საპატრიარქო: ვინც ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უარს ამბობს, უარს ამბობს მაცხოვარზე
“ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!,” – წერია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.
საპატრიარქო ეხმაურება საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ კეთდება აქცენტი ეკლესიაში კვირაში ერთხელ, მსახურებაზე მისულ მოქალაქეებზე, მაშინ, როცა ეკლესიასთან შედარებით, ტრანსპორტში, ან მაღაზიაში უფრო მეტი ადამიანი იმყოფება:
“ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა”.
საპატრიარქოს განცხადებაში ასევე წერია, რომ ზოგიერთი მედია ხელოვნურად ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ეკლესიაა:
“ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.”
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დიდი ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სასულიერო პირებს ნებას რთავს, რომ წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ, ტაძრებში ადამიანებს შორის 2- მეტრიანი დისტანცია დაიცვან, ეზოში კი – 1.5-მეტრიანი.
საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ადამიანებს, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ.
სინოდი ზიარების წესს არ ცვლის – ტაძრებში მსახურება გახმოვანდება
სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო საბერძნეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში ღვთისმსახურებას მრევლი აღარ ესწრება. რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქმაც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის განჩინებით კი, ზიარების წესი არ იცვლება.
სინოდის სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 22 მარტს სამების ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. წირვა-ლოცვას მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ასაკოვანი ადამიანებიც ესწრებოდნენ. ტაძარში შეკრებილ მრევლს სტიქაროსნები აფრთხილებდნენ, რომ დისტანცია დაეცვათ. თუმცა, დისტანციის დაცვა შეუძლებელი იყო. ზიარება საერთო კოვზით ჩატარდა.
25 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.