სომხეთი გამდიდრდა
2015 წელი დასრულდა. დროა ეკონომიკური პროცესები შევაჯამოთ _ იყო თუ არა ეს წელი წარმატებული? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, გააჩნია ვინ პასუხობს.
თუ ქვეყნის ხელისუფლება იძლევა პასუხს,ირკვევა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს. 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5%-ია. და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს 2015 წელს უფრო დიდი რიცხვი ჰქონდა ნავარაუდევი, დღეისათვის არსებული მონაცემი ნამდვილი გმირობის ტოლფასია, იმიტომ რომ მსოფლიოს და, პირველ რიგში _ რუსეთის, უარყოფითი ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახებოდა. ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის 4-4,5 პროცენტით შემცირება გამოიწვია.
შესაბამისად, ამ პროცესის უარყოფით შედეგები სომხეთს უშუალოდ შეეხო _ მაგალითად, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით რუსეთიდან გამოგზავნილი ფულადი სახსრები შარშანდელ მონაცემებზე 500 მილიონი დოლარით ნაკლებია.
რუსეთთან ვაჭრობა 14,8%-ით შემცირდა და 989,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ამასთან, ექსპორტის შემცირების მაჩვენებელი (დაახლოებით 30 მილიონი დოლარი) იმპორტის შესაბამის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
მთლიანობაში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 2015 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 პროცენტზე მეტით შემცირდა და მთლიანობაში 3,9 მილიარდი შეადგინა. ასევე, იმპორტი 26,6 პროცენტით შემცირდა და ამჟამად 2 მილიარდ 677,5 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი გასული წლის პირველი ათი თვის მონაცემებით მილიარდ 454 მილიონ დოლარს შეადგენს. ერთი მხრივ, იმპორტის შემცირება საგარეო ვაჭრობის ბალანსზე დადებითად აისახება, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული მაჩვენებლის შემცირება იმპორტის გადასახადებსაც ამცირებს, რაც სომხეთის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას ადასტურებს.
არადა,საპირისპიროს ამტკიცებს ოფიციალური მონაცემები _ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მსყიდველობითი უნარი გაიზარდა. პარლამეტში, ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებელ კენჭისყრაზე პრემიერმინისტრმა ოვიკ აბრაამიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2015 წლის სექტემბერში საშუალო მინიმალურმა ხელფასმა დაახლოებით 185 ათასი დრამი (380 დოლარი) შეადგინა, რაც 7,2 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემი. ამასთან, ფასები იმავე პერიოდში 4,7%-ით გაიზარდა.
იმის თქმა სურთ, რომ ხელფასები ფასებზე მეტად იზრდებოდა, რაც ,ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმის ნიშანია, რომ სომხეთში ცხოვრება გაიაფდა. ამას გარდა, 2015 წლის ბოლოს სიღარიბის შედარებითი მაჩვენებელიც მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ 2014 წელს ჩვენს ქვეყანაში ღარიბების რაოდენობა 2 პროცენტით შემცირდა და წლის ბოლოს 30% შეადგინა.
ცხადია, ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე მონაცემების მიხედვით, სომხეთში 900 ათასი ღარიბი და სიღატაკის ზღვარზე მყოფი 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ღატაკი ადამიანების რაოდენობა 0,7%-ით (ანუ 20 ათასით) გაიზარდა.
ამავდროულად შემოსავლებისა და მოხმარების პოლარიზაციამ ახალ მასშტაბებს მიაღწია და შედეგად, მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი მეტად ღარიბდებიან.
მაგრამ მოდით, უფრო მხიარულ თემებზე ვისაუბროთ. რაც უნდა იყოს, სახეზეა ეკონომიკური ზრდა. რის ხარჯზე აღინიშნა ეს მაჩვენებელი? ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის ჩინოვნიკებს ეს შეკითხვა არ მოსწონთ, რადგან ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობამ უზრუნველყო.
გასული წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობის სფეროს მწარმოებლურობა 11,6 პროცენტით გაიზარდა. თავისთავად, ზრდა კარგის მაჩვენებელია, მაგრამ გავიხსენოთ, როგორი ეკონომიკა გვინდოდა გვქონოდა _ აგრარული? თავის დროზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩვენი ეკონომიკა ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციური უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ პომიდვრის გაზრდის ინოვაციურ მეთოდებზე იყო საუბარი.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდას სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარებამაც შეუწყო ხელი. მთლიანობაში წარმოების სფერო და (მ.შ. სამთო-მოპოვებითი წარმოება) 4.6 პროცენტით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წელს ლითონების ფასი შემცირდა. მაგალითად, სპილენძის ფასმა 25 პროცენტით დაიკლო, რაც იმის ნიშანია, რომ გასულ წელს სომხეთის სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური ექსპლუატაცია განხორციელდა.
სტატისტიკის მიხედვით, უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდა. 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ეკონომიკის არაფინანსურ სექტორში საერთაშორისო ინვესტიციები 141,5 მილიარდით გაიზარდა, რაც დაახლოებით 300 მილიონი დოლარს უდრის. ეს მაჩვენებელი 80 მილიონით (ანუ 27,5 პროცენტით) გაიზარდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი 27 მილიონი დოლარით გაიზარდა (რაც 16,7 პროცენტია) და მთლიანობაში 257 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციების ზრდა, ძირითადად, სამთო-მოპოვებით ინდუსტრიასა და მასთან დაკავშირებული სფეროებში ჩადებულმა კაპიტალმა განაპირობა.
2015 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებები შედგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „სომხეთის ენერგეტიკული ქსელების“ კომპანია „ტაშირის“ ჯგუფისთვის მიყიდვა. კომპანია ტაშირი რუსეთში მომუშავე ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის. ამის შესახებ 30 სექტემბერს განაცხადეს. უცნაური ისაა, რომ ამ შემთხვევამდე ოფოციალურ დოკუმენტებში მყიდველად ოფშორული კომპანია „ლიორმანდ ჰოლდინგ ლიმიტედის“ სახელი ფიგურირებდა.
სხვათა შორის, გარიგებას ელექტროენერგიის გაძვირება უძღოდა წინ. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მიმართული სახალხო პროტესტის მიუხედავად, ელექტროენერგიის ფასი მაინც გაიზარდა.
Ucom-ის მიერ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის, Orange Armenia-ს შეძენა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გარიგებად იქცა. კომპანიებმა მოლაპარაკებების დაწყების თარიღად 22 ივლისი გამოაცხადეს. სომხეთის საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ გარიგება 20 აგვისტოს მოიწონა. ფრანგულმა Orange-მა სომხეთი დატოვა, თუმცა ბრენდი ერთხანს მაინც დარჩება.
წლის ბოლოს თითქმის ერთდროულად დაიდო საბანკო სფეროში ორი, თითქმის იდენტური გარიგება. 8 დეკემბერს ოფიციალურად გაცხადდა, რომ „არმეკონომბანკი“იერთებს ორგანიზაციას „ბი-თი-ეი ბანკი (სომხეთი)“, რომელიც ყაზახური კაპიტალით მუშაობს. მომდევნო დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ინეკობანკი“ გერმანული კაპიტალით მომუშავე „პროკრედიტ ბანკს“ ყიდულობს.
ყველა ამ გარიგებას ერთი კანონზომიერება ახასიათებს _ სომხეთიდან საზღვარგარეთული კაპიტალი გავიდა და მისი ადგილი სომხურმა, ან სომხური წარმოშობის კაპიტალმა დაიკავა. კარგია ეს, თუ ცუდი _ რთული სათქმელია.