ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ამბობენ ექიმები
აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიკეტება. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, რელიგიური მსახურება არ შეწყდება და არც ზიარების წესი შეიცვლება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ ერიც და ბერიც ორად გაყო: ნაწილი მას მხარს უჭერს და კორონავირუსის გავრცელებაში საფრთხეს ვერ ხედავს, მეორე ნაწილი კი მკაცრად აკრიტიკებს და ჭეშმარიტი რწმენის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 74 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
“ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის,” – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ტრადიციულად, დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რა დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
დღეს ილია მეორემ ფეხთბანვის რიტუალი არ შეასრულა. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, ეს არ არის ისეთი რიტუალი, რომლის შეუსრულებლობაც არ შეიძლება:
“უბრალოდ არ ჩატარდა. მერე რა, ახლა არაფერი ისეთი საიდუმლო არ არის, რომ მაგის ჩატარება არ შეიძლებოდეს.”
ერთადერთი წესი და რიტუალი, რომლის შესრულებაზეც მართლმადიდებელი ეკლესია უარს არ ამბობს, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება და ზიარების წესია. ეპიდემიოლოგების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ადამიანების შეკრება და ერთი ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის, ეკლესია წირვა-ლოცვასაც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს და მრევლსაც ისევ ერთი კოვზით აზიარებს.
ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 19 აპრილს, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიკეტება და სააღდგომო ლიტურგია ისევ არსებული წესით, მრევლთან ერთად ჩატარდება. დიდი ზომის ეკლესიებში მრევლი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, მცირე ზომის ეკლესიაში კი ეკლესიის შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან. საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, რომ კომენდანტის საათი არ “დაარღვიოს” – ეკლესიაში 21:00 საათამდე მივიდეს და კომენდანტის საათის დასრულებამდე, დილის 6 სთ-მდე იქ დარჩეს.
ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივმა გადაწყვეტილებამ საზოგადოება, ტრადიციულად ორად გაყო. საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს სასულიერო პირების და მრევლის უმეტესობა.
“საფრთხე ყველგან არის. შეიძლება ქუჩაში მანქანა დამეჯახოს და მოვკვდე. მაგის გამო სახლიდან აღარ გამოვიდე? აღდგომაზე ეკლესიაში აუცილებლად მივალ, ღმერთი დამიცავს,” – ამბობს 23 წლის მარიამ სეფიაშვილი.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მრევლს სააღდგომო მსახურებებზე ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ თუ ისინი ეკლესიაში “რწმენით მივლენ”, მათზე “არანაირი განსაცდელი არ იქნება”.
“მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა ურწმუნო მთავრობის და ექიმების,” – თქვა მეუფემ.
მან ქადაგებაში ისიც აღნიშნა, რომ კორონავირუსი “ჩვეულებრივი” ვირუსია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უსიმპტომოდ გადაიტანს და დაიღუპებიან მხოლოდ მოხუცები, რომლებიც ისედაც “უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ეპარქიის მონასტრებში სააღდგომო ლიტურგია ღამით ჩატარდება, მრევლის გარეშე. მრევლი მონასტრებში იქ დილით მივა და ზიარებაც, წესისამებრ, საერთო კოვზით ჩატარდება, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არაფერს ცვლის.
ერთადერთი სასულიერო პირი სინოდის წევრებს შორის, ვინც საპატრიარქოს და ეკლესიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველია.
“პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ გადაწყვეტილებაზე, რაც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ, რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, როცა ამ წუთას მრევლს ჩვენ არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები რა იქნება”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა საბამ TV პირველის ეთერში.
ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, არ გვეყოფა საწოლები და აღჭურვილობა – ამბობენ ექიმები
“მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს,” – ასე შეაფასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:
“თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში.“
“დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმები არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი,” – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი კი აცხადებს, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ქვეყანას, შესაძლოა, საწოლი ადგილებისა და ექიმების აღჭურვილობის მარაგი არ ეყოს: „შეიძლება არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე,” – ამბობს ის.
არაფერი საერთო ღმერთთან ამათ არ აქვთ – წერენ ფეისბუკში
ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილების შეფასებისას უფრო რადიკალურები იყვნენ რიგითი მოქალაქეები.
