შეიხი მირტაგი ასადოვი: უნდათ, რომ დამაშინონ
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს უფროსის, შეიხი მირტაგი ასადოვის 4-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. მუსლიმი შეიხი ამბობს, რომ სუს-ში ის რამდენიმე დღის წინ, მარნეულში ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ გამოკითხეს. გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ მოიწონა ფეისბუკში საპროტესტო აქციის ანონსი და რატომ გააზიარა ის. ასადოვის წინააღმდეგ საქმე საბოტაჟის მუხლით არის აღძრული.
17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 76 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
“ამ პოსტში იყო ასეთი სლოგანი – დარჩი სახლში და დაასიგნალე. აქ ხომ არაფერია კანონის საწინააღმდეგო? მარნეული რაც წითელ ზონად გამოცხადდა, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალიან გართულდა. ხალხი ყოველდღე მოგვმართავს და დახმარებას ითხოვს. მთავრობა კი არაფერს აკეთებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ანონსშიც ზუსტად ხალხის ეს მდგომარეობა იყო აღნიშნული და აქციის მიზანი ის იყო, რომ ამ პროტესტის მეშვეობით ხელისუფლებას ხალხის ხმა გაეგო. სანამ ამ პოსტს გავიზიარებდი, მე თვითონ დავწერე პოსტი, სადაც მთავრობას მივმართავდი, რომ ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მიხედონ. მხოლოდ ჩაკეტვით პრობლემები არ გვარდება. ვფიქრობ, რომ უნდათ ამით დამაშინონ და გამოხატვის უფლება წამართვან,” – ამბობს ასადოვი.
რა მოხდა მარნეულში?
საპროტესტო აქცია – „დაასიგნალე, გააპროტესტე“ მარნეულში 14და 15 აპრილს, კომენდანტის საათის დაწყებისას, 21:00 საათზე გაიმართა. მოსახლეობა კომენდანტის საათის დადგომას ავტომობილების გაბმული სიგნალით შეხვდა. ამ ფორმით მათ მარნეულში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააპროტესტეს და მუნიციპალიტეტისთვის კარანტინის მოხსნა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა-გაყიდვით ირჩენს თავს და იმის გამო, რომ სახელმწიფომ მარნეულში კარანტინი გამოაცხადა, ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი საპროტესტო აქციის ლიდერები, ორგანიზატორები და მონაწილეები არ ყოფილან.
მირტაგი ასადოვის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ საქმეში, რომლის გამოც ასადოვი სუს-ში დაიბარეს, “არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები” და აღძრული საქმე, სავარაუდოდ, მუსლიმი ლიდერების საქმიანობას უკავშირდება.
სუს-ში მირტაგი ასადოვის გარდა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კიდევ 3 დამფუძნებელი გამოკითხეს.
მუსლიმი ლიდერების სუს-ში დაბარება საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა და ფეისბუკში ასეთი შინაარსის პოსტები გაჩნდა.
“აი. მე რომ მუსლიმი ვიყო ახლა, არ შეგრცხვებოდათ ჩემთვის თვალებში შემოხედვა ჩემს მეგობრებს, ქვეყანაში რაც ხდება იმის გამო? რომელიმე მღვდელი სუს-ში დაუბარებიათ ოდესმე სალაპარაკოდ? სიტყვა სეკულარული დაგუგლული აქვს მთავრობას?”
“შემრცხვა, აი სად დაგვხვდა კგბ-ს გავლენა.”
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.