"გზადაზგზა ყველაფერი დალეწეს"
ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, პოლიტიკურ-ეთნიკური კონფლიქტი მწიფდება, რომელიც 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს დაიწყო. დაკავებულია 6 ახალგაზრდა (19-დან 24 წლამდე ასაკის), რომლებსაც საარჩევნო უბანზე თავდასხმა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. ექვსივე მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” (მიხეილ სააკაშვილის პარტიის) ახალგაზრდულ ფრთას მიეკუთვნება.
ადგილობრივი აზერბაიჯანული თემი აღშფოთებულია დაპატიმრებებით და სამართლიან გამოძიებას მოითხოვს. კერძოდ, ხალხი ამბობს, რომ მმართველმა ალიანსმა “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატად ადგილობრივი ქართველი თამაზ ნავერიანი წამოაყენა და იგნორირება გაუკეთა აზერბაიჯანელ კანდიდატს, რომელსაც თავად აზერბაიჯანული თემი უჭერდა მხარს.
“ამის შესახებ ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, მაგრამ უმრავლესობა ახმედ იმამყულიევს უჭერდა მხარს, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კენჭისყრაში ადგილობრივი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, მისი დამარცხება კი არჩევნების გაყალბებად აღიქვეს, რადგან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს,” -JAMnews-თან საუბრისას განაცხადა ერთმა მარნეულელმა აზერბაიჯანელმა, რომელმაც აღნიშნული კომენტარი ანონიმურობის დაცვის პირობით გააკეთა.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მასობრივი შეხლა-შემოხლა არჩევნების დღის (8 ოქტომბრის) მეორე ნახევარში დაიწყო და ჩხუბის შედეგად ამ უბანზე არჩევნები ჩაიშალა. იმავე დღეს სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა JAMnews-ს განუცხადა, რომ ხალხმა დაინახა, თუ როგორ შევიდა ერთი და იგივე ადამიანი საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე და ყველა ჯერზე კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე პარტიის დამკვირვებლები, რომლებიც უბნის გარეთ იმყოფებოდნჯენ, აღშფოთდნენ და პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. მათ მოთხოვნები უგულებელყვეს და სკანდალი მალევე გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში, რომელშიც ათასობით ადამიანმა და სპეცრაზმმა მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებული ახალგაზრდები ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს განსაკუთრებულად აგრესიული ქცევით გამოირჩეოდნენ. ისინი ხალხს საარჩევნო უბანში შეჭრისკენ და ბიულეტენების ურნის ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ. ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
დაპატიმრებულებს (მათი სახელები არ ხმაურდება) მეორე დღესვე მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
დაკავებულების ახლობლებს სხვა ვერსიები აქვთ. მათი თქმით, შეიარაღებული სპეცრაზმი დილის 5 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შეიჭრა სახლებში.
“მოულოდნელად ატყდა ხმაური. თავიდან ვერც კი მივხვდით, რა ხდებოდა. ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები; რაც გზად შეხვდათ, ყველაფერი დალეწეს; სახლში აღაფრაფერი დარჩა მთელი,” – ამბობს ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი.
დაკავებულების ადვოკატი, დავით კოკოიშვილი აღნიშნავს, რომ ნაცემია სამი განსასჯელი. იგივეს ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარიაც, რომელიც სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა.
დაკავებული ახალგაზრდების ნათესავები ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა არამხოლოდ დაკავებულებს მიაყენეს შეურაცხყოფა, არამედ მათი ოჯახების წევრებსა და ორსულ ქალებსაც. ბევრი ადგილობრივი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სასამართლო პროცესზე მხოლოდ აზერბაიჯანელები გაუშვეს, თუმცა ჩხუბში ქართველებიც მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად უარყო ადვოკატის ნათქვამი და განაცხადა, რომ შეუძლია, დოკუმენტური მტკიცებულებები (ოქმები, ფოტოები) წარმოადგინოს.
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა JAMnews-ს განუცხადა, რომ ქვემო ქართლში სერიოზული პრობლემების წარმოშობის საფრთხე არსებობს და სახელმწიფომ ამ რეგიონს ყურადღება უნდა მიაქციოს.
“მარნეული ხელისუფლებისთვის ყოველთვის კარგ შესაძლებლობად მიიჩნეოდა. ადგილობრივები სრულფასოვან ამომრჩევლებად არ ითვლებოდნენ და ხელისუფლება მათი თვინიერებით სარგებლობდა. წელს კი ყველაფერი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა.
დადებითი აქ ისაა, რომ ადამიანები განსხვავებულ პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამენ და უბრალოდ მმართველ ძალას არ აძლევენ ხმას.
ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხი ძალიან სენსიტიურია და ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხალხს დაუცველობისა და უსამართლობის შეგრძნება არ დაეუფლოს. სხვა შემთხვევაში კონფლიქტი უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს.”
სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნეს და შაბათს, 22 ოქტომბერს აქ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.
ამას გარდა, ამ კონფლიქტის შედეგად ადამიანებიც დაზარალდნენ – უფრო ზუსტად კი სოფელ ყიზილაჯლოს სკოლის მოსწავლეები. ავად სახსენებელი 48-ე უბანი ადგილობრივი სკოლის შენობაში იყო მოწყობილი, რომელიც ამჟამად ძალიან სავავალო მდგომარეობაშია – ჩხუბის დროს სკოლის ფანჯრების მინების უმრავლესობა ჩაამსხვრიეს, ფანჯრების დიდი ნაწილი დალეწეს და კარი შეამტვრიეს.
გამოქვეყნებულია:19.10.2016