რად უნდა კრემლს რამზან კადიროვი
ჩეჩნეთში კანონდარღვევებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შემთხვევები იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მათზე უკვე კრემლიც რეაგირებს.
რუსული “ნოვაია გაზეტა” წერს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა კრემლთან დადებული კონტრაქტის პრინციპული პირობა დაარღვია, ჩეჩნეთი რუსეთის სამართლებრივი ველიდან გამოიყვანა და რესპუბლიკა აქცია სეპარატისტულ რეჟიმად, რომელსაც ერთპიროვნულად აკონტროლებს. გაზეთში აღნიშნულია, რომ “კადიროვის… როგორც “ეფექტიანი მენეჯერის” დამსახურების ინვენტარიზაციის” დრო მოვიდა.
“ნოვაია გაზეტას” მიხედვით, “კრემლთან დადებული კონტრაქტის” მიზანი ჩეჩნეთის სრული ლოიალურობა იყო. კადიროვს “ორი ძირითადი ამოცანა დაუსახეს:
- ბრძოლა ჩეჩნურ სეპარატისტულ/ტერორისტულ იატაკქვეშეთთან;
- ორი ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენა.”
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უპრეცედენტო ძალაუფლება და მრვალმილიარდიანი დოტაციები მიიღო.
ბოლო დრომდე კონტრაქტის შესრულების შედეგიანობას კრემლი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა. თუმცა, მარტში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი კრემლში დაიბარეს და, როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, რესპუბლიკის “ცხოვრების ყველა სფეროში რუსული კანონების დაცვა” მოსთხოვეს.
“ნოვაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ ყველაზე სერიოზულ სასჯელად “ნდობის კრიზისი” იქცა, რომელიც ნემცოვის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ნემცოვის გარდაცვალების შემდეგ რამზან კადიროვს პუტინთან აღარ აკავშირებდნენ.
ამის მიუხედავად, “კავკაზსკი უზელი” აღნიშნავს, რომ რუსი პოლიტოლოგების უმრავლესობის აზრით, კადიროვს გათავისუფლება არ ემუქრება. რატომ? ამ შეკითხვაზე “კავკაზსკი უზელს” რამდენიმე პასუხი აქვს.
როგორ შეიძლება ჩეჩნეთის მართვა კადიროვის გარეშე?
“როგორიც იყო [ჩეჩნეთში არსებული სიტუაცია კადიროვისა და პუტინის შეხვედრამდე], ისეთად დარჩა. კრემლმა არ იცის, როგორ მართოს რესპუბლიკა კადიროვის გარეშე და როგორ მოახერხოს, რომ ჩეჩნეთში არსებული სიტუაცია მთელ ჩრდილოეთ კავკასიაზე არ აისახოს. საუბარი არაა კადიროვის მიმართ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე. თუკი ხვალ რამზანი ვერ შეძლებს მართვას, პუტინს პრობლემა შექმნება,” – ამბობს მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ალექსეი მალაშენკო.
მისი თქმით, კადიროვი ამით სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს. სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი კადიროვი უტაქტოდ და გამაღიზიანებლად მოიქცევა, მაგრამ მალაშენკოს აზრით, მოვლენების ასეთ განვითარებას არ უნდა ველოდოთ.
პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლმა კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენოს, რადგან მასთან ერთად რესპუბლიკის ხელმძღვანელის გუნდის გათავისუფლებაც მოუწევს.
“რა საჭიროა სიკეთის ძიება, როდესაც სიკეთე უკვე გაქვს?! კადიროვი ხაზგასმით გამოხატავს ლოილურობას და არჩევნებზე საოცარ შედეგებს “ხატავს”… დიახ, ამოცანა შესრულებულია.. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც “მავრმა საკუთარი საქმე გააკეთა და შეუძლია წავიდეს”. ვინ იქნება მაკონტროლებელი? არსებული რეჟიმი ექსკლუზიურად კადიროვისთვისაა შექმნილი. თუკი ვინმე სხვა მოვა და რეფორმების გატარებას შეეცდება, სისტემა ჩამოიშლება,” – “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას აღნიშნა ორეშკინმა.
იგი დარწმუნებულია, რომ კადიროვი კრემლს სჭირდება და მისი წასვლა მხოლოდ პუტინის წასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
კანონის მიღმა
გარკვეული პერიოდის წინ კადიროვმა საჯარო განცხადებაში არაფხიზელი მძღოლები შეადარა “თვითმკვლელ ტერორისტებს, რომლებსაც წელზე ნაღმი აქვთ დამაგრებული”. მან რესპუბლიკაში მცხოვრები ნარკომანების დახვრეტის ბრძანება გასცა. მოგვიანებით ჩეჩნეთის პროკურორმა განაცხადა, რომ კადიროვის სიტყვები “კონტექსტიდან იიყო ამოგლეჯილი”.
პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინის აზრით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რომ რესპუბლიკაში “რაღაც მაფიის მსგავსი” იქმნება.
“დიდი სახელმწიფო მაფიისგან იმით განსხვავდება, რომ მასში დაწერილი კანონები მოქმედებს. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად კარგია ეს კანონები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაწერილი რეგულაციები ფორმალურ ზღვრებს აწესებს და მოქალაქეებისათვის ნებადართულ და აკრძალულ ქმედებებს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, კადიროვმა იცის, რომ ქვეყანაში ადამიანების დახვრეტა არ შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარი სახელმწიფოს ეხება, კადიროვმა კი თავისი რესპუბლიკისგან რაღაც მაფიის მსგავსი შექმნა, სადაც კანონს “კრიმინალური ავტორიტეტის” სიტყვა წარმოადგენს. დღეს ასეა მოსახერხებელი, ხვალ კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება – ამდენდ, არ არსებობს უფლებების დაცვის რაიმე გარანტია,” – განაცხადა ორეშკინმა.
“არ არსებობს ერის ნება, მაგრამ არსებობს ბელადის ნება. მან უკვე მოახერხა ხელისუფლების რამდენიმე ფუნქციის (საკნონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მედიაციის ფუნქციების) შეთავსება. საკულტო და საკრალური ძალაუფლებაც მის ხელშია.”
ჩეჩენი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ
ალექსეი მალაშენკოს აზრით, ბუნებრივია ის, რომ ჩეჩნეთის ძირძველი მოსახლეობა რესპუბლიკის დატოვებას ცდილობს.
“ჩეჩნებს, განსაკუთრებიზთ კი მათ ახალგაზრდა თაობას, ორმაგი ბუნება აქვთ. მათ სურთ, უფრო თავისუფლად იცხოვრონ და რამზანის კონტროლქვეშ არ იყვნენ, მაგრამ კადიროვისგან იმის გარანტია ჰქონდეთ, რომ ის მათ დაიცავს იმ შემთხვევაში, თუკი მათ ვინმე აწყენინებს,” – თქვა მალაშენკომ.
მისი თქმით, ევროპაში გადახვეწილ ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ, მაგრამ ვერც დასავლეთს ეგუებიან.
“ოთხმოცდაათიან წლებში ევროპული დელეგაციები მეკითხებოდნენ, – ჩეჩნები ვინ არიანო, – ახლა კი აინტერესებთ, თუ რა ზომები შეიძლება გატარდეს ამ ხალხის მიმართ. სავარაუდოდ ახალი თაობა შეეჩვევა, მაგრამ ეს პროცესი მტკივნეული იქნება – ამისთვის საკუთარ მენტალიტეტზე უარის თქმაა საჭირო. შვედეთსა და ნორვეგიაში არ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც გროზნოში, არღუნში და მოსკოვშიც კი. ჯერჯერობით კი ჩეჩნები (ევროპის ცხოვრების წესს) ვერ უწყობენ ფეხს და არც სურთ, ასე მოიქცნენ,” – ამბობს მალაშენკო.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, აღნიშნა, რომ კადიროვი და მისი გარემოცვა საბჭოთა სპეცსამსახურების პრინციპებით ცხოვრობენ.
“ესაა ე.წ. “აკვარიუმის პრინციპი”, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი რაც პირადად კადიროვს, მის ნათესავებსა და უახლოეს გარემოცვას ეხება, შეზღუდული სივრცის საზღვრებს არ სცდება… მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – მ.შ. დაუძინებელი მტრებიც. საკმარისია კადიროვის პოზიციები ოდნავ მაინც შესუსტდეს, ეს აუცილებლად იჩენს თავს. გამუდმებული შეურაცხყოფა, დამცირება… – საიდუმლო არავისთვის არის, რომ ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. რამზანი ჯერჯერობით “მაჯისცემას” მიჰყვება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, სიტუაცია მისი კონტროლიდან გამოვა. ეს გარდაუვალია. და მაშინ კი სრულიად არაპროგნოზირებადი ამბები მოხდება” – განაცხადა მან “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.
JAMnews-ის ცნობარი:
- რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს;
- 2016 წლის 18 სექტემბერს გამართული არჩევნები ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ის რესპუბლიკის მეთაურად მესამე ვადით აირჩიეს;
- ადრე რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა მისი მამა, ახმატ კადიროვი , რომელიც 2004 წელს მოკლეს.