ვის ელის სანქციები?
“აზერბაიჯანი: აქვს თუ არა აზრი ადამიანის უფლებებს?” – ასეთი სახელი ჰქონდა ერთ-ერთ მოსმენას შეერთებული შტატების კონგრესში. აზერბაიჯანელმა მომხსენებლებმა სიტყვა Skype-ის საშუალებით წარმოთქვეს, რადგან მათ ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვთ.
15 სექტემბრის მოსმენაზე ერთ-ერთ გამომსვლელად მოგვევლინა ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი, რომელიც თავისი სკანდალური გამოძიებებითაა ცნობილი. მან სხვადასხვა ბრალდებით საპატიმროში 1,5 წელიწადი გაატარა.
“არ გამიშვათ ქვეყნიდან. მე კი სახლიდან გაუსვლელად ვილაპარაკებ თქვენს სამარცხვინო ქმედებებზე, – თავის “ფეისბუკგვერდზე” წერს ხადიჯა, – ამა თუ იმ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დრო და ფინანსური სახსრები მეხარჯებოდა. თვითმფრინავებში დახარჯული დრო მენანებოდა. როდესაც ერთ ქვეყანაში რომელიმე ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, სხვა სახელმწიფოში გამართულ სხვა ღონისძიებას ვაკლდებოდი. ამჟამად კი დღისით ოკეანის ერთ მხარეს გამართულ კონფერენციას ვესწრები, საღამოს კი იმავე ოკეანის მეორე მხარეს გამართულ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას.”
მეორე მომხსენებელი იყო ოპოზიციური პარტია “ეროვნული ფრონტის” ხელმძღვანელის ვაჟი, თიურქელ ქერიმლი, რომელსაც ასევე აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება. “აზერბაიანის მთავრობამ მამაჩემს პასპორტის განახლებაზე უარი უთხრა და, უკვე 10 წელია, რაც მას ქვეყნიდან გასვლას უკრძალავენ, – ამბობს თიურქელი, – მრავალი წელია, რაც ჩემი ოჯახი გამუდმებულ დევნას განიცდის. ბიძაჩემს, რომელიც დაპატიმრებლი გახლდათ, მცირე ხნის წინათ სიკვდილით ემუქრებოდნენ. ასეთი დევნა პარტიის სხვა აქტივისტების ოჯახების წევრების მიმართაც ხორციელდებოდა.
ორივე მომხსენებელმა ილაპარაკა აზერბაიჯანში მცხოვრებ მრავალ (ასზე მეტ) პოლიტპატიმარზე და მოქალაქის უფლებებისა თუ თავისუფლებების (მ.შ. სიტყვისა და შეკრების თავისუფლების) დარღვევის მრავალ შემთხვევაზე.
აშშ-ს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში, რიჩარდ კოზლარიჩმა აღნიშნა, რომ “მშვიდი დიპლომატია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა შეერთებული შტატები, უსარგებლო გამოდგა. “მშვიდმა დიპლომატიამ პოლიტპატიმრები ვაჭრობის ობიექტად აქცია,” – აღნიშნავს იგი.
მცირე ხნის წინათ კოზლარიჩმა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთან ერთად “The Washington Post”-ში გამოაქვეყნა წერილი, რომელმაც აზერბაიჯანულ სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და შედეგად აზერბაიჯანის ამერიკაში მივლენილი ელჩის გამოწვევა მოჰყვა (კონსულტაციის მიზნით).
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სანქციების დაწესების მუქარამ აიძულა აზერბაიჯანის ხელისუფლება, 16 პოლიტპატიმარი გაეთავისუფლებინა. ამდენად, შეერთებულმა შტატებმა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს, რადგანაც დაპატიმრებების ახალი ტალღა და, საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი კიდევ უფრო გააღრმავებს ავტორიტარიზმს აზერბაიჯანში.
სანქციების მხრივ, მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელსაც მისი თანაავტორი ჯიმ მაკგოვერნი (მეორე ავტორი ცნობილი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინია) და პრესა”მაგნიტსკის გლობალურ სიას”, ან უბრალოდ “გლობალურ მაგნიტსკის” უწოდებენ. ეს დოკუმენტი მოიაზრებს სანქციების დაწესებას უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეულნი. კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ მაკგოვერნმა განაცხადა, რომ კონგრესი კანონის განხილვას წლის ბოლომდე დაასრულებს. თუმცა, თუკი ეს არ მოხდება, ჩვენ ადმინისტრაციას მივმართავთ თხოვნით, რომ უფრო გამბედავები იყვნენ და გააკეთონ ის, რისი გაკეთების უფლებაც უკვე აქვთ – დააწესონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებსაც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი.
ოფიციალურმა ბაქომ მოსმენისა და პერსონალური სანქციების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თუმცა, ამის თაობაზე სახელმწიფომ ადრე უკვე გამოხატა მოსაზრება – მაგალითად, გასული წლის კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს, რომელსაც “აზერბაიჯანში არსებული დემოკრატიის აქტი” ეწოდება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩინოვნიკებმა, პოლიტიკოსებმა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა პრესამ პროსომხური ძალების მიერ მომზადებული უწოდა. ამ შემთხვევაში კი, მხოლოდ პროსახელისუფლებო მედიის არაოფიციალური პოზიცია გამოითქვა. ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიამ მოსმენებს პროსომხური აქცია უწოდა და შეერთებლი შტატები აზერბაიჯანში არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
ინტერნეტში თითქმის არავინ განიხილავს კონგრესში გამართულ მოსმენებსა და სანქციებს; აქტიურობენ მხოლოდ ჟურნალისტები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ:
“მთავარია, იმ ბიუროკრატებმა და ლობისტებმა, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტიდან იღებენ ფულს, ყველაფერი არ გააფუჭონ. ისე კი, ალაჰის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება.”
“ნავთობმა ძალა დაკარგა და ახლა დასავლეთმა დემოკრატიაზე უნდა იფიქროს. არაფერია მარადიული.”
ვებგვერდზე, სადაც გამოქვეყნებულია ინფორმაცია მოსმენების შესახებ, ერთადერთი კომენტარია წარმოდგენილი, რომლის ავტორიც მავანი ფიარვიზია:
“ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთი რეჟიმები ყოველთვის თვითიზოლაციის გზას ირჩევენ. აზერბაიჯანმა კი – უფრო სწორად, ალიევის რეჟიმმა, უკვე დიდი ხანია, რაც თვითიზოლაციის გზა აირჩია. ჩვენთან გლობალიზაცია და ევროინტეგრაცია უბრალოდ სიტყვებია. სინამდვილე კი სრულიად სხვანაირია.”
სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ “რეალურ ცხოვრებაში” ჯერ კიდევ კონგრესის მოსმენამდე ელოდნენ მის შედეგებს.
დიალოგი მაღაზიაში.
– ამის შესახებ დიდი ხნის წინათ წავიკითხე. და სად არიან? ამერიკელები ამ სანქციებს ასე რომ არ აჯანჯლებდნენ, ამ დონემდე არ მივიდოდით, – ამბობს ერთი მოხუცი, – უკვე “ზოლოტაია იავაზე” [იაფი რუსული სიგარეტი] გადავედი, არადა ერთი წლის წინათ ოქროს Davidoff-ს ვეწეოდი.
გამყიდველი პასუხობს:
გგონია, ამერიკელები სიგარეტს გიყიდიან ხოლმე?
გამოქვეყნდა 19.09.2016