პოეტი პაატა შამუგია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს სიჯიუტე ეკლესიის რეიტინგს საბოლოოდ გაანადგურებს და შიმშილისგან, გაჭირვებისგან და პირადი და საზოგადო ტრაგედიებისგან გამოფიტულ ადამიანებს ის ერთადერთი ღერძიც გამოეცლებათ, რომელიც ეკლესიაში ეგულებოდათ.
“შემდეგ ეს ცარიელი ადგილები შეივსება გაცილებით სახიფათო რაღაცებით, შეივსება რადიკალიზაციით, კრიმინალით, ნიჰილიზმით. თუ გადავურჩით ამ ვირუსებს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უბედურების ერთ-ერთი მიზეზი არის ჩვენი უმდიდრესი და უნეტარესი საპატრიარქო და ჩვენი ჩასვრილი ხელისუფლება, რომელიც მშვიდობიან ხალხთან არის სასტიკი და ბრუტალური და თავისზე რქიანებთან მუხლებზე ხოხავს.
ჩვენ დავინახეთ ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ როგორ იხოხა მუხლებზე ტერორისტებთან – მე მაგათ ტერორისტებს ვეძახი, როგორ შეიძლება ამ შარაგზის ყაჩაღებს მღვდლები ვუწოდო. რა მღვდლები? ადამიანების სიცოცხლეს დებენ სასწორზე,” – ამბობს შამუგია TV პირველთან საუბარში.
“ესენი ქრისტეს კაი ხანია განუდგნენ, არაფერი საერთო ღმერთთან ამათ არ აქვთ, ფულს და ძალაუფლებას ვერ ელევიან, პირველ რიგში ცოდვილთა, უპოვართა და გაჭირვებულთა ღმერთის იდეას, ღმერთის რომელსაც თითქმის არაფერი ებადა.
ოქრო-ვერცხლით მორთული პედესტალიდან ქადაგებენ მშიერი ხალხისთვის თავად მაძღრები და ალაგ-ალაგ ხიზილალით უხსნილებენ დიდმარხვას ხმელ პურს მონატრებულ მრევლს.
კუბოებს რო შეალაგებთ სახლებში ეს “ჩემ ეკლესიას ნუ ეხებით ხალხო” მქადაგებლები, მერე ექიმებთან და კლინიკებთან პრეტენზია არ იყოს,“ – წერს არჩილ მარშანია.
“სხვისი დასნეულება რატომ არაა ცოდვა? თქვენ რა განსაცდელიც გინდათ ის დაითმინეთ, მაგრამ სხვებს რატომ წირავთ? ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაავადებები, რომლებიც ყოველდღიურად აუტანელ ტკივილებს ებრძვიან, რატომ უსპობთ სიცოცხლის შანსს, ეს არაა ტერორიზმი?” – წერს ჟურნალისტი თათია კობიძე, – ”თუნდაც დაიკეტოს ორი კვირა ეკლესია, 70 წელი იყო დაკეტილი კი არა, მართლა ბოსლებად და გომურებად ქცეული ეკლესიები, მაგრამ რამენაირად შემორჩა ხო რწმენა?”
თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ ხალხი ისევ კარგ მამაოს ეძებს:
“აი ჩემი მამაო ასეთი არაა, ჩემი მამაო ისეთია, მეუფე დიმიტრიმ ეკლესიები დაკეტა. გაგიჟდები რა კაცი. მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს არაფერი ეკლესიები არ დაუკეტია. უბრალოდ ღამის წირვა დილას გადაიტანა, რომ უფრო მეტი მრევლი მივიდეს. ინფორმაცია უნდა წაიკითხოს საზოგადოებამ ჯერ და მერე დაგულოს მკვლელები.”
მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ აღდგომის წირვის შემდეგ მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით მათ პეტიცია შექმნეს. “კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული. მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში”, – წერია პეტიციაში.
კორონავირუსით საქართველოში 336 ადამიანია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადის მართვას ვერ შეძლებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. დაიხურა სავაჭრო ობიექტები და აგრარული ბაზრები. აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაჩერდა არაერთი ბიზნესი და დღიური შემოსავლის გარეშე დარჩა უამრავი თვითდასაქმებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 3000 ლარით ათასობით ადამიანი დააჯარიმეს.
საქართველოს საპატრიარქო კი უარს ამბობს, დაემორჩილოს არსებულ წესებს. ჩვეულებრივ აგრძელებს წირვა-ლოცვას და მრევლს ისევ ერთი კოვზით აზიარებს.