დაღესტანი: გაუჩინარებული დამიანები
ადამიანების მასობრივი გაუჩინარების გამო, დაღესტანში შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სადაც ამ პრაქტიკით დაზარალებული ადამიანების ნათესავები გაერთიანდნენ.
ტიპური შემთხვევა
პორტალ “კავკაზსკი უზელის” ცნობით, დაღესტნელი შამილ ჯამალუთდინოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ იგი 27 სექტემბერს მანასიდან კასპიისკამდე მიმავალ გზაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში ჩანერგილმა წყარომ განაცხადა, რომ შამილ ჯამალუთდინოვი უკანონო ფორმირებების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს და მისი დაპატიმრების დადგენილება გამოიტანეს.
თუმცა, დაკარგული ახალგაზრდა კაცის ახლობლებისთვის მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
შამილის მეუღლეს, მადინას მიაჩნია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ საფუძველი, რომ მისი მეუღლისთვის ექსტრემიზმში დაედოთ ბრალი. მადინას თქმით, ის და შამილი ჩვეულებრივი დაღესტნური ოჯახური წყვილია.
ნათესავები ამბობენ, რომ 24 წლის შამილ ჯამალუთდინოვი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ყოველდღიურად, სისხამ დილით სამსახურში მიდიოდა ხოლმე. იგი ცემენტის ქარხანაში მუშაობდა. მადინას ნაამბობით, მათ შემთხვევით შეიტყვეს, რომ შამილი გასული წლის ბოლოდან (თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ) შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფილაქტიკურ აღრიცხვაზეა აყვანილი.
“გასული წლის ოქტომბერში თურქეთიდან დავბრუნდით. რამდენიმე თვეში ბუინაკსკიდან კასპიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე პოსტზე გაგვაჩერეს. ჩემს ქმარს დიდხანს არ უშვებდნენ და მაშინ გავიგეთ, რომ იგი აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი,” – იხსენებს მადინა.
დაღესტანში აქტიურად გამოიყენება რესპუბლიკის მცხოვრებთა პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე აყვანის პრაქტიკა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ხშირად ასეთ აღრიცხვაზე აყვანის მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ადამიანი წვერს ატარებს, ან მეჩეთში დადის. 27-28 ივნისს მოსკოვში გამართული “მრგვალი მაგიდის” მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ძალოვანების დაუსჯელობის ფონზე, მუსლიმების პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე აყვანის პრაქტიკა, სიტუაციის სტაბილიზების ნაცვლად, ახალგაზრდობის გარადიკალურებას იწვევს.
პოლიციელები დიდხანს არკვევდნენ, რას საქმიანობდნენ ისინი თურქეთში. შამილი ძალოვანებს არწმუნებდა, რომ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და იქ გადაღებული ფოტოებიც წარადგინა. მაგრამ ამ განმარტებამ პოლიციელები არ დააკმაყოფილა და პირობა წაუყენეს – აღრიცხვიდან მოსახსნელად საჭირო იყო, რომ ყველა მეზობელს დაეწერა შამილის დახასიათება.
მაგრამ ახალგაზრდებმა პოლიციელების ნათქვამი სერიოზულად არ აღიქვეს და არაფერი იღონეს. თანაც, მადინას თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ მალევე რაიმე პრობლემა არ შექმნიათ.
“მშვიდად სეირნობდა ქალაქში. ვერც ამჩნევდა, რომ უთვალთვალებდნენ. საერთოდ არ ჰქონდა მიზეზი ეფიქრა, რომ ეჭვმიტანილი იყო”, – ამბობს მისი მეუღლე
ცოლის ნაამბობით, გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე შამილი ხასავიურტის მაცხოვრებლებს ცემენტის მიყიდვას დაჰპირებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ადამიანებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ.
4 ოქტომბერს ჰასავიურტელი ჰაშიმ უზდანოვის, პახრუდინ მახაევისა და ისლამ მაგომედოვის ნათესავებმა შამილ ჯამალუთდინოვის ნათესავებთან ერთად დახმარების თხოვნით მიმართეს “მემორიალის” მაჰაჭკალის ოფისს.
“თავიდან გვეგონა, რომ დააკავეს და მის ადგილსამყოფელს მალე გაგვიმხელდნენ; მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებთანაც იმ საღამოს იყო, ტელეფონები გამორთული ჰქონდათ, მივხვდით, რომ, სავარაუდოდ, მოტაცებული იყო”, – ამბობს შამილის ცოლი.
