შავი კატა
თურქული გემი მუშაობისას, გადაღებულია სოხუმის სანაპიროდან
თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბადმშენის ჩამოგდებით მოსკოვსა და ანკარას შორის სულ უფრო გამძაფრებული კონფლიქტის შემყურე აფხაზებმა არ იციან, რა ქნან. მოსკოვი ერთადერთი სტრატეგიული მეგობარი და პარტნიორია – სრული პაკეტით და, შესაბამისი დივიდენდებით – სოციალურ-ეკონომიკურიდან სამხედრო დახმარებამდე; თურქეთი კი ის ქვეყანაა, სადაც მთელ დედამიწაზე არსებული ეთნიკური აფხაზების 80% ცხოვრობს – 500 ათასი ადამიანი. ეს დიასპორა იქ 150 წლის წინათ, კავკასიური ომის შედეგად ჩამოყალიბდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ატარებს ანკარა მოქნილ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში ქართულ-აფხაზური ომის დამთავრების შემდეგ. თურქეთმა არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ არათუ ხელს არ უშლის მასთან სავაჭრო ურთიერთობას და სოხუმის ოფიციალურ კონტაქტებს მის თურქულ დიასპორასთან, არამედ დროდადრო ჩუმად ხელსაც კი უწყობს თანამშრომლობას.
ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობის ტემპერატურა ნულამდე იყო დაცემული და ელცინის რუსეთი აფხაზეთს მკაცრ ეკონომიკურ ბლოკადაში ამყოფებდა, აფხაზეთის ეკონომიკას მხოლოდ თურქეთთან ვაჭრობა ასულდგმულებდა. იმ წლებში აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის თითქმის 90% თურქეთზე მოდიოდა. და როდესაც 2000 წელს კრემლის ხელისუფლებაში ელცინი ვლადიმირ პუტინმა შეცვალა და რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ კარდინალურად შეიცვალა, თურქეთთან ურთიერთობა (ყოველ შემთხვევაში, სავაჭრო-ეკონომიკური) აფხაზეთის ეკონომიკის მაინც მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. დღეისათვის საგარეო საქონელბრუნვის 20% თურქეთთან ვაჭრობას უკავია.
რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ახლა პირდაპირ ურტყამს ამ ქვეყანასთან აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ალბათ არ გამოვა თავის მოტყუება, თითქოს ‘შავი კატა’, რომელმაც მოსკოვსა და ანკარას შორის გაირბინა, აფხაზეთს არ შეხებია. აფხაზეთი, რომლისთვისაც რუსეთი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია, იძულებული გახდება მოსკოვის სასარგებლოდ დადუმდეს.
და თუ არაფერი შეიცვალა, უეჭველია, სანქციები ერთდროულად რამდენიმე პოზიციას მიაყენებს დარტყმას.
ყველაზე მტკივნეულ დარტყმას თევზის მრეწველობის და ქვანახშირის მომპოვებელი დარგები იგემებენ. აფხაზეთის ეკონომიკურ წყლებში თევზჭერით მხოლოდ თურქეთის სეინერები იყვნენ დაკავებულები, შემდეგ მათ გადაამუშავებდნენ აქვე, ბოლო დროს აშენებულ ოთხ ქარხანაში და მზა საქონელი – თევზის ფქვილის სახით, თურქეთში იგზავნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი დეკემბერში იწყება – თურქული სეინერების შემცვლელის ოპერატიულად მოძებნა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.
კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. თურქული კომპანია ‘თამსაში’, რომელიც, 10 წელიწადზე მეტია, ტყვარჩელის ნახშირს მოიპოვებს, ფაქტობრივად, აფხაზეთის ამ ისედაც დეპრესიული რეგიონის – ტყვარჩელის – ბიუჯეტის მთავარ წყაროას წარმოადგენს. ამ საქმიანობის შეჩერება რეგიონს საკუთარი შემოსავლის გარეშე დატოვებს და გამოიწვევს ტყვარჩელის დაცლას მოსახლეობისაგან.
თურქული ქვანახშირის კომპანია ‘თამსაშის’ ოფისი ტყვარჩელში
თუ არაფერი შეიცვლება, გაკოტრება ელის მცირე და საშუალო ბიზნესსაც, რომელიც თურქული ფართო მოხმარების საგნებით ვაჭრობს. თამაშის ახალი წესები დააზარალებს ასევე იმ კომპანიებს, რომლებსაც თურქეთიდან საშენი მასალები შემოქვთ და ბაზარზე აბსოლუტურად ლიდერობენ.
მაგრამ ამ ‘მედალს’ ცალი მხარე მაინც აქვს – ტურისტული ინდუსტრია მომხდარს ოპტიმიზმით უყურებს. ხუთი მილიონი რუსი ტურისტისთვის თურქეთში დასვენების გზები გადაიკეტა (აკრძალვაში მოყოლილი ეგვიპტეც ხომ არსებობს), და მათი დიდი ნაწილი გეზს უეჭველად აფხაზეთისკენ აიღებს. თუკი კრასნოდარის მხარის კურორტებს მიანიჭებენ უპირატესობას, ტრადიციულ ექსკურსიას რიწის ტბასა და ახალი ათონის მღვიმეში მაინც ვერ აცდებიან.
გარდა ამისა, იქნებ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მეწარმეებმაც ამოისუნთქონ – მათ უკვე მიიღეს გარკვეული სარგებელი იმპორტის ჩანაცვლების რუსული პროგრამით, რომელიც წელიწადზე მეტია, მოქმედებს და რომელიც ევროპული პროდუქციის წინააღმდეგ მიმართული სანქციის შედეგია.
პროცესები დაიწყო, და წინანდელი ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მოსკოვი და ანკარა შერიგების შესაძლებლობებს გამონახავენ.