სიკვდილი, სკამების დემონტაჟი და ხანდაზმულების იძულებითი დეზინფექცია - კორონავირუსი თურქეთში
თურქეთში, 26 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა, 2 433 კი დაინფიცირდა. 24 საათის განმავლობაში, სია თითქმის 600 ადამიანით გაიზარდა.
შუაღამის ტვიტი მინისტრისგან
თურქეთში, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს. ბოლო ცნობებით – COVID-19-ზე ეჭვის გამო, ტესტირება, დაახლოებით, 30 ათას ადამიანს ჩაუტარდა.
ახალი მონაცემების გამოცხადება ქვეყნისთვის ერთგვარი „საათი X“ გახდა. ადგილობრივი დროით, დაახლოებით შუაღამისას, ყოველდღიურად, ჯანდაცვის მინისტრი ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაავადებასთან დაკავშირებით გასული 24 საათის ინფორმაციას აქვეყნებს.
ყოველი ასეთი ტვიტი მომენტალურად სოციალური ქსელების ჰიტი ხდება. მაგალითად, ქოჯას ბოლო ტვიტმა, სულ რამდენიმე საათში 220 ათასზე მეტი მოწონება და 35 ათასზე მეტი გაზიარება მოაგროვა.
თურქეთში, ინფექციის საფრთხის შესახებ, პირველად 12 მარტს ალაპარაკდნენ. სწორედ ამ დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა
თურქეთში, ინფექციის საფრთხის შესახებ, პირველად 12 მარტს ალაპარაკდნენ. სწორედ ამ დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა
თურქეთს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი არ ემუქრება
ამ ინფორმაციიდან უმოკლეს ვადებში, თურქეთმა პრაქტიკულად ყველა მეზობელ ქვეყანასთან ჩაკეტა საზღვარი. უცხოეთიდან სახლში დაბრუნებულ მოქალაქეებს კი კარანტინში ათავსებდნენ.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები საუდის არაბეთიდან დაბრუნებულ თურქებს გამოუვლინდათ – მათ იქ უმმა, ე.წ. პატარა ჰაჯი შეასრულეს.
- ევროკავშირი რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
- კორონავირუსი: გამოცხადდა გლობალური პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
- მოსკოვის მერი: „სინამდვილეში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია“
როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანაში, კორონავირუსი თურქეთშიც პანიკის წყარო გახდა, რომელიც პირველ რიგში, მაღაზიებში პროდუქტების მასობრივ შესყიდვებში გამოვლინდა. დიდ ქალაქებში წუთებში დაცარიელდა სუპერმარკეტების თაროები.
დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით და პირადი ჰიგიენის დაცვის მეთოდებში სხვაობის გამო, აქ ტუალეტის ქაღალდები დიდად არავის მოუმარაგებია.
თურქეთში, ისევე როგორც აღმოსავლური მუსლიმური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, საპირფარეშოში ბიდე გამოიყენება. ტუალეტის ქაღალდს აქ სასტუმროში თუ შეხვდებით.
სამაგიეროდ, მასობრივად შეიძინეს მაკარონი და სხვა არამალფუჭებადი პროდუქცია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყნის შს მინისტრი სულეიმან სოული მსხვილ მომწოდებლებს სისხლისსამართლებრივი დევნით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი მაღაზიების საქონლითა და პროდუქტებით მომარაგება შენელდებოდა.
სკამები, როგორც ბოროტების წყარო
ერთ-ერთი უცნაური ზომა, რომელზეც თურქეთის ხელისუფლება წავიდა, პარკებიდან და ქუჩებიდან სკამების დემონტაჟი გახდა. ასეთი ორიგინალური მეთოდით, მუნიციპალიტეტები ცდილობენ, რომ ადამიანებს შორის კონტაქტს ხელი შეუშალონ.
ადგილობრივთა უდიდესი ნაწილი გაგებით შეხვდა ამ ზომას. სამსახურის გარეშე დარჩენილთა ნაწილი მთელი ძალებით ეწინააღმდეგებიან კარანტინს და ხშირად დროს ქუჩებში, ნაცნობებთან საუბარში ატარებენ.
მათთვის სკამების ჩამოშორება, ბევრის აზრით, ხელს შეუშლის ამ პრაქტიკას, რომელიც ძალიან არასასურველია ეპიდემიის ფონზე.
ხანდაზმულების იძულებითი დეზინფექცია
თურქეთის ხელისუფლება, საზღვრების დაკეტვასთან ერთად, ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ორ ძირითად ნაბიჯზე შეჩერდა: დახურეს გარკვეული ტიპის ბიზნესები და 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს საკუთარი სახლების დატოვება აუკრძალეს.
ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმა 3 150 ლირის ოდენობით (დაახლოებით, 480 დოლარი).
ამ აკრძალვის გამოცხადებისთანავე, სოციალურ ქსელებში მემეები გამოჩნდა. ბლოგერები გვახსენებენ, რომ თურქეთის პრეზიდენტო ერდოღანი უკვე 66 წლისაა.
მაგრამ ზოგიერთებმა ეს აკრძალვა, როგორც მოქმედების სიგნალი ისე მიიღეს და ქუჩაში ხანდაზმულ ადამიანებზე თავდასხმა დაიწყეს, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო გარეთ აღმოჩნდნენ.
დიდი რეზონანსი მოჰყვა ფსიქიკურად ავადმყოფი მოხუცის შემთხვევას, რომელიც ახალგაზრდებმა ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაუკეთეს ნიღაბი და დაასხეს ოდეკოლონი.
Utandıran görüntüler!
— Ensonhaber.com (@ensonhaber) March 24, 2020
Yaşlı adamı durdurup, yüzüne zorla maske taktıktan sonra başına kolonya döktü pic.twitter.com/M4oWF3fwRx
ამ ამბავმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია და ხელისუფლებას ჩარევა მოუწია. არაადეკვატური ბლოგერები დააკავეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მეჩეთებში მასობრივი მსახურების აკრძალვა
თურქეთისთვის უპრეცედენტო გამოდგა მეჩეთებში მასობრივი ნამაზის (ღვთისმსახურების) აკრძალვა. რელიგიურ რიტუალებს ადამიანები ახლა სახლიდან გამოუსვლელად ასრულებენ.
მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ზომები ძალიან გვიან მიიღეს და პირველ რიგში მორწმუნეებსა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება დაიწყო.
„შეცდომა იყო, ასეთ დროს, თურქეთის 21 ათასი მოქალაქისთვის საუდის არაბეთში გამგზავრების უფლების მიცემა. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ინფორმაცია ამ ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების შესახებ.
რაც ყველაზე მთავარია – ე.წ. პატარა ჰაჯიდან დაბრუნებულებიდან კონტროლქვეშ აიყვანეს მხოლოდ ბოლო 5 ათასი მორწმუნე. დანარჩენი 16 ათასი თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას ქვეყანაში“, – წერს გაზეთ Sözcü-ს მიმომხილველი, რაჰმან თურანი.
ემრა ალთინდისმა, აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თურქმა პროფესორმა, გამოცემა BalkanInsight-თან საუბარისას განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევათა განვითარების დინამიკით, თურქეთი, შესაძლოა, ეპიდემიის მასშტაბით „მეორე იტალია“ გახდეს.
„ხელისუფლებამ კარდინალური ზომების მიღება უნდა დაიწყოს“, – მიაჩნია პროფესორს.