ნათესავები შეეცადნენ, თავად მოეძებნათ დაკარგული ახალგაზრდა. მათ ერთადერთ ხელმოსაჭიდი მასალას მიაგნეს – ვიდეოჩანაწერი მაჰაჩკალის შესასვლელში მდებარე პოსტიდან, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის შამილის მანქანა ქალაქში. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად ოთხივე დაკარგული ახალგაზრდას ნათესავები რამდენჯერმე გავიდნენ მაჰაჭკალის მოედანზე. მათ სხვადასხვა დროს გაუჩინარებული სხვა ადამიანების ახლობლებიც შეუერთდნენ.
ძალოვანები ირწმუნებიან, რომ არც ერთი დაკარგული არ არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მათი ადგილმდებარეობის დასადგენად სისხლის სამართლისა და სამძებრო საქმეებია აღძრული.
“იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ჩატარდება და ჩემს ქმარს იპოვიან. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ჩვენგანი არ დაუბარებიათ დაკითხვაზე საგამოძიებო კომიტეტში. 18 ოქტომბერს უნდა მოეცათ რაიმე ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ “, – ამბობს მადინა.
შამილ ჯამალუთდინოვის ნათესავებმა, უგზოუკვლოდ დაკარგული სხვა დაღესტნელების ახლობლებთან ერთად, რამდენჯერმე ჩაატარეს აქცია მოთხოვნით, დადგინდეს დაკარგულების ადგილსამყოფელი.
14 ოქტომბერს ჰესავიურტში გამართული მიტინგის დროს დაკარგული დაღესტნელების დედებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსება გადაწყვიტეს. ისინი აპირებენ, წინ აღუდგნენ ადამიანების გატაცებას და ამით დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ.
მასობრივი პრაქტიკა
უფლებადამცველთა ცენტრი “მემორიალი” აცხადებს, რომ სამ კვირაზე მცირე დროში, 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში რესპუბლიკაში თორმეტი ადამიანია მოტაცებული – სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.
“გატაცებების ტალღა 2010 წელს აგორდა… აშკარაა, რომ გატაცებები დაიწყო და გაგრძელდა. ადამიანების გაუჩინარების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული”, – “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა უფლებადამცველთა ცენტრ “მემორიალის” დაღესტნის ოფისის წარმომადგენელმა, სირაჟუდინ დაციევმა.
თუკი დაკარგული ადამიანი ორ-სამ დღეში არ გამოჩნდება, და არ დადგინდება, რომ გაუჩინარებული ადამიანი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში იმყოფება, 90 %-ის ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ დაკარგულს ცოცხალს ვეღარ იპოვნიან. ასე მიიჩნევს შამილ ისაევი, “სამართლებრივი ინიციატივის” ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლად იქცნენ (მათ შორის -ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც).
“ან ვერ დადგინდება გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელი, ან მის გვამს მორიგი სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის აღმოაჩენენ”, – “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა შამილ ისაევმა.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურები წლების განმავლობაში ეწევიან გაუჩინარებული დაღესტნელების საქმეების ფაბრიკაციას. ძალოვანები ადამიანების გაუჩინარებას მათი “ტყეში გასვლით” ხსნიან. ასეთ შემთხვევებში აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძალოვანებთან შეტაკებისას ეჭვმიტანილების სიკვდილის, ან თავის აფეთქების შემდეგ იხურება.
ორგანიზაცია “რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა” აღნიშნავს, რომ თუ ძალოვანი უწყებები დაკარგული ადამიანების საძებნელად საჭირო ზომებს არ მიიღებენ, მათი იძულება ევროპული სასამართლოს საშუალებით არის შესაძლებელი.
ზაფხულის დასაწყისში ეს უფლებადამცველი ორგანიზაცია 2012 წელს გატაცებული ორი მაჰაჭკალელის – სირაჯუდინ ალიევისა და ჰაზიმოჰამედ აბდულევის საქმით დაინტერესდა. 2016 წლის ივლისში ევროპულმა სასამართლომ, დაკარგული ადამიანების ნათესავების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, 120 ათასი ევროს გადახდის დადგენილება მიიღო.