რისთვის ჩამოდის ჯონ კერი?
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. ვიზიტის ზუსტი დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. სავარაუდო თარიღად ივნისის დასაწყისი დასახელდა. ქვეყანაში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, ამიტომ უკვე სვამენ კითხვას _ რა მიზანს ისახავს ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში?
ჯონ კერის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ამ შეხვედრის შესახებ ჯონ კერიმ ტვიტერშიც დაწერა:
საინტერესოა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ქართველ მინისტრთან ერთად გამართული ბრიფინგი, ჯონ კერიმ _ არა უშუალოდ საქართველოზე საუბრით, არამედ სირიის თემით დაიწყო.
‘ეს იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო აღარ არის აქტუალური დასავლეთში,’ _ წერდნენ ამის შესახებ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
ქერის გამოსვლაში კიდევ ერთი ყურადსაღები დეტალი ის იყო, რომ მას არ უხსენებია რუსეთი საქართველოს კონტექსტში; ამის ნაცვლად, მან ზოგადად აღნიშნა, რომ “ბოლო წლებში საქართველოს ბევრი პრობლემა და გამოწვევა ჰქონდა.
ქართველ მინისტრთან შეხვედრაზე კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოთქვა, მადლობა გადაუხადა ქვეყანას ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება კავკასიის რეგიონის სტაბილურობის საქმეში.
‘მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში მთავარი ყურადღება ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და აყვავებული საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის’, _ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს ხსენება კავკასიის კონტექსტში ქართველი ექსპერტების განსაკუთრებული განხილვის თემად იქცა. რატომ აკეთებს აშშ განსაკუთრებულ აქციენს კავკასიაზე? _ სვამენ ისინი კითხვას.
ის,რომ ჯონ კერიმ საქართველო კავკასიის რეგიონულ აქტორად წარმოაჩინა, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, პოზიტიური ნიშანი არ არის.
‘ბოლო წლებში შეერთებული შტატები, სამწუხაროდ, საქართველოს განიხილავენ როგორც სამხრეთი კავკასიის საკვანძო მოთამაშეს და არა როგორც აღმოსავლეთი ევროპის ნაწილს, როგორც აქამდე იყო. პოლიტიკურად ჩვენი იმ რეგიონთან მიბმა, რომელიც ფეთქებადსაშიშია, იმ დროს, როდესაც საქართველოს სულ სხვა ამბიციები აქვს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებით, მე მგონი, პოზიტიური არ უნდა იყოს’, _ განაცხადა კაკაჩიამ “რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
კაკაჩია შექმნილ ვითარებას ქართული დიპლომატიის პასიურობით ხსნის და ამბობს, რომ ბოლო წლებში იგი ინერციით მიდის, ახალი ხედვებისა და ინიციატივების გარეშე, მათ შორის _შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რომლისთვისაც საქართველოს საკითხი, უკრაინისა და სირიის კრიზისის ფონზე, მისი აზრით, კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.
ექსპერტები კერის ვიზტის საშინაო მნიშვნელობაზეც მსჯელობენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოსალოდნელი ვიზიტი _ ეს არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის გამოხატული მხარდაჭერა, თუ პირიქით, გაფრთხილება, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს?
პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ კერის ვიზიტი, დიდწილად, სწორედ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება და ეს იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები შეეცდებიან, მაქსიმალურად გააკონტროლონ მომავალი არჩევნები, და ხელისუფლებისგან მოითხოვენ, მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
‘რა თქმა უნდა, ჯონ კერის ვიზიტს ხელისუფლება მათი მხარდაჭერის დეკლარირებად წარმოაჩენს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როცა ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირი საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კატეგორიულად გააფრთხილებს, რომ არჩევნები სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს’.
მასალა მომზადებულია “რადიო თავისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით
გამოქვეყნებულია: 17.03.2016