატვირთვის გამო და მამაკაცის ნაწილად მხოლოდ სავარძლების ბოლო რიგი მიიჩნევა. თუმცა, საგარეუბნო სამარშრუტო ტაქსებში კიდევ შეიძლება „ღირსების კოდექსის“ მოქმედებაში ნახვა, როდესაც, მაგალითად, ქალს არ უთმობენ ადგილს, რადგან ის მაინც არ დაჯდება მამაკაცების გვერდით. ერთად ამოსულ ბიჭს და გოგოს კი ორ ადგილს უთმობენ – იმიტომ, რომ გოგონას არ შეუძლია უცხო მამაკაცთან ჯდომა.
მეზობელ თურქეთში, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დილით ადრე, კაფეს წინ ქუჩას ალაგებს – ჩვეულებრივი სურათია. აზერბაიჯანში დამლაგებლებად მამაკაცებს არ იყვანენ, განცხადებებში კი ყოველთვის მითითებულია, რომ „საჭიროა დამლაგებელი ქალი“. ამ სიტყვას აზერბაიჯანულ ენაში მამრობითი შესატყვისი არ აქვს. რა თქმა უნდა, მამაკაცები არც სახლის დალაგებაში მონაწილეობენ. აქ ვსაუბრობთ საშუალოსტატისტიკურ ოჯახებზე – რა თქმა უნდა, პროგრესულმა უმცირესობამ უკვე დიდი ხანია თანაბრად გაინაწილა საყოფაცხოვრებო ვალდებულებები.
რა თქმა უნდა, თუკი გარშემო ქალები საერთოდ არ არიან, მამაკაცებმა რაიმენაირად უნდა იპოვონ გამოსავალი.
როდესაც ადამიანი სადღაც შორს ან მნიშვნელოვან საქმეზე მიემგზავრება, წყალს ასხამენ. ამას ქალი აკეთებს, იმიტომ რომ მხოლოდ მას ეძლევა ემოციის გამოხატვის უფლება. ისვე მიმართავს მიმავალ ადამიანს მრავალფეროვანი ლოცვა-კურთხევით, რომ ალაჰმა ყველანაირი უბედურებისგან დაიცვას. მამაკაცებს – განსაკუთრებით უფროსების თანდასწრებით – ცოლისა და შვილებისადმი არანაირი სიყვარულის გამოხატვის უფლება არ აქვთ. ზოგიერთ სოფელში ახალგაზრდა მამებს საკუთარი შვილების ხელში აყვანის უფლებაც კი არ აქვთ, როდესაც ახლოს უფროსები იმყოფებიან.
სიგარეტი – ერთგვარი ტაბუა ქალებისათვის. ისინი, რა თქმა უნდა, ეწევიან, მაგრამ ყველასგან საიდუმლოდ, რათა არავინ დაინახოს. მამაკაცებს სკოლის დასრულებისთანავე აქვთ დალევისა და სიგარეტის მოწევის წმინდა უფლება. მწეველ გოგოს, სავარაუდოდ, გაფუჭებულს დაუძახებენ.
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.